აქ იშვიათად იღიმებიან - კვირის პალიტრა

აქ იშვიათად იღიმებიან

სანამ მეწყერი სოფელს ჩაყლაპავს, ანუ იმედჩაკარგული თვალების სევდა

დაღუპვის საშიშროება ყოველ ნაბიჯზეა

დუშეთის რაიონში ერთი მიკარგული სოფელია, ვეძათხევი. აქ, სადაც სულ თვრამეტიოდე ოჯახი ცხოვრობს, უახლოეს 10-15 კილომეტრში ვერც საავადმყოფოს იპოვით, ვერც მაღაზიას და ვერც საშუალო სკოლას. მეწყრისა და სიძველისაგან ნახევრად დანგრეული სახლებიდან სკოლამდე ბავშვები ყოველდღე დაახლოებით 16 კილომეტრს გადიან.

ანა 12 წლისაა, გოგონა ცივი, ლურჯი თვალებით; გოგონა, რომელიც იშვიათად იღიმება. ეს ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე, როდესაც ის და კიდევ სამი ვეძათხეველი - არმაზი და ორი გიორგი ანანურში, სკოლის ეზოში ვნახე. ისინი სახლში დასაბრუნებლად ემზადებოდნენ. ამ გზას ბავშვები ყოველდღე გადიან, გზაში თითქმის არ ლაპარაკობენ. არადა, ამხელა გზაზე რამით თუ არ გაერთე, ალბათ, გაგიჟდები. ვცდილობ, ცოტა ვიხუმრო, მაგრამ ვხვდები, რომ ბავშვებს არ ეხუმრებათ და ვჩუმდები. ჩაფიქრებული, მკაცრი იერით ჩუმად მიაბიჯებენ, მიუხედავად ამისა, ჩემს კითხვებს სიტყვაძუნწად, მაგრამ მაინც პასუხობენ.

KvirisPalitra.Geწამოსვლამდე საგზლად ფუნთუშები იყიდეს და ახლა ერთმანეთს უყოფენ. ხელებზე ვაკვირდები. უხეში, ალაგ-ალაგ გადატყავებული კანი აქვთ. ასეთი ხელები მიწაზე მუშაობაში დაბერებულ ადამიანებს აქვთ ხოლმე... თვალები კი... თვალები, ცივი, გამჭოლი მზერით.

გზად ვიგებ, რომ ანა და ერთ-ერთი გიორგი და-ძმა არიან და ერთ კლასში სწავლობენ. მიკვირს, როგორ ასწრებენ გაკვეთილების მომზადებას? გიორგი მეუბნება, გაკვეთილებს მორიგეობით ვამზადებთ, რომ ერთმანეთს საქონლის მწყემსვაში შევენაცვლოთო. ესეც შენი უხეში ხელების საიდუმლო.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ მათთვის ქალაქიდან ჩამოსული ერთი აბეზარი ტიპი ვარ, რომლისთვისაც სტატიის დაწერაა მნიშვნელოვანი.

უკვე ერთი საათი გავიდა და ჯერ ნახევარი გზაც არ გაგვივლია. ვქოშინებ, უკან მივდევ, კიდევ რამდენი დაგვრჩა-მეთქი, ვეკითხები. თურმე გზად მოსახლეობისგან თითქმის დაცლილი კიდევ ორი სოფელი უნდა გავიაროთ.

ორღობეებს ტყისპირა შარაგზა ენაცვლება, შემდეგ ჭალაში შევდივართ, შემდეგ ისევ ტყის პირას. ხალხი იშვიათად გვხვდება, შინაური ცხოველები კი იცოცხლე, რამდენიც გინდა. ცოტაც და ჩვენი სოფელიც გამოჩნდა. "აი, იქ არის, შორს", - მთისკენ მითითებს გიორგი. იქით გახედვაც კი მეზარება. "აი, რატომ უნდა გქონდეს მფრინავი ხალიჩა", - ისევ ვცდილობ ხუმრობას, თუმცა... მხოლოდ ზრდილობისათვის მიღიმიან. მშია, ვფიქრობ, ნეტავ მაღაზია მაინც იყოს სადმე, რომ პური ვიყიდო, თუმცა ანანურს აქეთ პროდუქტის ყიდვაზე ოცნებაც არ ღირს.

"ზამთარში სიარული ძალიან გაგვიჭირდება, - მეუბნება ანა, - დიდი თოვლი იცის, ამიტომ ან გაკვეთილების გაცდენა მოგვიწევს, ან დაბლა, ზოტუკიანებში უნდა დავრჩეთ, ნათესავებთან". სოფელი ზოტუკიანები ანანურიდან ოთხი კილომეტრის სავალზეა. ძლივს მივაბიჯებ, კუნთები აღარაფრად მივარგა. წარმომიდგენია, აქაურობა თოვლში რა საშინელება იქნება. ზღვის დონიდან დაახლოებით ათასი მეტრია. ალბათ, ზამთრობით საშინელი ყინვაა. ამ თითისტოლა ბავშვებმა კი მართლაც როგორ უნდა იარონ ამ სიშორეზე?! თოვლს ვინ ჩივის, თურმე, ამ ადგილებში მგელია, მით უმეტეს, ზამთარში, ეს ცხოველი თვალით არასოდეს მინახავს, არც მინდა... ჯანდაბა, აქედან უკანაც ხომ უნდა დავბრუნდე, თან მარტო! არასოდეს მიოცნებია, დამშეული მგლის ლუკმა გავმხდარიყავი.

KvirisPalitra.Geბავშვები ცოტა დაიღალნენ და გამოგიტყდებით, არც მე მადგას კარგი დღე. ხის ძირას ვისვენებთ. იქვე წყაროსთან ვიკლავთ წყურვილს. დაგუბებული წყალია, შიგ რაღაცები დაცურავენ, მაგრამ რა ვქნა, თან ბავშვებმა უკვე დალიეს, და რაღა მე მომკლავს ეს ოხერი! მალევე ვაგრძელებთ გზას. ორი მდინარე უნდა გადავიაროთ, რომლებზეც არც ხიდია გადებული, არც მსგავსი რამ. ახლა შემოდგომაა და წყალი თითქმის დამშრალია, ამიტომ გადასვლა არ გაგვჭირვებია. მოგვიანებით გავიგე, წვიმების სეზონში ეს მდინარეები იმდენად დიდდება, რომ მათი გადალახვა შეუძლებელია.

ერთი აღმართიც და უკვე ვეძათხევში ვართ. სულს ძლივს ვითქვამ, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო. გუმანით კი ვხვდებოდი, რომ მთლად კარგ ადგილას არ მივდიოდი, თუმცა ის, რაც ვნახე, მეტისმეტი იყო. ჩემ თვალწინ შუა საუკუნეების სოფლის მსგავსი დასახლება გადაიშალა. მზისგან გამხმარი, ამტვერებული ბილიკები, ნახევრად ჩაწოლილი სახლები დაჟანგული სახურავებით. ელექტროგაყვანილობის ბოძი დიდი მავთულითაა დამაგრებული, რომ არ წაიქცეს. ყველგან მტვრისა და ნაკელის სუნი დგას. ირგვლივ სულ დამეწყრილი ადგილებია, წვიმისაგან ჩამორეცხილი ხეობები. სოფელში შესასვლელ ბილიკს ღრმად ეტყობა საქონლის ჩლიქების კვალი.

როგორც ჩანს, წვიმიან ამინდში აქაურობა საშინლად ტალახდება. საღორეები და საძროხეები ხის წნულებისგან არის აშენებული და ნაკელით შემოლესილი. ტანსაცმელი სულ დამიმტვრიანდა, მაგრამ ამას არ ვჩივი, უფრო მეტად უზარმაზარი ძაღლების მეშინია, მტრულად რომ მიმზერენ და ხმამაღლა ყეფენ.

გიორგი სოფლის შესასვლელში, ნახევრად ჩამონგრეულ ორსართულიან სახლს მიჩვენებს. თურმე, დაწყებითი სკოლა კარგა ხანს აქ იყო გამართული.„"ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს მთავრობა ამისთვის ქირას გვიხდიდა", -  მეუბნება გელა ზვიადაური (მგონი, ამ სოფელში მარტო მას აქვს მოღიმარი სახე), რომლის ბიძაც  სწორედ ამ სკოლაში, ანუ თავისივე სახლში მასწავლებლობდა. არადა, სახლი ისეთია, სასწავლებლად კი არა, საცხოვრებლადაც უვარგისია, - ფანჯრები ჩამტვრეულია, ჩარჩოები - დამპალი. ალბათ, ამიტომ ერთი წლის წინ დაწყებითი სასწავლებელი მეზობელ სოფელში, ოქრუაანებში გადაუტანიათ და იქ ახლა სამიოდე ბავშვი სწავლობს.„"ისინიც უამინდობისა და სხვა მიზეზების გამო გაკვეთილებზე სიარულს ვერ ახერხებენ", - მიყვება არმაზი.

თვით არმაზსაც მოუწია ერთი წლის გაცდენამ, რადგან დიდი მანძილის გამო სკოლაში სიარულს ვერ ახერხებდა. ამავე მიზეზით ბავშვები ხშირად საერთოდ ანებებენ თავს სწავლას. მეზობელსოფლელი მზია რახრახაძე მიყვება, როგორ გახდა იძულებული, ბავშვი სკოლიდან გამოეყვანა, რადგან შორ გზაზე ყოველდღე სიარულმა ჯანმრთელობა შეურყია. არმაზის დედა ამბობს, რომ ალბათ, მის შვილსაც მოუწევს სწავლის მიტოვება,„უმაღლეს განათლებაზე კი ლაპარაკიც ზედმეტიაო.

არადა, ბავშვები უკვე ფიქრობენ,„რა უნდა გამოვიდნენ, როცა გაიზრდებიან. მაგალითად, გიორგის მხატვრობა უნდა. გატაცებით მიყვება, როგორ სწავლობდა ხატვას, სანამ წრე დაიხურებოდა. ეს ბიჭი რატომღაც ჯონ ლენონს მაგონებს, უწყინარ მეოცნებეს, რომელსაც უბრალოდ უნდა, უკეთესად ცხოვრობდეს. ნახატებსაც მაჩვენებს. ნეტავ იცოდეთ, სად არა აქვს დახატული: ძველ რვეულებზე, ბლოკნოტებიდან ამოხეულ ფურცლებზე, მუყაოს ყდებზე... "ჯანდაბა, - ვფიქრობ, - ამ ბავშვს სჭირდება ოცნების ასრულება, ამ მივარდნილ, ყველასაგან მივიწყებულ სოფელში ადამიანები უკვალოდ იკარგებიან და, სავარაუდოდ, მასაც იგივე ელის. ყოველ შემთხვევაში, მისი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა, სულ რომ მთელი ქონება გაყიდონ, სწავლის კი არა, ქალაქში ცხოვრების ხარჯებსაც ვერ გასწვდება". და როგორ ფიქრობთ, რა არის მათი ქონება? დანგრევის პირას მისული სახლი, სადაც იატაკი ყოველ ფეხის დადგმაზე ჭრიალებს და კედლებს ზამთარ-ზაფხულ დანთებული შეშის ღუმელი ვერაფრით აშრობს; დამეწყრილი მიწა და ოჯახის მარჩენალი რამდენიმე ძროხა.

KvirisPalitra.Geამ სოფელში თითქმის ყველა ოჯახის მარჩენალი საქონელია. აბა, აქ არც სამსახური აქვს ვინმეს და არც არაფერი აბადია. გარემოს ვათვალიერებ. ირგვლივ სულ თივის ზვინებია, რომლებიც უკვე ლპება ცის ქვეშ უქმად დებისგან. თურმე სოფლიდან გასაყიდად გატანა უგზოობის გამო ვერ მოახერხეს.

ცოტა ხანში უფრო საზარელ ამბავს ვიგებ - გზის არქონის გამო როგორ დაეღუპათ ცხრამეტი წლის ბიჭი, რადგან სასწრაფო დახმარებამ სოფლამდე ვერ მოაღწია.„არა, ამ სოფელში ცხოვრება შეუძლებელია. ვეძათხეველები საინჟინრო-გეოლოგიურ დასკვნას მაჩვენებენ, სადაც ვკითხულობ: "აღნიშნულ ტერიტორიაზე არსებული სერის ორივე მხარეს განვითარებულია მეწყრული პროცესები. 2006 წლის გაზაფხულზე ჩატარებულ გამოკვლევებთან შედარებით მეწყრული პროცესები მნიშვნელოვნად გააქტიურდა... მეოთხეული ნალექები ძლიერ გატენიანებულია, რის გამოც შესუსტებული აქვს ფიზიკურ-მექანიკური მახასიათებლები..." ანუ, ჩემს ენაზე რომ გადავთარგმნო, აქ რომ ვიცხოვრო, თავის გასატანად უნაყოფო, ქვაღორღიანი მიწა უნდა დავამუშაო და თან ყოველდღე იმის შიშში უნდა ვიყო, რომ ადრე თუ გვიან მეწყერი ჩამყლაპავს.

სოფლის მოსახლეებმა არაერთხელ ითხოვეს დახმარება. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე სოფელი ჯერ დაზარალების მეოთხე, ხოლო ცოტა ხნის წინ პირველ კატეგორიაში შეუყვანიათ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოფელში ცხოვრება ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს უქმნის. მიგრაციის, რეპარაციისა და ლტოლვილთა განსახლების დეპარტამენტში დარეკვისას მეუბნებიან, რომ ვეძათხევისა და მისი მიმდებარე სოფლების საკითხზე მუშაობენ და ჯერ არავინ იცის, რა და როდის გადაწყდება. ამ მიკარგულ სოფელში კი ნახევრად ჩაწოლილ სახლებს ნელ-ნელა ძირს უთხრის მეწყერი. აქ დაღუპვის საშიშროება ყოველ ნაბიჯზეა. აქ ადამიანები იშვიათად იღიმებიან.

სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ palitratv.ge-ზე

"ხალხის კეთილდღეობა უმაღლესი კანონია" ციცერონი

KvirisPalitra.Ge

გიორგი გოგუა