აბიბინებული საჩხერე - კვირის პალიტრა

აბიბინებული საჩხერე

კარგი პატრონის ხელში ხრიოკიც ხარობს

ის, ვინც იბრძვის, იმარჯვებს კიდეც... ამან როგორ შეიძლება არ დაგაიმედოს!

გაუდაბურებულ მიწებიზე წერისას იმ მკითხველზეც ვფიქრობ, რომელიც უსათუოდ მეტყვის, - ნეტა, რა გამიჭირე საქმე "მიწა-მიწას" ძახილით! მიწაში რომ ხეირი ეყაროს, მის დამუშავებას შენ დამასწრებდიო?! მაგრამ ამის მთქმელს ალბათ ბევრიც შეეკამათება, - მიწაა ჩვენი მარჩენალი, ყველანი რომ სადღაც მივრბივართ, იმიტომაც გაგვიუდაბურდა ქვეყანაო! მეც გულშემოყრილს გაზაფხულიდან შემოდგომამდე დამივლია საქართველოს რეგიონები და დაუხნავ-დაუთესავი მიწები რომ მინახავს, - ამას რას ჩავდივართ-მეთქი, - მითქვამს. საქმე იქამდეც კი მივიდა, ზოგი ქართველი გლეხის სიზარმაცეზეც კი ალაპარაკდა.

მადლობა ღმერთს და მადლობა საჩხერელებს, გოჯი მიწა რომ არ დარჩენიათ დაუმუშავებელი, მადლობა ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საჩხერელები საჩხერეში დააბრუნა. საჩხერის აბიბინებულმა ველ-მინდვრებმა ისე გამახარა, უთუოდ უნდა გაგიზიაროთ.

ჩემი დედულეთი აქ არის და აქაური ქვიანი ნიადაგის სიმწირეს ვინ მასწავლის, - თუ თავი არ ჩააკალი, წლის სარჩოს ვერ მოიყვან. ისიც მშვენივრად მახსოვს, საჩხერელები გურიაში დადიოდნენ ჩაისა და ციტრუსის საკრეფად, რომ ამით ნაშოვნი ფულით შვილებისა და შვილიშვილებისთვის რაიმე ეყიდათ. კი, ნამდვილად ასე იყო. ახლა ისიც ნამდვილად ისეა, რომ ამ ხრიოკში კარგ მოსავალს იღებენ. ამას მაშინვე მიხვდები, საჩხერისკენ მიმავალ გზაზე, პირველ მაღალმთიან სოფელ კორბოულიდან საჩხერის მიწებს რომ გახედავ, - გოჯს ვერ დაინახავ მოუვლელ-მოუხვნელს. ის კი არა, შორს გორებზე უკვე გაოქროსფერებულ სათიბებში აქა-იქ, ლურჯ გორის თავებსაც მოვკარი თვალი - მანდ ხახვია დათესილი, ხახვს მშრალი და მაღალი ადგილები უყვარსო. სად გორები და სად ხახვი, სოფელში ვარ გაზრდილი და გორებზე დათესილი ხახვი არც დამსიზმრებია-მეთქი! ნამდვილად ხახვიაო! ხახვის ნათესებს სათიბები მოჰყვებოდა, სათიბებს - მოვლილი ვენახები, სიმინდის ყანები, ბაღები...

გულმა აღარ მომითმინა, მიკროავტობუსი გავაჩერებინე და სოფელ შალაურამდე სათიბებით დავეშვი. გზადაგზა მთიბავებს მივესალმე და ორ 13-14 წლის ბიჭსაც დავეწიე, - სოკოთი სავსე კალათები  რომ მიჰქონდათ, ოღონდ ისინი სათიბებში კი არა, გან-გან მოსდევდნენ გორებს. თავიდან კი ვიფიქრე, - აბა, ამათ უყურე, მაინც ბავშვები რომ არიან როგორ ეტყობათ, ამ პაპანაქებაში გზას იგრძელებენ-მეთქი! მაშინვე შემრცხვა, - მივხვდი, რომ ჩემსავით სათიბზე კი არ მიჯლიგინობდნენ, ბილიკს მოჰყვებოდნენ და ბალახს ზოგავდნენ. მათი შემხედვარე მეც განზე ვიდექი და - ბიჭებო, სადღაც აქ მიწაში ჩადგმულ მუხის კასრში წყარო მახსოვს, ვერ მიმასწავლით-მეთქი? KvirisPalitra.Geკოდის წყალზე ამბობთ, დეიდაო? წამოგყვებით, მაგრამ კოდი ამას წინათ წყალდიდობამ ამოსილა, ახლა წყალი ხის ქვეშ ამოვიდაო. მერე ეს ხეც ვნახეთ, ვიღაც მადლიანის დატოვებული ჭიქა პირთან მიტანამდე ყინულიანი წყლით დაიცვარა - ნეტა, კოდს აღარავინ ამოწმენდს? - თქვენ ალბათ არ იცით, აქ რა ლამაზად ამოდიოდა წყალი-მეთქი. როგორ არა, წვიმას კოდი სხვა დროსაც მოუსილავს, მაგრამ ხალხს ამოუწმენდიაო და სოკოიან კალათებს დაავლეს ხელი, - აბა, დავიძრათო.  - ტყეებში ამდენი სოკოა, რომ ამხელა კალათები  დაგივსიათ-მეთქი?- ვკითხე.

- იმდენია, ფეხს ვერ აარიდებო მომაძახეს და  თავისი უბნისკენ გადაუხვიეს. თვალი გავაყოლე - აი, რატომ აქვს ჩვენს მიწა-წყალზე მტერს თვალი გამოქაჩული - თუ  ხელს გაანძრევ, მთა-ველი და ტყე ბარაქით არის სავსე. მეტი სიმდიდრე რა გინდა, თუ ამქვეყნად მოხვედი. ამ სიმდიდრეს მიტოვება კი არა, კარგი პატრონის ხელი და გამოყენება უნდა. აი, საჩხერის სოფლებს აღარავინ ტოვებს, პირიქით, უკან ბრუნდებიან და ახალ სახლებსაც აშენებენ, -  ჩემს პატარა სოფელშიც ახალი სახლები წამოჭიმულა.

ერთი თბილისიდან დაბრუნებული კაცი ზურაბ ბუსხრიკიძე სოფლის წყაროსთან, აშრიალებული ტირიფების ჩრდილში იჯდა.  გამიღიმა, მე კი სალამი წესიერად ვერ ვუთხარი, ისე გამიკვირდა წყაროსთან გაჩენილი ტირიფების ტყე, - ეს აქ საიდან გაჩნდა-მეთქი! ამის გაჩენას რაღა უნდოდა, ტირიფი ადვილად იზრდება, - ხუთი წლის წინ ტირიფს ტოტები შევატეხე, ჩავარჭვე და აჰა, ტყეც გაშენდაო. ამასობაში წყაროსთან თეთრი კურდღელიც გამოხტა სკუპ-სკუპით, პატარა ბიჭი მისდევდა. ახლა იმან გამაოცა, - ეს რაღაა, გარეულია თუ შინაური-მეთქი. ზურაბ ბუსხრიკიძემ, - აქ კურდღლები ბევრს ჰყავს, პატარა ბიჭები ზრდიან და ყიდიანო. გაგიკვირდათ არა? არადა, რა ვქნა, გეფიცებით, ასეა.

თუმც ისე არ გაგვიგოთ, საჩხერელებს არაფერი უჭირთ, - აქაც ჩვენი ქვეყანაა, კანარის კუნძულები კი არა, - საჩხერეში ხალხი მშენებლობებზეა დასაქმებული და შრომით თავის რჩენა შეიძლება, თორემ პრობლემები აქაც არის, - კვერეთში მიწასთან გასწორებული განთქმული აბანოები რომ ვნახე,  გული დამეწვა, - ჟენია მოსიაშვილმა შემომჩივლა, - ეს ჩვენი მთავრობა სულ ტურისტებს გაიძახის, მაგრამ ჩვენკენ არ იხედება, მეტი რაღა უნდათ, - კვერეთისა და სხვიტორის აბანოებში ათასობით ტურისტი ჩამოდიოდა, ავადმყოფ სახსრებს ჩვენც აქ ვირჩენდით, ახლა აბანოების ადგილზე ნანგრევები დარჩაო.KvirisPalitra.Ge

ბებია, ეგ აბანოები  კერძო პირმა უნდა შეისყიდოს და აამოქმედოს, მერე თქვენც ისარგებლებთ და სხვაც-მეთქი... და ჟენია ბებიამ ხელი ჩაიქნია, - სხვიტორის აბანო  ჩალად იყიდა ვიღაცამ, მარა კიდე უარესი ქნა, -  გააკეთა კი არა, აქეთ დააძრო ყველაფერი და გაყიდა, ახლა არც სხვას უშვებს იქამდე და არც თავად არის რამის გამკეთებელიო. და თავისი "კაჩკა" დაძრა, რომელიც საჩხერიდან "მარშრუტკით" ამოზიდული ტომარა ფქვილით, ზეთით, შაქრით და სხვა პროდუქტებით დაეტვირთა. მარტო მიდიოდა და  შევწუხდი, - დაიცათ, მე წაგაღებინებთ-მეთქი, მაგრამ ჟენია ბებიამ ხელი ამიქნია.

- აბა, აქეთ მიყურე შვილო, 80 წლის ქალი ვარ და დღე არ ყოფილა, ასე არ მემუშაოს, ტყეში რომ გავრეკავ ძროხას, იქიდანაც არ წამოვალ ცარიელი, ან ფიჩხს წამოვიღებ, ან სოკოს, სახლშიც მიშლიან, თავს ნუ გვჭრიო, მაგრამ ვერ დავიშლი... რომ არ ვიმუშაო, დავწვები და ვეღარც ავდგებიო და... ის წავიდა.KvirisPalitra.Ge მე აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმისკენ გავწიე, - სხვიტორში ჩამევლო და იქ არ შევსულიყავი, თავი სად გამომეყო.  იქ კი აკაკის დროინდელ კაკლის ქვეშ  გიორგი მაჭარაშვილი დარდობდა, - მთავრობას მუზეუმის საგამოფენო დარბაზი უნდა გადაეხურა, მაგრამ საქმის გამკეთებელი არ ჩანს, შენობაშIი  კი წყალი ჩამოდისო. მე ვუთხარი, - ბატონო გიორგი, მთავრობას  მოსვენება არ უნდა მისცეთ, თორემ ვინ იცის, სულაც მიივიწყა თქვენი გასაჭირი-მეთქი.

განა მართალი არ ვარ? ის, ვინც იბრძვის, იმარჯვებს კიდეც. საჩხერელებსაც ხრიოკთან ბრძოლაში ხრიოკისთვის კუდით ქვა უსროლინებიათ. ამან როგორ შეიძლება არ დაგაიმედოს!  მეც იმედით სავსე გულით დატოვე იქაურობა!