მყინვარი ნისლს გადაიგდებს და დედამიწაზე ზეციური სამოთხე გამოჩნდება - კვირის პალიტრა

მყინვარი ნისლს გადაიგდებს და დედამიწაზე ზეციური სამოთხე გამოჩნდება

თავად განსაჯეთ, ასეთ სამშობლოს როგორი მოვლა და შენახვა უნდა...

ეს სახლები აქაური ქვისგან ისე ოსტატურად არის ნაშენი, გული გეტკინება, რომ დაცარიელებულია და იშლება

"რატო ასი წლის წინათაც ასე არ დავსდევდით ძროხას"

თუ გული სტეფანწმინდისკენ გაგიწევთ და მერე მთის ბილიკებსაც შეუყვებით, ადვილად მიმიხვდებით, რა ძნელია ამ სილამაზის აღწერა. ამიტომ ამ წვალებას თავს ვანებებ და მწყემსად წასულ ალექსანდრე ყაზბეგს ვიხსენებ, - რა გააოგნა ფრანგი ვაჭრები, - აქ ყველა მწყემსი ფრანგულად ლაპარაკობსო! ისე კარგი სანახავი კი იქნებოდა მწყემსების "ფრანციცული" გადაძახილის წარმომდგენი მათი განცვიფრებული სახეები!

განცვიფრებას სტეფანწმინდისკენ მიმავალი ტურისტების თვალებში ისევ წააწყდებით. ამიტომაც ყოველ ნაბიჯზე ფოტოაპარატებს აჩხაკუნებენ. თუმცა მოხევეები ამ ჩხაკუნს აინუნშიც არ აგდებენ, - მიაბიჯებენ ქვა-ღორღიან გზაზე და მიაქვთ თავიანთი საზრუნავ-საფიქრალი. მე შენ გეტყვი, არა აქვთ. მაგრამ ახლა ამაზე აღარ ვილაპარაკებ - სოფელ გერგეთიდან მთებს რომ გახედავ, ზეციური სამოთხე მოჩანს, - ერთ მხარეს გერგეთის სალოცავია, მეორე მხარეს - მყინვარწვერი. ამიტომაც გერგეთის აღმართზე გული მეც არ მითმენს და ფოტოაპარატს ვიმარჯვებ..

- ეხლა კარგად გამოჩნდების მყინვარ, ნისლ არ აკრავს, - მეუბნება ჩემი მასპინძელი კატო.

-  ვხედავ, ვხედავ,  მაგრამ ახლა იმას ნუ იტყვი, - რად გვინდა ეგ სილამაზე, თუ ჩვენ არ დაგვეტყობა. მილეთის ტურისტი დადის გერგეთისაკენ, მაგრამ გზაც არ გაუკეთებიათო.

- მაგას რაისთვის ამბობ, როგორ თუ არ გვეტყობის? ხალხი ბინებს ქირაობს, პურის ფულ ხომ მაინც არის!

KvirisPalitra.Ge- ახლაც ისე კი დასდევთ კლდეებზე გამოკიდებულ ცხვარ-ძროხას, როგორც ათეული წლების წინ...

- რატო საუკუნეების წინათაც ასე არ დავსდევდით. მა, რაგვარ უნდა ვსდიოთ?!

- ერთი ეს მითხარი, სოფლის ბოლოში რომ თქვენებური ქვით ნაშენი ძველი სახლები ჩამოშლილა, რა მოხდა, ხალხმა მიატოვა, თუ დანგრევა დაეზარათ და

იქვე, გვერდით, ახალ სახლებში გადავიდნენ საცხოვრებლად?

KvirisPalitra.Ge- ახალში გადავიდნენ. ძველის დანგრევა რათ გინდა, უშნოა?

- არა, რას ამბობ! ძველი სახლები აქაური ქვისგან ისე ოსტატურად არის ნაშენი, გული გეტკინება, რომ დაცარიელებულია და იშლება. ერთგან კარის წირთხლზე ქვაში ამოკვეთილი გველიც ვნახე. ეს რას უნდა ნიშნავდეს?!

- გველი ფუძე-კერის ანგელოზია. მაგის მოკვლა არ შეიძლებოდის. ახლა კი კვლენ.

- ახლა ესეც მითხარი, ცხვარი ბევრია სოფელში?

- უცხვროდ ვერ ვიქნებით, ისეთი ბევრი არ არი, ადრე რო იყო, ოჯახისთვინ გვყავს.

- რატომ, ახლა ცხვარი ნაკლებსარგებლიანია?

- ეგრეა. მაგრამ იქნება-და, მომავლში არ იყოს ეგრე, - ცხვარი დალოცვილია. აიმ კლდეს ხედავ? იქ ჰქონდათ გომიაშვილებს ცხვრის სადგომი. ასი სულის ნაწველი რატომ 3 კილომეტრზე  არ გადმოჰქონდათ იქედან!

- რას ამბობ, იმ კლდეებზე?! მაგრები ყოფილან!

-  მაგრები არიან ახლაცა. კარგი შვილი და შვილიშვილი ჰყავთ. ბევრი სხვაც კარგი გვარია ხევში. იმად არის კარგი ეს მიწა.

- მაშინ წავალ და კარგ ხალხს გავიცნობ, - ვეუბნები კატოს და მტვრიან გზას მივუყვები - გადამდებია იმედი. მართალია, უგზოობისგან გვარიანი ბუღია, მაგრამ თუკი მტვერს გასრიალებულ ტრასაზე გამოზრდილი უცხოელები იტანენ, მე რას  მიხამებს. თანაც გარშემო ისეთი სილამაზეა.. პიტალოებზე შეფენილი ალპურყვავილებიანი სათიბები და კარტოფილის ნათესებიც კი სამოთხესავით მოჩანს - ხევში თივისა და კარტოფილის გარდა, ბევრი არაფერი მოდის და აქაურებიც ასე ხუმრობენ: - გითხრათ, ხევში რაი ხარობს?

- რა?

- ჩამოსული იმერელი - ბევრი რძალი გვყავს იქაური და ... ჯარიახოს კარტოფილი.

- ეგ ხომ ქისტეთის სოფელია?

- ჰო. ადრე იქიდან მოგვქონდა კარტოხის თესლი.

- ის როგორ იყო, იმერელმა რომ თქვა მოხევეებზე?

- ხოო, - აგრძელებენ ისინი, - რუსის ჯარი რომ შემოდიოდა 1921-ში, სტეფანწმინდას მოადგა. იქ ზარბაზნები გვედგა. ზარბაზანა რომ ცხელდებოდა, იმერელს წყალი დაჰქონდა და ასხამდა. ერთხელაც  ერთი მოხევეღა შერჩა ხელში, -  ის ერთიღა ისვრის ზარბაზანს. სხვა მოხევეები დახოცილები ჰყრიან. ერთი-ორი მოღალატეც გაქცეულა. დაუდგა იმერელი გვერდში მოხევეს და  გააქუსლინეს რუსებს ხეობიდან. მერე დასხდნენ მოხევე და იმერელი პურის საჭმელად და იმერელმა სთქვა, - ჯერ მოხევეებს გაუმარჯოთ, მერე - ყარტაყურტა ქართველებსაო.

-  მართლა კარგები ხართ თქვენი ხევიანად. თქვენ ის მითხარით, წელს თუა ისეთი ზაფხული, ხილმა დამწიფება მოასწროს - ბარში მოლეული ალუბალი აქ  კვირტში ძლივსაა გამოსული. ალუბლის მურაბა გექნებათ წელს?

- თუ არ გვექნება, ჭირმა წაიღოს, მურაბას რა თავში ვიხლით.   ეხლა რომ დარიალის გზის გაკეთება დაიწყოს, ნეტავი იქ სამუშაო მისცენ ჩვენს შვილებსა.  "კამაზები" უჟანგდებათ ეზოებში, ამათმა კი მანქანები სომხეთიდან ჩამოხვეტეს - დიდკუზაოიანები გვინდაო.

- ნუ დარდობთ, აქ დიდი სამუშაოებია და თქვენი შვილებიც აუცილებლად დასაქმდებიან.

- ჰო, ჰო, აგრე. იმედიანი რამ გვითხარი, - მეუბნებიან ისინი.

და მეც  ვეუბნები, - ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი. გულში კი მეც ცოტა მეშინია, - ჩვენ რომ სამშობლო გვაქვს, ყველანაირ ოქრო-ვერცხლზე საფრთხილოდ შესანახია, მაგრამ ვინახავთ კი?!