წყალწაღებული და გაუწყლოებული სურამი - კვირის პალიტრა

წყალწაღებული და გაუწყლოებული სურამი

საქვეყნოდ ცნობილ კურორტზე წყაროსთან მისასვლელად გაგივლიათ ფიცრის ბეწვის ხიდი? იმის გამო, რომ შვილები ჯანსაღ ჰაერზე გყოლოდათ, წაგიყვანიათ ბუნკერადქცეულ ტყეში? საერთოდ, ოდესმე ყოფილხართ გადათხრილსა და დამეწყრილ, წყალწაღებულ კურორტზე, სადაც არც გზაა და არც  სასმელი წყალი? სადაც, აქაურები, იმის გამო, რომ ერთადერთი საშემოსავლო წყარო, საკურორტო სეზონი, არ ჩაუვარდეთ, საკუთარი სახსრებით ცდილობენ გააკეთონ ის, რაც სახელმწიფოს ევალება? თუმცა, ცხადია, მაინც ვერაფერს ახერხებენ - ამდენ პრობლემასთან უბრალო მოკვდავი უძლურია. პირობები კი ყოველწლიურად უარესდება.

ეს სურამი გახლავთ. მისი, როგორც კურორტის, დადებით თვისებებზე არ ვილაპარაკებ, ამჯერად ყურადღებას იმ პრობლემებზე გავამახვილებ, რომელმაც მე, როგორც დამსვენებელი, აღმაშფოთა.

სურამში მე და ჩემი შვილი უკვე მეხუთე წელია, ვისვენებთ. ყოველთვის უკომფორტობით დაქანცული, საკუთარ თავს პირობას ვაძლევ, გაისად აქ აღარ ჩამოვალ-მეთქი, მაგრამ ვერ ვასრულებ, რადგან იქაური ჰაერი ბავშვს რგებს.

წელს, მოგეხსენებათ, სტიქია მძვინვარე და დაუნდობელი აღმოჩნდა. 18 ივნისს მოვარდნილმა მეწყერმა და წყალდიდობამ ასობით ადამიანი დატოვა უსახლკაროდ, რამდენიმეს სიცოცხლე კი იმსხვერპლა.

ღვარცოფმა რიკოთის უღელტეხილიდან მიწის ნაწილი და ხეტყე წამოიღო, ჩაიხერგა და დაზიანდა გზები, ადიდებულმა სურამულამ გაანადგურა ხიდები, დატბორა და წალეკა სახლები... ერთი სიტყვით, დაბა გაპარტახდა.

როგორც აღმოჩნდა, საგანგებო და გადამჭრელი ზომები ხელისუფლებასა და შესაბამის სტრუქტურებს არ მიუღიათ, თუ არ ჩავთვლით  დაზარალებულთა სახლებისა და გზების შლამისგან გაწმენდას.

საკურორტო სეზონს ჩავარდნა რომ ემუქრებოდა, როგორც ჩანს, მავანთათვის სადარდელი ნამდვილად არ ყოფილა. კარგი რა, ესეც ხომ ბათუმი ან რომელიმე ზღვისპირა ქალაქი არ არის? ჩავარდეს სურამის სეზონი, მერე რა, დიდი ვერაფერი დანაკლისი იქნება...

KvirisPalitra.Geდაბა სურამი ახლა ნაომარ ნაქალაქარს ჰგავს. მიტოვებული, დანგრეული  სახლები, დალეწილი საწოლები, საყოფაცხოვრებო ნივთები, გაპარტახებული ეზოები, დამშრალი და ნაგვით სავსე მდინარე, აყრილი გზები, ჩანგრეული ხიდები, თვალცრემლიანი, დაღლილი მცხოვრებნი...

გარდა იმისა, რაც საკუთარი თვალით ვნახე და გამოვცადე, სხვა დეტალებში გასარკვევად აქაურებს გავესაუბრე. ხალხი უკმაყოფილოა, მეტიც - სასოწარკვეთილი. არ იციან, რა ეშველებათ, როდის ეშველებათ, ან ეშველებათ თუ არა...

მდინარის ადიდებას და დაბა სურამის დატბორვას ახლომახლო თევზის მოსაშენებლად არასწორად გაკეთებულ ხელოვნურ წყალსაცავებს უკავშირებენ, რომელიც, როგორც ხალხი ამბობს, ჩინელების საკუთრება ყოფილა. სურამში ინფრასტრუქტურის განუვითარებლობას KvirisPalitra.Geაქაურები რამდენიმე წლის წინ მომხდარ პრეცედენტს უკავშირებენ: წინასაარჩევნო კამპანიის ჩასატარებლად ჩამოსულ ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ სააკაშვილს კუდით ქვა ვასროლინეთ და ალბათ ამიტომ აიცრუა ჩვენზე გულიო...

ვერსიები მრავალგვარია, მოუგვარებელი პრობლემა - უფრო მეტი.

გადავწყვიტე, ხაშურის რაიონის გამგებელი, მამუკა მოსიაშვილი მენახა. გამგეობაში მითხრეს, - დღეს პოლონეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრაო.

გამგებლის მოადგილეს ტელეფონით ვესაუბრე, ინტერვიუზე მეორე დღისთვის დამიბარა. შევთანხმდით. დილით ვურეკავ, - ათ წუთში გამგეობაში ვიქნები-მეთქი. გელოდებიო... კაბინეტთან დიდხანს მალოდინა, კაბინეტიდან გამოსული დელეგაციის შემდეგ მოადგილესთან შევედი. ჰოი, საოცრებავ!...

- უნდა მაპატიოთ, ინტერვიუს ვერ მოგცემთ, - მითხრა ყმაწვილმა, რომელიც, საკუთარი თავი ძლივს დავაჯერე, რომ ხაშურის რაიონის გამგებლის მოადგილე უნდა ყოფილიყო.

- რატომ? - ღიმილს ვერ ვმალავ. როგორც ჩანს, ამ ათ წუთში მოითათბირეს, რომ უარი მითხრან...

- ვერ გეტყვით. მაპატიეთ.

ვცდილობ, გასაგებად ავუხსნა და დავარწმუნო, რომ საჭიროა, კითხვებზე პასუხის გაცემა.

დაბნეული მოადგილე დროს ითხოვს - რამდენიმე დღეს, ვიდრე გამგებელი პოლონეთიდან დაბრუნდება.

იყოს ნება მათი. ვთანხმდები. ერთი კვირის შემდეგ ვხვდებით. ვატყობ, რომ საპასუხოდ მომზადებულია.

იოსებ ქურდაძე, ხაშურის რაიონის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე:

- პირველ ეტაპზე სახლები შლამისა და ნაშალი მასალისგან გავწმინდეთ, მეორე ეტაპზე კი მცირე ჰუმანიტარული დახმარება გავეცით - საწოლები, ლეიბები, ჭურჭელი და ტანსაცმელი. მესამე ეტაპზე ინფრასტრუქტურის აღდგენა იგეგმება - სურამულას გაწმენდა, დაზიანებული 19 ხიდის, სავალი და სანიაღვრე გზების აღდგენა. გვიან შემოდგომამდე, როდესაც კიდევ არის მდინარის ადიდების საფრთხე, ეს პრობლემა მოგვარდება.

- უსახლკაროდ დარჩენილები მხოლოდ ჰუმანიტარული დახმარებით უნდა დაკმაყოფილდნენ?

- სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ჩვენ სხვა სახის დახმარების აღმოჩენა არ შეგვიძლია.

- მდინარის ადიდებას უკავშირებენ არასწორად აშენებულ წყალსაცავებს, რომელიც ჩინელებს ეკუთვნით...

- ეს ტყუილი და ხალხის ფანტაზიაა, არავითარი წყალსატევი არ არსებობს.

- რა ეშველება დასუფთავების პრობლემას, დანაგვიანებულ მდინარეს, სავალ გზებსა და ტყეს, ოდესმე მოევლება?

- რაიონს ახლა ერთი დასუფთავების მანქანა დაემატა, რომელიც საჩუქრად გადმოგვცეს. გარდა ამისა, წელს იგეგმება ტყეში ნაგვის ურნების ჩადგმა(?!). ასე რომ, გაისად სურამში სისუფთავის პრობლემა მოგვარებული იქნება.

- წყალგაყვანილობის სისტემა სურამში მრავალი წელია, დაზიანებულია. სასმელი წყალიც კი არ არის...

- გაისამდე ესეც აუცილებლად მოგვარდება - სურამში შვიდმილიონიანი პროექტი ხორციელდება, პროექტირება დასრულებულია და ახლა უკვე ტენდერზეა წარდგენილი. შემოდგომიდან დამონტაჟდება ახალი სატუმბი სადგური, რომლის მეშვეობით დაბა წყლით სრულად უზრუნველყოფილი იქნება, ეს პრობლემა კი ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრება.

- რას ფიქრობთ ზინდისზე, დამსვენებლებში ყველაზე პოპულარულ, მაგრამ მეწყერსაშიშ ზონაზე?

- გუბერნიამ ადგილობრივ მოსახლეობას განსახლება შესთავაზა ხაშურის ტერიტორიულ ერთეულზე, ცხრამუხაში სთავაზობენ ნაკვეთებს. მოლაპარაკება მიმდინარეობს. ზინდისის მონაკვეთი მართლაც ძალიან საშიშია, სტიქია კი ნებისმიერ დროსაა მოსალოდნელი. რომ მოვარდეს, მისი შეჩერება შეუძლებელია, ამიტომ მოსახლეობას საუკეთესო ალტერნატივას ვთავაზობთ.

- სურამელები განუვითარებელ ინფრასტრუქტურას პრეზიდენტთან დაკავშირებულ ინციდენტს აბრალებენ...

- მტკნარი სიცრუეა, დარწმუნებით გეუბნებით! ასე რომ იყოს, ამხელა პროექტები და სარემონტო სამუშაოები საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად ნამდვილად არ განხორციელდებოდა. მეტსაც გეტყვით, სურამსა და ხაშურს ბოლო დროს ყურადღება განსაკუთრებულად ეთმობა. ასე რომ, პრეზიდენტი გაგულისებული ნამდვილად არ გახლავთ.

P.S.ვეჭვობ, მაგრამ გაისად აუცილებლად წავალ სურამში, ოღონდ ამჯერად იმიტომ, რომ დავრწმუნდე, დაპირებები შესრულდა თუ არა...