"უზუნდარადან" "გამარჯვებამდე" - კვირის პალიტრა

"უზუნდარადან" "გამარჯვებამდე"

"როდის იყო გლეხკაცს ფუფუნებით ეცხოვროს, ხელს თუ გაიქნევ, მშიერი არ დარჩები, არ გაიქნევ და ეს წუთისოფელი გაგთელავს"

მშვენიერი სოფელია გამარჯვება. სოფელში კაკლებით დაბურული მოასფალტებული გზა შედის, ამ კაკლების ჩრდილში კი ფართოაივნიანი სახლებია შერიკრიკებული. ერთ დროს ძლიერი სოფელი იყო, საინტერესოა, რა ხდება ახლა, როგორ ცხოვრობენ იქაურები?! სწორედ ამიტომ ერთ დილით გამარჯვებულებს ვესტუმრე, მათი ჭირ-ვარამის გაზიარება ვცადე...

სოფლის უხუცესები მეუბნებიან, სოფელს გამარჯვება დიდი სამამულო ომის შემდეგ დაერქვა. 1942-43 წლებში სოფელმა ფული მოკრიბა და ომში ტანკის საყიდლად გაგზავნა. ომი გამარჯვებით დამთავრდა და სოფელსაც "გამარჯვება" დაერქვა. მანამდე უზუნდარა ერქვა, ჩვენს სასაფლაოზე პირველი მიცვალებული 1925 წელს დაიმარხა. სოფლის ისტორიასაც ამ თარიღიდან ითვლიანო.

...1950-იან წლებში სოფელში ხევსურები ჩამოასახლეს. ასე გაჩნდნენ არაბულები, წიკლაურები, გომელაურები... ხალხი კოლმეურნეობის კალოებზე მუშაობდა, კოლმეურნეობის დაშლის შემდეგ კი თავს მესაქონლეობით ირჩენდა. ახლა უმარცვლობის გამო ვერც ქათამი გაგვიზრდია და ძროხაც ვეღარ გვიყოლიებია. საკარმიდამო ნაკვეთები კი მოგვცეს, მაგრამ თითო ჰექტარი მიწისთვის იმ სიშორეზე შირაქში როგორ ივლიან მოხუცები, მანძილმა მიწას დაგვაშორა და მივატოვეთო! ჩივის სოფლის კოლორიტი ზურაბ ბიკაშვილი. "ათ კილო ნიორს და ათ კილო ხახვს რომ მოვიყვანთ, ჩვენ კი ვირჩენთ თავს, მაგრამ ახალგაზრდებს ვერ დააკავებ, მათი გული იქით იწევს, სადაც უკეთესი პირობებია," - ამატებს ივლიანე ბიკაშვილი.

ეს მართლაც ასეა, - სოფელში შუახანს გადაცილებულნი სჭარბობენ. 90-იან წლებამდე აქ 700 კომლი ირიცხებოდა, ახლა 500 კომლი ძლივსღაა. ვუყურებდი ამ ხალხის ნაჯაფარ ხელებს, მზისა და დარდისგან დამწვარ, დანაოჭებულ სახეებს და ძალიან კარგად მესმოდა მათი, ისიც, - გაჭირვებასთან ერთად კარგზეც რომ იმედიანად ლაპარაკობდნენ

"სოფელი მუდამ გაჭირვებისაა, როდის იყო გლეხკაცს ფუფუნებით ეცხოვროს, ხელს თუ გაიქნევ, მშიერი არ დარჩები, არ გაიქნევ და ეს წუთისოფელი გაგთელავს. კარგიც როგორ არ ვთქვათ - 20 წელიწადი წყალი არა გვქონდა, ცისტერნებით ვყიდულობდით, რომ ბაღჩეული მოგვერწყო და სასმელი წყალი გვქონოდა, ეხლა კი ყველას ოჯახში წყალი მოჩხრიალებს. დავისვენეთ, ამას თუ მოვესწრებოდით, არ გვეგონა," - თქვა ციცინო ბებომ (ეს სოფლის თავკაცმა, ელგუჯა წიკლაურმაც დაადასტურა, - ჩვენში წყლის გარდა, ორ სოფელს შორის დამაკავშირებელი ხიდი გაკეთდაო) და იქვე დაამატა, - მაგრამ ადამიანის ბუნება ასეა, ერთ გასაჭირს რომ მოაგვარებს, გაიხედავს და უკვე მეორე პრობლემა აქვს მოსაგვარებელი, -  შეშასაც ვეღარ ვშოულობთ, არადა, ბუნებრივმა აირმა ჩვენამდე ვერ მოაღწიაო.

ახალგაზრდობას კი უსტადიონობა უჭირს: ყველა სოფელს გაუკეთეს მინისტადიონი, ჩვენი შვილები კი ზაფხულში აბალახებულ მინდორში თამაშობენ, ჩვენ კი გული გვისკდება, ემანდ - უხსენებელი არ იყოსო, მეუბნებიან მოხუცები. ნინა მარტყოფელაშვილი კი თავის სადარდებელს მეუბნება, - "საბავშვო ბაღის აღმზრდელი ვიყავი, შემცირებაში მომაყოლეს, პენსიონერი ხარო. ჩემი პენსიით ორ დევნილ შვილიშვილს ვინახავ, შვილიც უმუშევარი დამრჩა - გალში იყო გათხოვილი, არეულობის დროს ორი შვილით უკან დამიბრუნდა, ქმარიც დაკარგა. ორ ბავშვს ჩემი ასი ლარი რას შეინახავს? შეშაც არა გვაქვს მომარაგებული, როგორ ვიყიდო, როცა ერთი პირი შეშა 80 ლარი ღირს?! რა გვეშველება, არ ვიციო".

...აქაურობის გასაჭირი ისიც არის, რომ სოფლის სულიერება ნანგრევებად ქცეულმა ზღმურდლის (Vს.) სალოცავმა კი შეინახა, მაგრამ სოფელს მოქმედი ტაძარი არ აქვს და არც მოძღვარი ჰყავს.

უკან გამობრუნებული ვტოვებდი შემოდგომის ხმელი ფოთლებით სავსე ეზოებს და ნაღვლიან მოხუცებს, რომელთა სახეზე ღიმილის დანახვა ძალიან მინდოდა. ამის მიუხედავად იმედს არ ვკარგავ, რომ ყველაფერი გამოსწორდება - ჩვენ ხომ არც ერთი დასაკარგი სოფელი არ გვაქვს, სოფელი ჩვენი ძირითადი ძარღვია.

ლალი მეხრიშვილი, კახეთი