მითხარით, როის და აგერ ვარ! - კვირის პალიტრა

მითხარით, როის და აგერ ვარ!

გუნების გამოსაკეთებლად, თუ დამიჯერებთ, დოლ-გარმონი არ დაგჭირდებათ - ერთი წაუღიღინეთ, "გურიაში მივალ, მარაო" და ფეხები თავისით აცეკვდება. ანდა, მართლა წადით გურიაში - ჩაალაგეთ ბარგი და "დააწექით" შარას, თან სტუმრებიც გაიყოლეთ. მე, მაგალითად, ორი მეგობარი გავიყოლე - ერთი ჩემი ნაცნობი გურული მანქანით ოზურგეთში მიდიოდა და რა მენაღვლებოდა, ჩვენც წავყევით! მოკლედ, გავცდი სამტრედიას და "შევუბერე"... "გურიაში მივალ, მარააა..." და... რა იყო, შე ქალო, სმენა თუ არ გაქვს, სინდისიც გამოგელია?"შემიბერეს" მეგობრებმაც და ყურები გვერდზე გასწიეს. მეც ახლოს მივუჩოჩდი და,  - "სულმა წინ, წინ გეიპარააა... მივსდიე და არ გაჩერდა, არც მიიღო ქრთამად ფარააა!"

- ნაღდი გურული ხარ! - ჩაიქნიეს ხელი მათ და სარკმელში დაიწყეს ყურება, - ტრასაა, მაგრამ რა ტრასა - ასე, 15 წლის წინ, საქართველოში მარტო ქვა და გოროხი რომ დაგორავდა, მაშინ გაიყვანეს, ჩვენ რო ვიცით, იმ გურულის ბრძანებით. ის კი გაიძახოდა, - ეს ლანჩხუთი-ბათუმის ტრასა რომ გამყავს, გურულების მხარდაჭერა არ დამაბრალოთ, ბათუმის ხათრით ვაკეთებო. ეგება, მართალიც იყო, - ბათუმი ახლანდელ პრეზიდენტსაც თავს ურჩევნია, დიდი-დიდი გურიაში ტრასაზე ჩაიაროს და ეგ არის!

- რა უჭირს მერე, მაი გვყავდეს ჯანმრთელად და არ მევიკლავთ თავს გურულები, - რიხიანად ამბობს მძღოლი და ტრასაზე მიქრის.

- ნელა იარე, ბიჭო, საგიჟეთიდან გამოვარდნილივით რომ გარბიხარ, შენ რა გურიაში გინდა შეასწრო?! - ვუღიმით ჩვენ.

- მაი, რაფერაა,  გურული რომ გამოიქცა საგიჟეთიდან და ექიმები გაეკიდნენ, - არიქა, შეგვასწრებს გურიაში და მერე რაფერ ვიცნობთო?! - უხარია მძღოლს და ამასობაში ლანჩხუთის ცენტრშიც შევდივართ.

- თქვენ თუ იცით, აი კაცი ვინაა, - გვეკითხება ამაყად.

- რომელი კაცი, - კისერს ვიგრძელებთ ჩვენ, - სად ხედავ აქ კაცს?!

- აბა, ვინაა აგერ წამოჭიმული?! - უკვირს მძღოლს და ქანდაკებას გარს უვლის, - ა, ნაღდი გურული, რა ვაჟკაცია, ვერ უყურებთ! აგია ჩვენი, გადარეული გურულების სიმბოლო.

- მაგ ძეგლზე ის ანეკდოტი გამახსენდა: გურულს რომ ეუბნებიან, რევოლუცია მოვაწყოთო და, - როის, როისო გაიძახის, იმფერი გურული იქნება მაი კაცი, - ვაზუსტებ მე.

- აგაშენა ღმერთმა, როის დევიწყოთ, მითხარით და აგერ ვარ მეც! - ცქმუტავს გულანთებული მძღოლი.

- თუ კაცი ხარ, გვითხარი, მაგ გადარეულ გურულს ხელში რა უჭირავს და შენთვის მოვკვდებით, - ინტერესდებიან ჩემი მეგობრები.

- აფერი, კეტია! - განმარტავს ისიც და პიპინ-პიპინით აგრძელებს გზას, - დავაწვეთ ახლა ოზურგეთისკენ, თვარა, ვერ მოასწრებთ ამეღამ ადესის დალევას!

- თუ არა, მოგასწრებინებენ, - შემოიტანენ სამ ჭიქას ფოდნოსით, გახუხინებენ ერთად და მოგჭამა ჭირი...

- აბა, სადაა გურიაში მთელი ღამე სასმელი ღვინო?! - იცინის მძღოლი და ოზურგეთისკენ მიქრის, - ლანჩხუთში ხომ მაგარი ბიჭი განახეთ, ახლა ოზურგეთი უნდა განახოთ.

- იქამდე სადმე, ჯიხურთან გააჩერე, სიგარეტს ვიყიდით, - სთხოვს  ჩემი მეგობარი, - აი, მგონი, ჯიხურიც გამოჩნდა. გააჩერე, რა.

და... ვაჩერებთ.

KvirisPalitra.Ge- აბა, თქვენ იცით, არ დააკლოთ ფილტვებს პაპიროზი, - გვმოძღვრავს მძღოლიც და უცებ თვალი ფიცრულზე მიკრული განცხადებისკენ გაურბის - შეხედე, ბიჭო, აქანე პაპიროზი კი არა, ჩარიცხვა  ყოფილა. რაიო, რა დოუწერიათ? "ჩარიცხვა თავის ფასში, არავის ბურდღა არ დევინახო ნისიად!" ეტყობა. გადარიეს კაცი  გატყავებულმა გურულებმა. ეჰ, წევიდეთ  ახლა ოზურგეთში, ზედ ცენტრშია პაპიროზის ბირჟა.

KvirisPalitra.Geმივდივართ ბირჟაზეც: - ბებერი ხე, ზედ - სამი ლურსმანი, ლურსმანზე - "სუმკები", "სუმკებში" - "პაპიროსის პაჩკები". სულ ესაა, მაგრამ ვაჭრობაა და რა ვაჭრობა! შემოგვეხვივნენ გარს - მეიხედე, ჩემი კაი ნენა აქეთ, ჩემი პაპიროზი წეიღე და დამლოცავ, იმფერია, საუკეთესოო!

- მაჩვენე, ერთი, მაი შენი საუკეთესო პაპიროზი, დანესტილი რომ იყოს და მოგიბრუნოთ, რას შობი, მერე?! - ერთვება ვაჭრობაში მძღოლი.

- რა ვქნათ, ნენა, ქალს აბრუნებენ ოჯახში და პაპიროზი თუ მომიბრუნე, რაია მერე?! - იხტიბარს არ იტეხს მოვაჭრე და იქვე აზუსტებს: - მარა ისე დეევსოს თვალი ჩემ და თქვენ მტერს, ისე დეემართოს ყურყუტი, ისე მიიყვანონ მოტაფულ-მოთქლაფული სახლში, რაფერც აი, საუკეთესო პაპიროზი არ იყოს!

და... ჩვენც ვყიდულობთ. ფილტვები არ გვენაღვლება და მტრების თვალის დათხრა რა სანაღვლოა.

...ისე, მგონი, რაცხა ნამეტანი კაი იქნება, თუ "პაპიროზი" საუკეთესო არ გამოდგება.

თქვენ რას იტყვით?

ნანა რამიშვილი