თხილის ბიზნესი "უსამშობლოთათვის" - კვირის პალიტრა

თხილის ბიზნესი "უსამშობლოთათვის"

"ზუგდიდში გადმოტანა რისკია, მაგრამ მაინც ვბედავთ"

სექტემბრის პირველი რიცხვებიდან გალის რაიონში თხილის სეზონი დაიწყო. კონფლიქტის ზონაში ჭირნახულის შენახვა, შეიარაღებულ დაპირისპირებებთან, მკვლელობებთან, საკუთარ მიწის ნაკვეთში ქურდულ მუშაობასთან, მუდმივ შიშთან ასოცირდება. დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს, გალის რაიონის მოსახლეობა აიძულოს, რომ თხილის მოსავალი ადგილობრივ ბიზნესმენებს მიჰყიდონ ან თხილის ჩასაბარებელ პუნქტებში ჩააბარონ. გალის მოსახლეობისთვის ეს "შემოთავაზება" ორმაგად წამგებიანია, - შეგროვებული, დარჩეული თხილი აფხაზი კრიმინალებისთვის ადვილი ნადავლია; გალის რაიონში არაერთი შემთხვევა ყოფილა, როცა აფხაზები ამა თუ გალელის სახლს სატვირთო მანქანით მიადგნენ და გასაყიდად გამზადებული, ტომრებში ჩაყრილი ჭირნახული სახლის პატრონებს საკუთარი ხელით დაატვირთვინეს.

ამ ზაფხულს შვებულება დასავლეთ საქართველოში გავატარე. იქიდან მომავალს გზაში ერთი გალელი მიყვებოდა: ჩემს ძმას შუაღამისას მიადგნენ, 500 კილოგრამი თხილი საკუთარი მანქანაში ("ჟიგული" ჰყავს) ჩაატვირთვინეს და ისიც თან წაიყვანეს, "გრუზავიკში" უნდა გადავტვირთოთო. გზაში მანქანის საბურავი დაეშვა თურმე. იქვე მცხოვრები რამდენიმე ქართველი გაუღვიძებიათ და ჩემს ძმასთან ერთად, ის თხილი დანიშნულ ადგილამდე მხრებით მიატანინეს. მეორე დღეს ჩემს ძმას თირკმლის შეტევა მისცა. ის საავადმყოფოში ტკივილისგან იტანჯებოდა, მე კი საკუთარი უსუსურობა მკლავდაო...

ამიტომაც ის გალელები, ვისაც ე.წ. აფხაზი მფარველი (ადამიანი, რომელიც ავტორიტეტით სარგებლობს და რამდენიმე ქართველის უსაფრთხოებაზე ზრუნავს) არა ჰყავს, ფრთხილობენ და ცდილობენ, შემოსავალი შემოვლითი და სარისკო გზებით ზუგდიდში ჩამოიტანონ. გარდა ამისა, გალში თხილის ჩაბარების ფასი 2 ლარამდე მერყეობს, ზუგდიდში კი ერთი კილოგრამი თხილი 3 ლარი ღირს.

გალინა ძანძავა, გალის რაიონის მკვიდრი:

- ჩემი მშობლები გალში ცხოვრობენ. ასაკში არიან, მაგრამ სახლ-კარს მაინც არ ტოვებენ, მიწის გარეშე ვერ ვიარსებებთო. რახან მოხუცები არიან, არავინ ერჩის, მაგრამ თითო-ოროლა მშიერი აფხაზი და რუსი "ამრევი" მათთანაც გამოჩნდება. რუსი სამხედროები ხშირად სტუმრობენ ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი თხილისა და ციტრუსის სეზონზე. რახან დედა რუსი მყავს, რუსი სამხედროები მოხუცებს მაინცდამაინც არ აწუხებენ, მაგრამ ძალიან ცუდ დღეში ჰყავთ ჩვენი მეზობლები. ხშირად მინახავს, მთელი დღის ნაშრომ-ნაჯაფები როგორ ეზიდებიან შუაღამისას ჩვენს სარდაფში თხილის ტომრებს. ჩვენთან რომ მოვიდნენ და სახლი დაგვითვალიერონ, ერთ მარცვალსაც არ დაგვიტოვებენო.

კუკური, 62 წლის, სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი:

- ახალი პრეზიდენტის მოსვლის შემდეგ, რაიონის გამგებლები ცდილობენ, ისინი არაფერში გამოიჭირონ და ჯოხი უბრალო ადამიანებზე ტყდება. გალის რაიონში აფხაზური პრეზიდენტის წარმომადგენელმა რუსლან ქიშმარიამ სოფლის გამგებლები კატეგორიულად გააფრთხილა, როგორც კი გავიგებ, რომ გალელებმა თხილი ზუგდიდში ჩაიტანეს, მაშინვე მოგხსნითო. რამდენიმე გამოიჭირეს და მთლიანად ჩამოართვეს ტვირთი. აფხაზეთის ხელისუფლება გვეუბნება, აქ ცხოვრება რომ გინდათ, მის ეკონომიკურ მშენებლობაშიც უნდა შეიტანოთ წვლილი, ხომ არ გავიწყდებათ, რომ ეს თქვენი სამშობლოაო?! სად გვაქვს ჩვენ სამშობლო? არც ენგურგაღმაა ჩვენი სამშობლო, იქაც არავის ვჭირდებით...

- გალში თხილის ფასს ვინ არეგულირებს?

- აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე, ქართველთმოძულეობით განთქმული ოთარ ტურანბა, რომელიც რუსეთიდან იღებს დირექტივებს. სხვათა შორის, წლეულს მან ზუგდიდიდან თხილის ქარხნის თანამედროვე ტექნიკა ჩამოატანინა და გალის რაიონის სოფელ აჩიგვარაში უახლესი ტიპის ქარხანა ააშენა. მას წილში რუსი სამხედროები, რუსეთის სამშვიდობო ჯარების მაიორი ნიკოლაი მაიროვიც ჰყავს. ერთი გლეხი, გვარად ჭკადუა ზუგდიდში თხილის გადატანის ფაქტზე დაიჭირეს და 2 ჰექტარამდე თხილნარი ჩამოართვეს. მაიროვმა ჯარისკაცები მოიყვანა და ჭკადუას ჩამორთმეულ მიწაზე თხილი მოაგროვებინა. მერე გაირკვა, რომ იქაურობაზე აფხაზებსაც ეჭირათ თვალი და ამ ამბავს სოფელში "პერესტრელკები" მოჰყვა.

ნანული პაჭკორია, გალის რაიონის მკვიდრი:

- 10 აგვისტოდან ზუგდიდისკენ მიმავალი ავტობუსების მოძრაობა აკრძალეს. არადა, გალიდან ყოველდღიურად გადიოდა პირველი ოტობაიას, ქვემო და ზემო ბარღების, თაგილონის, გაგიდის, ფიჩორის, მზიურისა და ჭუბურხინჯის მიმართულებით ავტობუსები. ზუგდიდში რამდენიმე საათს ჩერდებოდნენ და იმავე დღეს უკან ბრუნდებოდნენ.

გალელებს ენგურგაღმა თხილი, ხილი, ბოსტნეული და რძის ნაწარმი მიგვქონდა, ბაზარში ვყიდდით და ზუგდიდში პირველადი მოხმარების ნივთებს ვყიდულობდით. აგვისტოდან კი აფხაზი ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა ავტობუსის, მიკროავტობუსისა და მსუბუქი მანქანის მძღოლი გააფრთხილეს, თუ ზუგდიდში გადახვალთ, მანქანებს წაგართმევთ და ოჩამჩირის ავტოსატრანსპორტო კოლონის ფარეხში გადავიყვანთ, თქვენს წინააღმდეგ კი სისხლის სამართლის საქმე აღიძვრებაო... ასეთი მკაცრი გაფრთხილების შემდეგ იძულებული ვართ, ჭირნახული გალიდან ჩუმად, ცხენით ან ზურგით წამოვიღოთ. მაგრამ აფხაზებმა ჭკუა ისწავლეს და ზუგდიდიდან მომავალ ტრანსპორტსაც ჩხრეკენ. როგორც მილიციას, ასევე კრიმინალებს, ყველა სოფელში ინფორმატორები ჰყავთ. თუ ვინმეს გაუგეს, რომ თხილი ჩუმად გაყიდა, მასში აღებული თანხა მილიციას პატიოსნად უნდა ჩააბაროს... ხელისუფლება გვაიძულებს, თხილი აფხაზეთში გავყიდოთ, საჭირო ნივთები კი ფსოუს საზღვარზე შევიძინოთ. არადა, იქ ყველაფერს ცეცხლის ფასი აქვს, თხილის ჩაბარების ფასი ძალიან დაბალია. ამიტომაც ვრისკავთ, რა ვქნათ, სხვა გზა არა გვაქვს.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)