ბახმარო იყიდება(?!) გურული სამართალდამცავები კი, ღირსების ორდენოსნებს ეძებენ... - კვირის პალიტრა

ბახმარო იყიდება(?!) გურული სამართალდამცავები კი, ღირსების ორდენოსნებს ეძებენ...

როგორც ცნობილია, გასული წლის ოქტომბერში კურორტ ბახმაროში ათეულობით მოსახლემ სახელმწიფოს სასარგებლოდ კარ-მიდამო მიატოვა, ანუ საკუთარი სახლ-კარი თუ მიწის ნაკვეთები, სახელმწიფოს "ნებაყოფლობით აჩუქა"!

ამას წინ უძღოდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისიის, ამჟამინდელი მოწვევის საკრებულოს მმართველი გუნდის ფრაქციის, აწ უკვე ყოფილი თავმჯდომარის, „ნაცების“ სიის მესამე ნომრის შოთა სირაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა, რომელსაც სამართალდამცავები ბახმაროში მიწების უკანონოდ დაკანონებას ედავებიან. სირაძე, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრამდე პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა, დღესაც იმალება. ბახმაროს საქმეზე პროკურატურას კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ჰყავს - გურიის სატყეო სამმართველოს ყოფილი უფროსი გია მგალობლიშვილი, რომელიც სირაძის მსგავსად ღირსების ორდენით არის დაჯილდოებული. მგალობლიშვილს, რომელიც ასევე ძებნილია,  ბახმაროში ხეტყის უკანონო ჭრას ედავებიან.

სირაძის სასამართლო პროცესი, სადაც პროკურატურამ საპროცესო გარიგებისთვის მზადყოფნა გამოთქვა, ახლაც მიმდინარეობს.  დაკითხულია 184 მოწმე, თუმცა სხვა პირების ბრალი არ გამოკვეთილა. უფრო მეტიც, თანამდებობაზე ყველა ის ჩინოვნიკი დარჩა, რომელთაც კანონი სირაძის ზედამხედველობას ავალებდა.

საქმის ამ ფორმით წარმართვამ, ბევრი ეჭვი გააჩინა. გურიის რეგიონულმა გაზეთმა, "გურია ნიუსმა" ჯერ კიდევ გასულ წელს მოიპოვა ინფორმაცია, რომ დანაშაულის ამ სქემის გაშიფვრის უკან სხვა "თავები" იმალებოდა. გაზეთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი უნიკალურ კურორტს არაბ შეიხს დაჰპირდა, ოღონდ იმ პირობით, რომ ინვესტორს ბახმაროში სრული თავისუფლება მიეცემოდა და იქ არც ერთი სახლი არ იქნებოდა(!). ოფიციოზმა მაშინ ეს ინფორმაცია არ დაადასტურა. თუმცა, ეჭვი და ინფორმაცია იმან გაამყარა, რომ ამ სკანდალის ატეხამდე რამდენიმე თვით ადრე გაკეთებულ ბახმაროს განაშენიანების გენერალურ გეგმაში არც ერთი სახლი არ ფიგურირებდა. პროექტის ავტორი მერაბ ჩხენკელია, რომელიც ამბობს, რომ გეგმის თანახმად ბახმაროში მხოლოდ ფეშენებლური სახლები იქნება, ხოლო ძველი კოტეჯები დაინგრევა(?!).

ჩხენკელის თქმით, მიწები, თუკი კანონიერად არის შეძენილი, მფლობელებს დარჩებათ, სახელმწიფო მათ კომუნიკაციის ყველა პრობლემას მოუგვარებს, თუმცა ისინი ვალდებული იქნებიან ფეშენებლური ვილები ააგონ. არქიტექტორი აღნიშნავს, რომ შესაძლოა სასტუმრო კომპლექსებს დასახლებული პუნქტების ათვისება დასჭირდეს, თუმცა მათ ალტერნატიულ ნაკვეთს აუცილებლად შესთავაზებენ.

ამ ეტაპზე უცნობია, შესთავაზებენ თუ არა ალტერნატიულ ადგილებს კოტეჯების მეპატრონეებს, თუმცა პრეზიდენტი სააკაშვილი ბახმაროს განვითარებაზე, როგორც ზამთრის კურორტზე, უკვე საჯაროდ ლაპარაკობს. უფრო მეტიც, კურორტის მოწესრიგება ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილსა და ეკონომიკის სამინისტროს პირველ პირს, ვერა ქობალიას დაავალა, რომლებსაც ჩოხატაურში რამდენიმე დღეში ელოდებიან.

ბახმაროს განვითარება რომ ძალიან კარგი საქმეა, ამაზე არავინ დავობს, თუმცა როგორც წყარომ გვაცნობა, ეს ბევრ რიგით მოქალაქეს დააზარალებს. საქმე ის არის, რომ იმ პირებს, რომლებსაც ბახმაროში ქონება ბებია-ბაბუამ დაუტოვა და დარეგისტრირებული არა აქვთ (უნდა ჰქონდეთ ორთოფოტო და ელექტროვერსია) ყველაფერს წაართმევენ. ერთადერთი კატეგორია, რომელიც ბახმაროში საკუთრების დაკანონებას შეძლებს (როგორც გვეუბნებიან, დაკანონება მხოლოდ ერთ თვეს გასტანს და შემდეგ ეს პროცესიც შეჩერდება), ისინი იქნებიან, რომლებსაც ქონება აუქციონზე აქვთ ნაყიდი. თვითნებურად დასაკუთრებული მიწების დაკანონება კი, მიუხედავად პრეზიდენტის #525 ბრძანებულებისა, აღარ მოხდება. ლეგალიზაციის კომისიას კურორტზე ყველანაირი დოკუმენტის გაცემა უკვე აკრძალული აქვს. მართალია, ბრძანება არაოფიციალურია, მაგრამ ჩოხატაურის საკრებულოს ლეგალიზაციის კომისია ზეპირ ბრძანებას ზედმიწევნით ასრულებს და ბახმაროში მიწებზე საკუთრების მოწმობას არ გასცემს. შესაბამისად, ქონებას ვერც საჯარო რეესტრი არეგისტრირებს.

გურულები შიშობენ, რომ კურორტი, რომლითაც საუკუნეზე მეტია სარგებლობენ, მალე მათთვის მიუწვდომელი გახდება. დარწმუნებული არიან, რომ მორიგი საარჩევნო დაპირება სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკური განვითარების შესახებ მხოლოდ მითია და თუ კურორტის მოწესრიგება მართლაც დაიწყეს, რიგითი მოქალაქეების ადგილი იქ არ იქნება.

KvirisPalitra.Ge"არ ვიცით არაბი მოვა თუ ეგვიპტელი, მაგრამ ის კი ვიცით, რომ ჩვენთვის არაფერი გაკეთდება. კარგი არაფერი გველის და ბათუმის მსგავსად, რომელიც ფაქტობრივად თურქებს აჩუქეს, ბახმაროც ვიღაც გადამთიელის ხელში აღმოჩნდება, რომელიც უფულოდ, იქ ფეხსაც არ დაგვადგმევინებს", - ამბობენ გურულები.

გურიაში იმასაც ეჭვობენ, რომ ეს ყველაფერი საარჩევნო პიარია, რადგან პრეზიდენტის განცხადება ბახმაროს ზამთრის კურორტად გაკეთების შესახებ, ნაკლებ ნდობას იწვევს. საქმე ის არის, რომ ზამთარში ბახმაროში თოვლის საფარი 10 მეტრს აღემატება. ზამთრის კურორტის გაკეთება იქ, სადაც ამხელა თოვლი მოდის, შეუძლებელია.

თუ ბახმაროს განვითარების გეგმას ხორცი შეესხა, დაიკარგება ის ტრადიცია, რომელიც კურორტს ძველთაგანვე მოსდგამს - აჭარის მთიანი სოფლებიდან გადმოსული მესაქონლეები ბახმაროს მთებს თვეების განმავლობაში საძოვრებად იყენებენ და კურორტზე მათი ქოხები ათეულობით წელია დგას. ზაფხულის საძოვრების გარეშე კი მათ საქმიანობას აზრი არ ექნება.

არა მხოლოდ ეს ტრადიცია,  ისეთი პატარა კუთხის მთელი ეთნო-სოციალური ყოფა, როგორიც გურიაა, შესაძლოა ძირეულად შეიცვალოს ასეთ საკითხებში გაუფრთხილებელი და გაუანალიზებელი ჩარევით.

სხვათა შორის, როგორც ამბობენ, აქაურმა კომუნისტებმა ბევრი "იჩალიჩეს", რომ ჯერ კიდევ 50-60-იან წლებში ბახმარო საკავშირო კურორტად არ გამოცხადებულიყო და ადგილობრივი კურორტის სტატუსი შერჩენოდა - სწორედ იმიტომ, რომ მოსკოვს დაქვემდებარებულს, ვიღაც რუსი ჩინოვნიკი განუსაზღვრავდა რამდენი და როგორი აშენებულიყო, ვინ თავის "ხოშზე" ასულიყო ცოლ-შვილით პატარა ქოხში საცხოვრებლად და ვის - "ცეკას სპეცსაშვებით"  უნდა დაესვენა სანატორიუმში.

ვფიქრობთ, არც თანამედროვე არაბი თუ ჩინელი ინვესტორი იდარდებს, მაშინდელ რუს ჩინოვნიკზე მეტად, გურული გლეხის ბავშვი თუ ვეღარასოდეს ავა დასავენებლად ბახმაროზე, მაგრამ ჩვენი ხელისუფლებისთვის კი, ნამდვილად ეს უნდა იყოს მთავარი საზრუნავი...

ნატო გოგელია (სპეციალურად საიტისთვის, გურიიდან)