"ბიბლუსი" ზღვაზე" - კვირის პალიტრა

"ბიბლუსი" ზღვაზე"

"წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები"

"ყოველთვის ვოცნებობდი მოგზაურობაზე. ვერ მოვახერხე. თუმცა ნეაპოლში ნამყოფი ვარ, პარიზის რომანტიზმის სურნელიც ვიცი და იაპონური სიკვდილიც შუა ზაფხულში. ბათუმი ხომ ნიცასა და სინგაპურზეც უკეთესია? ნიცას თავისი ფერი აქვს. არ ვყოფილვარ, მაგრამ არც გატყუებთ. აი, წიგნები მიჭირავს ხელში და ყველაფერი ვიცი", - მეუბნება ახალგაცნობილი ქალბატონი. წიგნები "ბიბლუსის" დახლებზე შეუძენია და ზაფხულიც "ამამაღლებელ თავისუფლებასთან", წიგნებთან ერთად გაუტარებია.

განა მშვენიერი არ არის გარუჯვა წიგნით ხელში და სამყაროში მოგზაურობა? ჰოდა, ვისაც ასე საინტერესოდ გართობა სურს, "ბიბლუსი" იოლ გამოსავალს სთავაზობს: წიგნები ბათუმსა და ქობულეთში პირდაპირ ზღვის სანაპიროზე იყიდება.

KvirisPalitra.Ge"ბრმათა ქვეყანა", "სიკვდილი შუა ზაფხულში", "სინდბადის მოგზაურობა" - შორიდან ვკითხულობ ბულვარის მზემოკიდებულ სანაპიროზე გაშლილ დახლზე გამოფენილი წიგნების სათაურებს, ვხედავ ქოლგას წარწერით - "ბიბლუსი" და ლამაზ გამყიდველ გოგონას მაისურზე ნაცნობი წარწერით - "წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები".

- დედა, აი, ეს წიგნი უნდა მიყიდო, -   მოითხოვს პატარა გოგონა და "ბიბლუსის" დახლიდან ფერადნახატიან წიგნებს იღებს.

დედა, ქალბატონი თამარ ვეფხვაძე, ამბობს, ბულვარში წიგნის ღია ბაზრობა შესანიშნავი იდეაა. მით უფრო მაშინ, როცა წიგნს იგივე ფასი აქვს, რაც "ბიბლუსის" მაღაზიებშიო.

ნესტან კაკალაძე "ბიბლუსის" წიგნებს ბულვარის მთავარ შესასვლელთან ყიდის. ღიმილით მეუბნება, დღის განმავლობაში დაახლოებით 60 წიგნს ვყიდიო. მოსწონს, როცა დახლთან მყიდველი ჩერდება და წიგნის შესახებ უამრავ კითხვას უსვამს.

- ვფიქრობდი, ახალგაზრდები წიგნებს აღარ კითხულობენ-მეთქი, მაგრამ ასე არ ყოფილა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ყიდულობს წიგნებს, განსაკუთრებით მსოფლიოს რჩეული მოთხრობების სერიას ეტანებიან. კარგად იყიდება ლალი მოროშკინას წიგნებიც, - ამბობს ნესტანი.

დახლს ახალგაზრდები მოადგნენ. სტუდენტები - მარიამ ნიკაჭაძე და თამთა ჩხარტიშვილი ზღვაზე გასარუჯად მიდიან, მაგრამ წიგნებს გვერდი ვერ აუარეს - კარგი წიგნი ზღვის ბუბუნთან ერთად ყველაზე კარგად იკითხებაო. დახლზე ოსკარ უაილდი შეარჩიეს და დაგვემშვიდობნენ.

მარი ქავთარაძე, პროექტის "ბიბლუსი" ზღვაზე" მენეჯერი:

- "ბიბლუსი" ზღვაზე" მედიასახლ "პალიტრის" ორგანიზებით აგვისტოს დასაწყისიდან მოქმედებს. წიგნის სამი ღია დახლი ბათუმის ბულვარში გვაქვს, სამი - ქობულეთის სანაპიროზე. გამყიდველებად, ძირითადად, სტუდენტები დავასაქმეთ. ღია მაღაზიები დილის 9 საათიდან საღამოს 9 საათამდე მუშაობენ. წიგნები ყველა ასაკისა და გემოვნების მკითხველისათვის შევარჩიეთ. აქცია 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მართლაც რა სჯობია პლაჟზე წამოწოლას და წიგნის კითხვას!

ჯაბა ანანიძე