"სოფელი თბილია, მით არ მივდივარ ქალაქად" - კვირის პალიტრა

"სოფელი თბილია, მით არ მივდივარ ქალაქად"

"ახლაღა ვამბობ, მეტი შრომით ჩემი თავი დავაქციე, არ უნდა მექნა, განა მეორედ მოვალ"

"სიკეთით რა არის, სიავით რაღა იქნების?!"

"ახალმა დრომ გატუტუცება მოიტანა, ახალგაზრდებს აღარა სჯერათ მშობლების"

თუ ოდესმე დაგინახავთ მწვერვალზე გაყინული თოვლი, მის ძირში - ალისფერი ყაყაჩოები და იქვე წითლად აბდღვრიალებული ბლის ხე, გული უსათუოდ შეგეკუმშებოდათ - ტკივილით კი არა, განცვიფრებისაგან. და ეს განსაცვიფრებელი სურათი სტეფანწმინდაში, ბებოს ეზოში დამხვდა. კი არ ვიცოდი, იქ რომ ბებო ცხოვრობდა, მაგრამ ავიჩემე, - გინდა თუ არა, ამ ეზოში უნდა შევიდე, არც ასეთი ყაყაჩო მინახავს სადმე და არც ასეთი ფოთლების ხავერდში გახვეული ბალი-მეთქი. - შედი, სტუმარი ღვთისაა. თანაც მაგ სახლში ასი წლის ნინა სუჯაშვილი ცხოვრობს, ისეთი, მთელი სიცოცხლე რომ გეხსომება, ყველას ეგ უმართავს ხელსო, - მითხრეს იქაურებმა.

ეზოში შესულს ჩვენი დანახვა, რატომღაც არ გაჰკვირვებია. ერთი სიტყვით, არც - საიდან მოსულხართო, არც - რა გინდათო... ერთი შემოგვხედა და ძველებურ "შკაფს" მიადგა, - სტუმარი რომ ზღურბლზე ფეხს გადმოადგამს, მშიერს როგორ გავუშვებ, კერის ანგელოზი გაჯავრდებაო...

- ნინა ბებო, ისედაც თურმე ყველას ყველაფერს უნაწილებთ, რაც გაგაჩნიათ, ჩვენ არაფერი გვინდა, ნება მოგვეცით, ბალი დავკრიფოთ... თუ გინდათ, ძირიანად წაიღეთო. იმხელა ხეს მართლა ხომ არ წამოვიღებდით, დავკრიფეთ, იმ ძველი "შკაფიდან" თეფში გამოვიღეთ, ბალი დავყარეთ და ვილაპარაკეთ...

- ნინა ბებო, მითხრეს, ყველა გაჭირვებული ნინა ბებოსთან მიდის სათხოვნელად, ფულსაც აძლევს ხოლმეო. ადამიანი სიკეთეს რომ აკეთებს, მის გარშემო თითქოს ყველაფერს ეტყობა, სახლსაც კი.

- აბა, სხოს რას უნდა აკეთებდეს კაცი? სიკეთით რა არის, სიავით რაღა იქნების?! რა მაცქერინებს მარტო ჩემ ჯამში!

- მერედა, პენსიის გარდა სხვა  შემოსავალი გაქვთ?

- მადლს ეგეც ხო ეყოფა. მერედა, შვილები ხო მყავს, და-ძმები, მე არ მივდივარ აქედანა, მაგრამა განა ისინი მივიწყებენ - ჩემმა ძმამ აგე, იქ რო ტელეფონი სდგას, ეგ მიყიდა...

- დარეკვა ადვილად ისწავლეთ?

- ადვილად, მაშ! განა სულ ეგეთი ვყოფილვარ, ახლა რო ბებერი ვარ. იმას კი ნუღარ იტყვი, დაიკვეხა თავიო, მაგრამა ჩვენი და-ძმები, ექვსივე, სუყველა კარგა ვსწავლობდით. ორჯონიკიძეში წაგვიყვანეს გასაჯიბრებლად ჩემ სოფელ ლარსიდანა, სუყველას მე ვაჯობე, 14 წლის ვიყავ. მერე მალეღა გამათხოვეს გერგეთში. სკოლა რომ დამრჩა,  სიტყვა ვერ იტყვის, რაიც გადავიტანე. გამახსენდება და ეხლაც ვნერვიულობ. სწავლა მინდოდა ძალიან, მაგრამ გამათხოვა მამამა. კარგი მამა მყავდა ძალიან, ისეთი ჭკვიანი, იმას რო სწავლა სცოდნებოდა, მყინვარწვერზე დაიდგამდა სახლსა...

რა ვიცოდი სიყვარულის!  სანახავად რომ მოვიდნენ, მე გავიქეცი, იქვე უცხო მაშინა იდგა გზაზედა და წამიყვანე-მეთქი, ავძვერი ზედა. არც რაი უთქვამს, ეგრე გადამიყვანა ორჯონიკიძეში. მაგრამ დამაბრუნეს. შუაკაცებმა, - რას სჩადი, მამას თავს რად სჭრიო! მაგრამა ჭკვიანი კაცი გამომადგა ქმარი, მასწავლა, რაც გასაკეთებელი იყო - ცხორის წველაცა. ეგრე უნდა მემსახურა ყველასთვინა, - დედამთილიცა მყავდა, მაზლებიც. ასე ეგებოდის უმცროსისგან. მემრე შვილებსაც ვემსახურე, ჩემი ქმარი რო დაავადდა, მარტოკა ვუძღვებოდი ოჯახს.

- ქმარი დაგიავადმყოფდათ?

- ეგრე ქნა წუთისოფელმა. წავიდოდი ცხორში, ოთხივე შვილს წავასხამდი თანა 500 კილომეტრზედ, მიწურებში უნდა გვეცხოვრა... ამ მიწურებს ზემოდან მიწა ჩამოდიოდის, ქვეშ კუშეტკები ედგის. თავმჯდომარეს არ მოჰქონდა არც კრაოტი, არც ლოგინი - არც ვის აქვსო! მე იგეთი  ვიყავ, ვერ ავიტანე - ჩემს შვილებს კუშეტკაზე ვერ დავჰყრი, როცა მოხვალ, კრაოტიც წამაიღე და კირიც, თორემ მაშინვე უკან დავბრუნდები-მეთქი. ეგრე ძალიან გინდაო? ჰო-მეთქი. წამო, გაჩვენებ კირსა, ერთხელაც ამავიტანე და არავინ ახლო ხელიო. მე ვახლებ-მეთქი. ავიღე და წავუსვი მიწურსა - იგეთი გახდა, თეთრად ქათქათებდა, ვუყურებ და მიხარია. შემოვიდა თავმჯდომარე და დადგა, რა იყო-მეთქი? - მითხარ, ეგ როგორ ჰქენიო! ერთხელ თბილისიდან ჩამოუვიდა ხალხი, შამაიყვანა ჩემთანა. შევუხვიე ხინკალი... მერე სუყველა ჩემთან მაჰყავდა, ასე მეუბნებოდა:  კარგი ხელი გაქვს, ცხვარ-ძროხა მოვლილი დაგიდისო. მე ვეტყოდი, - ხელი კი არა, პატიოსნება მაქ კარგი, რასაც მაძლევთ, მეცოდების პირუტყვი და ვაჭმევ-მეთქი. ზოგი კიდევ ყიდდა საკვებსა. პირუტყვიც ისე იყო, კილომეტრზედ რომ დამეძახა, დაიძვრებოდის და წამოვიდოდის.

- ხელები ახლაც ძლიერი გიჩანთ.

- ადრე უფრო ძლიერ მქონდა. დავალაგებდი საქმესა, კაცები შამომნატრობდნენ. დისშვილმაც დაიჩივლა  - ნეტა დეიდას ხელები მქონდასო... რასაცა ამ სახლში ხედავთ, ყველაი ჩემი შრომით შექმნილია. ახლაღა ვამბობ, მეტი შრომით ჩემი თავი დავაქციე, არ უნდა მექნა, განა მეორედ მოვალ.

- ამ შრომით არის, მთელი სოფელი რომ გემადლიერებათ.

- თუ მუხლი არ მიმუხთლებდეს, დაჯდომა რას მიჰქვია! შრომით დავდივარ ამქვეყნად... პატარებს კამფეტი როგორ არ უნდა მივცე,  ნინა ბაბოს დამძახიან დილაადრიან.

- ალბათ მეზობლები დაძახებისთანავე შემოგეხმიანებიან ხოლმე.

- ეგრეა. სოფელი თბილია, მაგიტომ მიყვარს. მით არ მივდივარ ქალაქად.

- ისე, ალბათ სოფელიც გამოცვალა დრომ.

- დრო ცუდიც არის და კარგიცა... ცუდია, რო გატუტუცება მოიტანა. ახალგაზრდებს აღარა სჯერათ მშობლების, მაგრამ თავად რომ მშობლებს  აღარ სჯერათ ერთმანეთისა, ეგ არის ამის მიზეზი... კარგი დრო იმად არის, რომ რაიც მაშინ არ გვქონდა, ახლა გვაქ.

ომის მეშინის. პატრიარქმა - სულ გატანჯული იყო საქართველოო. სუყველაი გვკბენს. არც რუსია კარგი, არ მიყვარს. სტავროპოლში რო ვიყავ ცხვრებითა, იქ ვისწავლე ეგენი - თავისთავისანები არიან, რასაც ჩაუგდავ ხელში, შასჭამენ. ერთიღა ნატვრა მაქ - საქართველო იყოს კარგად. პირველად მაგაზე ვლოცულობ, თქვენმა ლაღობამა, ჩემი შვილების და ჩემი ძმისშვილების ლაღობამა...

- თქვენმა შვილებმა იციან, ასე რომ გიყვართ ქვეყანა?

- მაშ, განა იმათ ვუმალავ!

- და მაინც, აქ, მთაში შეიძლება ისე მოთოვოს, მეზობელიც ვერ შემოვიდეს საშველად, არ გეშინიათ?

- არ მეშინია, გინდა მავკვდე, ცხო რაღაი იქნება, რაღაი შემაშინებს!