ყავა რთველში, ანუ ლხინი კახელებთან - კვირის პალიტრა

ყავა რთველში, ანუ ლხინი კახელებთან

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ კახეთი და რთველი განუყოფელი იყო. ახლა კი, როდესაც ვენახში ვარ და სახელდახელოდ მიწაზე გაშლილ სუფრას ვუზივარ, ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.მართალია, სამი ჭიქა ჭაჭის შემდეგ დიდი შანსია, ფოკუსი ფოტოაპარატზე კი არა, თვალშიც ვერ გავასწორო, მაგრამ არც მეოთხეს გადაკვრაზე ვამბობ უარს. არადა, რომ მკითხო, ვმუშაობ...

ბოდბეში მაშინ ჩავედი, როდესაც ყურძნის კრეფა დღე დღეზე უნდა დამთავრებულიყო. სულზე ვასწრებ. ეს ჩემი პირველი რთველია.

KvirisPalitra.Geისე ცხელა, გეგონება შუა ოქტომბერი კი არა, აგვისტოს დასაწყისიაო, თუმცა ზვარში მაინც უამრავი ხალხია. შეიძლება გადაგიღოთ? - ვეკითხები ვენახში მომუშავეებს. "გადაგვიღე, მა არ უნდა გადაგვიღო?! ტელევიზორში გამოგვაჩენ?“- კახური აქცენტით, ხუმრობით მეკითხება შუახნის ქალი. - აქა რას იღებ, ჯო, ვერა ხედავ, სულ აღარაა ყურძენი?! აე, იქა, ისეთი ვენახია, ზუსტად გაზეთსა რო სჭირდება: ასხმულები, ლამაზები - მომახალა ერთ-ერთმა და ასე, ასიოდე მეტრით შორს მიმითითა. მეც მადლობას ვუხდი და იქით მივდივარ.

რატომღაც "ბითლზის" Strawberry Fields Forever მახსენდება, არადა რა შუაშია აქ მარწყვის მინდვრები? სამაგიეროდ ყურძნის ველებია იმხელა, იცოცხლე. გზადაგზა ქარვისფერ მტევნებს ვწაპნი. ქურდი კი გამოვდივარ, მაგრამ რა ვქნა, გემრიელია!

- ოოო, ჩვენი ჟურნალისტიც მოსულა! "კვირის პალიტრიდან" არა?“პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ, რომ ხელში არყის ჭიქას მაჩეჩებენ. არა, რას ამბობთ, აქ მე სამუშაოდ ჩამოვედი, სულ ტყუილად ვიმართლებ თავს, ძალიანაც მინდა ახლა ჭაჭა გადავკრა. თან სირცხვილია, კახეთში რთველზე ჩავიდე და უკან ფხიზელი დავბრუნდე! რას იტყვის ბახუსი?! ჩემი მეგობარიც, შემთხვევით რომ აღმოჩნდა ამ "გაუგებრობაში" (მხოლოდ იმიტომ, რომ წინადღეს კახეთში წამოყოლაზე დამთანხმდა), სულაც არ ჩანს უკმაყოფილო. გემრიელად მოკალათებულა მინდორზე და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ურახუნებს.

KvirisPalitra.Ge"აბა, ყავა ვის გინდათ? - ისმის სუფრის ბოლოდან. არადა, ვინ წარმოიდგენდა, შუა კახეთში, გახურებული რთველის დროს ცხელ ყავას თუ  შემომთავაზებდნენ! - ჩვენ, გენაცვალე, სვეტსკი რთველი გვაქვს, აბა როგორა, დროს მივყვებით, დროს!“- სიცილით მიხსნის ერთ-ერთი.

შესვენება მთავრდება, შესაბამისად, სუფრაც. ხალხი ნელ-ნელა უბრუნდება სამუშაოს, თუმცა, მე სულაც არ მინდა ჩემს საქმეს მივუბრუნდე,  აქაც მშვენივრად ვგრძნობ თავს. თან ჭაჭა თავისას შვრება. თუმცა, სამსახური სამსახურია და მომიწევს ფოკუსი თვალშიც გავასწორო და ფოტოაპარატის ობიექტივშიც.

რთველში ერთი რამ მომწონს ყველაზე მეტად - აქ სამუშაო იდეალურადაა განაწილებული. ერთნი კრეფენ, სხვებს ყურძნით სავსე ვედროები სატვირთომდე მიაქვთ, სადაც მტვირთავი მოთმინებით ელოდება... ერთი სიტყვით, შრომის განაწილება ისეთია, შვეიცარიული საათის მწარმოებელ ნებისმიერ ფირმას რომ შეშურდებოდა.

- გახედე, რა კარგი კადრია, შენს ადგილას ამას გადავიღებდი, მეძახის, ასე, ჩემი ხნის ბიჭი, ზოლებიანი მაისურითა და „პანამა ქუდით. მართლაც შესანიშნავი კადრია.  მადლობას ვუხდი და ფოტოაპარატს ვაჩხაკუნებ...

KvirisPalitra.Geსაღამოვდება, სამუშაო დღე მთავრდება. მალე სატვირთოს მძღოლიც მოვა, რომ დაკრეფილი ყურძენი ქარხანაში წაიღოს. რამდენიმე საათის წინ დალეული არაყი კიდევ უფრო მეკიდება. ხალხიც ნელ-ნელა იღლება, თუმცა სახალისო ამბებისა და ანეკდოტების მოყოლას მაინც განაგრძობენ. ხვალ კი ისევ დილაადრიან ადგებიან და საღამომდე იმუშავებენ, მანამ, სანამ ზვრებში ყურძნის ბოლო მტევანი არ დაიკრიფება. აქედან აღებული ფული წლიდან წლამდე გყოფნით? -  ვეკითხები გლეხებს. უნდა ვიმყოფინოთ, - მპასუხობენ და ყურძნით სავსე პარკს მაწვდიან საჩუქრად.

"მარშრუტკა" უკვე ქალაქისაკენ მომაქანებს. როცა მეღვიძება, უკვე თბილისში ვარ. კარგია, როდესაც სამუშაო დღის შემდეგაც თავს დასვენებულად გრძნობ. ბოდბეში კი ისევ დავბრუნდები, კახელებმა შობას დამპატიჟეს...

გიორგი გოგუა