"იდეინი" გურულები, ამერიკული პეპელა და ენვერიეს დაფეხვილი ტრაქტორი - კვირის პალიტრა

"იდეინი" გურულები, ამერიკული პეპელა და ენვერიეს დაფეხვილი ტრაქტორი

ჩემი აზრით, საქართველოში ისეთი  გავარდნილ ფიშტოსავით ხმაურიანი სახელი არც ერთ სოფელს არ აქვს, როგორიც გურულების ბახვს... სხვა რომ არაფერი, სწორედ აქ დაიწერა რომანოვების იმპერიის ძირგამომთხრელი "ბახვის მანიფესტი". მართალია, ამ იდეის გამო პირველად სწორედ ბახველებმა წაიტეხეს ცხვირი ახალგაზრდა ბოლშევიკების თარეშით, მაგრამ ცხვირი რა სახსენებელია, მთავარია, იდეები იყოს ცოცხალი!.. ეს ხუმრობით, რასაკვირველია. სერიოზულად კი, ამას წინათ თავად ვიყავი ოზურგეთში და ბახვში ასული კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იქაურების გონების სისხარტეში... ერთგან ჭისკენ გამექცა თვალი, ორღობეზე გადავეკიდე და დიასახლისს მივაძახე:

- ერთ ჭიქა ჭის წყალს ვერ დამალევინებ?

- რას ქვია, ნენა, წყალი კი არა, ღვინო მიირთვი, მაგაზე უკან არ დეიხიოს ჩემმა ოჯახმა! - გამომძახა და მშვენიერ ეზოში შემიძღვა. მეც შევყევი და თან გამოდევნებულ მურიას მივაძახე: - თავი დამანებე, შესაყეფი ვერავინ ნახე?!

- ნუ გეშინია, ენას ივარჯიშებს, აქანე მეზობლების მეტი არავინ დადის და იგენს ხომ არ შეუყეფს! - დამამშვიდა დიასახლისმა და სახლის ბანისკენ გამიძღვა.

- სახლში ვერ შემოვალ, დეიდა, მეჩქარება.

- თავს მჭრი, ნენა? სტუმარი შვა ეზოდან უნდა გამაშვებინო? წყალიც უნდა მოგიტანო და ადესაც, ოღონდაც მაი ჭაი არ მიხსენო.

- რატომ?

- იმიზა, რომე, რაც ამერიკული პეპელა შეწამლეს, მას შემდეგ არ დაგვილევია, მაი ჭის წყალი, რა ვიცი, რა ჯანდაბა იყო იმ წამალში!

აი ჭიები, ნენა, გაწყვეტის ნაცვლად ისე დასუქდნენ, ავ თვალს არ ენახვებიან! იმფერს მეიწეოდნენ სახლში, სულ ცოცხი გვეჭირა კუდიანებივით ხელში და უკან დავდევდით. გააწყვენ ბუდები ყველა კუთხეში და გამომზეურდებიენ გაზაფხულზე. შენც არ მომიკვდე, მაგენი კარგა ხანს არ აპირებენ აქედან წასვლას.

- ამერიკული პეპელაც ისე იქცევა, როგორც ყველა ჩვენთან ჩამოსული - მოდიან და მერე წასვლა აღარ უნდათ...

- მაი მასეა, ნენა, მარა გააჩნია მომსლელს... აქანე ჩვენ ერთი იმფერი ამერიკელი მასწავლებელი გვყავდა, ნეტა, იგი დარჩენილიყო ბახვში და აქეთ მოვუწყობდით ბუდეს, ცოლსაც შევრთავდით და ყოლიფერს...

- რა იყო ამისთანა?!

- კაი ბიჭი იყო ნამეტანი! იმფერი სახელი დატია, რამდენი გაგვახსენდება, ლოცვას ვუთვლით. წყალი რომ არ იყო ბახვში, საკუთარი ფული ამეიღო ჯიბიდან, წყალი შემეიყვანეთო. აბა, ბაღნებს ხომ უფასოდ ასწავლიდა ინგლისურს... გადარეული წევიდა ბახვიდან. მერე ჯერ დედ-მამა ჩამეიყვანა, ამფერი ხალხი არსად შემხვედრია და თქვენი თავი რაფერ არ უნდა გავაცნოო! მერე ცრემლის ხოცვით წევიდა - უთქვენოდ რაფერ უნდა ვიყოო.

- თქვენ ეს მითხარით, თხილის მოსავალი როგორი გაქვთ.

KvirisPalitra.Ge- ღვთის ნებით, თხილობიდან თხილობამდის გაგვაქვს თავი. მარა, აი ამერიკული პეპელა დაემუქრა ნამეტანი - თხილის ფოთოლს ატკბარუნებს ყველაზე გემრიელად. ის კი არა, კაკლის ფოთოლზეც არ ამბობენ უარს - ხომ ნაღველასავით მწარეა, მარა მაინც გემრიელად მიირთმევენ. იმდენი არიან, ზედ სასკოლო ბაღნებმა ისწავლენ თვლა - გასრესენ ფეხით და ითვლიან - ამდენი და ამდენი დავხოცეთო. სატირალია, მაგრამ ჭირსაც იუმორით ვუყურებთ. რა ვქნათ, ნენა, იმდენი გაჭირვება გვაქვს, ყველაფერზე ვაი-ვუი თუ ვიძახეთ, წევიღებთ დროზე ადრე წერილს.

- კი, გურულებს ეგ არ გეშლებათ. აქ რომ მოვდიოდი, ერთი კაცი შემხვდა დაჟანგებული ტრაქტორით - ქორწილში მივდივარ მაყრად, თან ხილი მიმაქვს, თქვენც დაპატიჟებული ხართო. თუ არ ვცდები, ენვერი ერქვა.

- დეიღუპა მაგის ტრაქტორი და მაგის თავი! ახლა მაყრად ტრაქტორით ვინ მიდის! ახლა აქანე, რა ქვია იმას, გრძელი მანქანა რომაა? იმას ქირაობენ ქორწილებში, მაი უხარია ბაღნებს.

- გურიაში ლიმუზინიც ჰყავთ?!

- ვითომ რეიზა არ უნდა გვყავდეს, სხვაზე ნაკლები ვართ?! ისე, მაგ ენვერიას ტრაქტორმა ნამეტანი კაი სამსახური გაწია თავის დროზე, პური რომ არ იშოვებოდა იმ წლებში; დააჯენდა ზედ ხალხს, წეიყვანდა ქალაქში და დააყენებდა პურის ოჩერედში. თან შეშა მიქონდა ცეცხლის დასანთებად. ახლაც თუ რამე მისატან-მოსატანია სოფელში, მაი ტრაქტორი კაი სამსახურს გვიწევს, - ძველია, ჩინური ტექნიკასავით კი არ არის, თან რომ მიდის და თან ნაწილები ცვივა.

ჯერ მარტო ერთი ხილის საწარმო რომ გახსნან გურიაში და იმის წვენი გამოწურონ, რაც ჩვენ სოფელში ხილია, მთელი ოზურგეთის ბაღნებს ეყოფა და რაც საქართველოში ხილია კიდევ - მთელი საქართველოს ბაღნებს. მაგრამ ვინაა მთავრობაში ამის ხელშემწყობი? არავინ! ახლა კიდო არაფერი გვიჭირს, ხალხმა ცოტა მეიხედა - ზოგმა სახლი ეიშენა, ზოგმა - ბანი... ზოგს ენვერიასავით ტრაქტორი აქვს, ზოგმაც "მერსედესი" იყიდა. სამეზობლომაც ცოტ-ცოტა სული მეითქვა. მეც ღმერთს ვეხვეწები, ნეტა ჩემი მეზობელი იყოს შეძლებული, რომ გამიჭირდება, შორს წასვლა არ დამჭირდება, მასთან მივალ-მეთქი. ასეა, აი ამბავი! - მითხრა ღიმილით ჩემმა მასპინძელმა. კიდევ ცოტა ხანს ვისაუბრეთ და გამომშვიდობებისას სურათის გადაღება შევთავაზე, მაგრამ სასტიკი უარი მითხრა, ახლა რაცხა ლამაზად ვერ გამევიყურებიო!

რას ვიზამდი... წამოსვლისას გზაზე ისევ ენვერია შემხვდა თავისი ტრაქტორით (მეზობლის ქორწილში ისევ დამპატიჟა) და ამერიკულ პეპელაზე ანგარიშნასწავლი პატარა, ბუთხუზა ბახველები. მეც ისინი გადავიღე. აი, ქორწილში კი ვეღარ წავედი. ისე, ცუდი არ იქნებოდა - გულით და სულით დავლოცავდი ბახველებს, მაგრამ არ უშავს, აქედან მივაწვდენ ხმას: იმრავლეთ, გურულებო, ღმერთმა თქვენისთანა ხალხი და ბახვისნაირი სოფლები არ გამოლიოს ჩვენს მშვენიერ სამშობლოში!