მოდელირებული დილა საჩხერის სახანძროში - კვირის პალიტრა

მოდელირებული დილა საჩხერის სახანძროში

- ბიჭებო, ხომ იცით, დღეს დაგეგმილი ხანძარი გვაქვს არგვეთში... რამდენჯერმე გამორეცხეთ სახანძრო ავზი, ცოტა ქლორი დაამატეთ...

- "დაგეგმილ ხანძარზე" გუშინ არ ვიყავით გასული უფროსო?

- ნუ ლაპარაკობ ბევრს, ბიჭო, შენ! არ გვეყო ოთხი რეისი, კი გავავსეთ ის ავზი, მარა  მილები არ იყო წესიერად შეერთებული და გეიპარა წყალი მიწაში, ორი რეისი გვაქვს კიდო დასამატებელი. საქმეს მიხედეთ, პრეზიდენტი არ მოგვეწამლოს, თვარა დაგვხოცავს რაიონის ხემძღვანელობა, თვითონ თუ გადარჩნენ ციხეს, რა თქმა უნდა! ხომ იცით, ეს საიდუმლო საფლავში მიგვაქვს ყველას, კრინტი არ დაგცდეთ არც ერთს და თუ ვინმე ინტრიგანმა იკითხა, უპასუხეთ: სახანძრო მანქანა უსაფრთხოების წესებიდან გამომდინარე,  მიდი-მოდის სოფელში-თქვა!

"მუხრანის წყაროსთან" დაკავშირებით, ეს ერთი კვირაა, დიდი მითქმა-მოთქმაა. მოგეხსენებათ, 3 აპრილს ნაციონალურმა არხებმა საზოგადოებას ახალი ამბავი ამცნეს: პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოეტ მუხრან მაჭავარიანისთვის მიცემული პირობა შეასრულა და საჩხერის რაიონის სოფლებში 1000 ოჯახი სასმელი წყლით შეუზღუდავად მომარაგდებოდა.

ვნახეთ სიუჟეტები, სადაც პრეზიდენტი შეხვდა ადგილობრივ მცხოვრებთ, სოფელ არგვეთში მუხრანის ეზოშივე მოუშვა ონკანი და პეშვით შესვა წყალი.

"აქ ჩამოვედი იმისთვისაც, რომ შევასრულოთ მისთვის მიცემული დაპირება. გარდაცვალების წინ მან შეგვიპირა, რომ აქ, გარშემო სოფლებში, ოჯახებში სასმელი წყალი ყოფილიყო. ეს სამუშაოები 1 მილიონ 200 ათას ლარზე მეტი დაჯდა, თუმცა თანხას იმიტომ კი არ ვასახელებ, რომ ვინმეს დავაყვედრო. ეს თქვენი ფულია და ამ საქმეზე ისევ თქვენი ფული დაიხარჯა, მაგრამ ეს საქმე თითქმის ბოლომდე მივიყვანეთ. იმედია, ამ წყალს მუხრანის წყაროს დაუძახებენ." - განაცხადა არგვეთში პრეზიდენტმა სააკაშვილმა. ნაციონალური არხების სიუჟეტები "გაცივებული" არ იყო, რომ რედაქციაში აღშფოთებული არგვეთელი გვეწვია და გვიამბო:

- 2009 წლის აგვისტოში რომ ჩამობრძანდა პრეზიდენტი მუხრან მაჭავარიანთან, მაშინ დაპირდა პოეტს, რომ წყალს გაუკეთებდა სოფელს. მეორე დღესვე გამოაკრეს აბრები, მუხრან მაჭავარიანის სახელობის წყალსადენის რეაბილიტაცია იწყებაო... დაიწყო კიდეც, გამოიყო თანხები, ჩატარდა ტენდერი... ეს იყო 2009 წლის აგვისტოში. 2010 წლის სექტემბერში  პროექტი უნდა დასრულებულიყო. მაგრამ ვერ დასრულდა. გასულ კვირას, უცებ გავიგეთ, რომ სოფელში პრეზიდენტი ჩამოდიოდა წყლის "პრეზენტაციისთვის". გაგვიკვირდა, რადგან ვერ მივხვდით, რა უნდა გაეხსნა პრეზიდენტს, სოფელში წყალი არ მოდის და შემოდგომის შემედგ აღარც სამუშაოები მიმდინარეობს. მივხვდით, რაღაც ფარსში ვმონაწილეობდით.  რა თქმა უნდა, ბევრს გაგვიჩნდა სურვილი, პრეზიდენტისთვის ეთქვა, რომ სოფელში წყალი არ არის, მაგრამ ხალხი პოლიციის მანქანებში ჩატენეს და ზოგი ჭიათურის საზღვარზე დატოვეს, ზოგი კი მთიან სოფლებში აიყვანეს.

- აბა სატელევიზიო სიუჟეტში ხალხი არგვეთელები არ ყოფილან?

- იესთი ხალხი მოაგროვეს, ხმის ამომღები რომ არ იყო... ეგრე სიუჟეტში წყალიც მოდიოდა ონკანში, მაგრამ  არ გაინტერესებთ საიდან? სახანძრო მანქანით აიტანეს, რეზერვუარში ჩაასხეს და პრეზიდენტს სახანძროს წყალი დაალევინეს, თანაც წინა დღით ატანილმა წყალმა მილებიდან გაჟონა და მეორე დღეს დაამატეს ისევ.

ის ახალგაზრდები, ვისაც  პროტესტის გრძნობა გაგვიჩნდა,  კატეგორიულად გაგვაფრთხილეს რაიონის უშიშროების თანამშრომლებმა, სანამ პრეზიდენტი საჩხერის რაიონშია, სოფლის სიახლოვეს არ მოხვიდეთ, თორემ ჩვენ ვიცით და ჩვენმა ბიჭობამო!

- რას გიზამდნენ მაინც, არ უთქვამთ?

- რა ვიცი ან წამალს აღმოვაჩენდით მერე ჯიბეში, ან ეზოში დარგულ მარიხუანას.

სიმართლე რომ ვთქვათ, ობიექტური ინფორმაციის მიღება გაჭირდა, რადგან  ამ აჟიოტაჟს  საჩხერის რაიონის გამგებელი ზურაბ ცერცვაძე გამოეხმაურა და  განაცხადა, სოფელს წყალი 24-საათიანი რეჟიმით მიეწოდება და სასმელადაც ვარგისიაო.

ზურაბ ცერცვაძე:

- ცენტრალური მაგისტრალიდან საკუთარ ეზოებში მოსახლეობის 20%-ს წყალი უკვე შეყვანილი აქვს და სარგებლობს. დანარჩენს კი, ადგილობრივი მთავრობა "სოფლის მხარდაჭერის პროგრამით" სპეციალურ მილების შეიძენის შემდეგ დახმარებას ჰპირდება. წყლის მიწოდებაში შეფერხება, მხოლოდ ელექტროენერგიის გათიშვამ შეძლება გამოიწვიოს."

კითხვაზე, რაში დასჭირდა მოსახლეობას ამისთანა ავანტიურა, თუ სოფელში წყალი მართლაც გაყვანილია, გამგებელმა გვიპასუხა, ანგაჟირებულ ადამინებს რა დალევს ქვეყანაზეო(?)

ისე, საინტერესოა, ამდენმა "ანგაჟირებულმა" რაღა მაინცდამაინც არგვეთში მოიყარა თავი? თუმცა, ფაქტი ის არის, რომ სამუშაოები დასრულებული არ გახლავთ და სოფლის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება, დაპირებული წყალი ვერც სოფელ მერჯევის და სავანეს მოსახლეობამ  მიიღო. ხოლო იმის გარკვევა, წყალი მთავრ მაგისტრალამდე სინამდვილეში მართლაც მიყვანილია, თუ ავზი სახანძრო მანქანებმა გაავსეს, რამდენიმე კვირაში იქნება შესაძლებელი. მას შემდეგ, რაც სკანდალი მიწყნარდება და ეს ამბავიც  ყველას დაავიწყდება, მათ შორის რაიონის ხელმძღვანელობასაც (როგორც საჩხერიდან შეგვატყობინეს, ამ საკანდალის შემდეგ ყოველდღიურად აჰყავთ სახანძროები ავზის შესავსებად, რომ დაინტერესებულ ჟურნალისტებს სავსე ავზი აჩვენონ, იმაში დასარწმუნებლად რომ წყალი მიყვანილია).

რამდენიმე წლის წინ პრეზიდენტს ერთი საინტერსო "ღონისძიება"  ლანჩხუთშიც მოუწყვეს - საცურაო აუზის გახსნაზე დაპატიჟეს.

გურულებმა მიამბეს: "რაფერც იციან ყველაფრის მიფუჩეჩება, ისთე გაარემონტეს აგი 30 წლის წინ გაღლეტილი აუზი. მილები და შიგა კომუნიკაციები კი არ გამოუცვალეს, გარედან შეთხიპნეს და წყალი რომ გუუშვეს, დასკტა მილები და ჟანგით და შლამით გაავსო იქაურობა. პრეზიდენტი გზაში იყო და რაღა უნდა ექნათ, მიაყენეს სახანძროები და საღებავიანი წყალი ჩოუშვეს შით... აუზის წყალს დაამსგავსეს ჟანგიანი წყალი. პრეზიდენტი რომ ჩამევიდა, ქი უთხრა ერთმა ენაგრძელმა ბაღანამ, რაცხას გატყუებენ, მიშა ბიძია, მაგ აუზის გასავსებად პაჟარნიები ჰყავდათ მოყენებულიო. გადირია კაცი და მაგ ამბავს გამგებელი შეეწირა მაშვინ."

გურული რესპონდენტის ნაამბობის გადამოწმება გადავწყვიტეთ და ლანჩხუთის რაიონის ყოფილ გამგებელ ლევან გიორგაძეს დავუკავშირდით:

- ბატონო ლევან, გურულები ამბობენ, რომ საცურაო აუზიც შეღებილი წყლით აუვსეს პრეზიდენტს, რომ მაშინაც მოატყუეს...

- მსგავსი არაფერი მომხდარა.

- აბა, სახანძრო მანქანებს რა უნდოდა საცურაო აუზთან?

- იმიტომ, რომ ქლორი იყო წყალში გასახსნელი და სახანძრო დაგვჭირდა, წყლის ღელვა რომ გამოგვეწვია.

- ამ ამბავზე გურიაში დიდხანს ლაპარაკობდნენ და ტყუოდნენ ვითომ?

- კი ითქვა ამისთანა რამე, დაიწერა კიდეც, მაგრამ ხომ იცით, ხალხი ჭორებსა და ინტრიგას ეძებს.

- თქვენი თანამდებობაც არ შესწირვია ამ ამბავს?

- არა, არავინ და არაფერი შესწირვია.

- ახლა სად მუშაობთ?

- ახლა სასულიერო გიმნაზიაში ორგანიზატორი ვარ...(!!!)

 (სპეციალურად საიტისთვის)