ხელისუფლება ბიძინას შეკითხვებს უსვამს - კვირის პალიტრა

ხელისუფლება ბიძინას შეკითხვებს უსვამს

მოგეხსენებათ, სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია პირდაპირ ეთერში გადასცა, თუმცა ზოგიერთი ჟურნალისტი შეეცადა, ეს არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო პრესკონფერენცია თავისი კითხვებით მასკარადად გადაექცია. გამოუვიდათ ეს თუ არა, საკითხავია, თუმცა ფაქტია, ჟურნალისტებს ეტყობოდათ, რომ კითხვებს არცთუ დიდი სიამოვნებით სვამდნენ. ჩვენ შევეცადეთ, გაგვემარტივებინა ეს პროცედურა და გადავწყვიტეთ, პრესკონფერენციაზე წარმოგვედგინა ჟურნალისტების  უკან მდგომი ხელისუფლების წარმომადგენლები. მაშ, ასე, პრესკონფერენცია, სადაც ბიძინა ივანიშვილს კითხვებს ხელისუფლება უსვამს.

ნუგზარ წიკლაური: "1 არხი": ბატონო ბიძინა, ჭორვილაში, გზაზე, სადაც თქვენ დადიხართ, 50 წლის წინ დადიოდნენ პარტიული ფუნქციონერები, უფრო ადრე ახალგაზრდა სტალინსაც გაუვლია ეს გზა. ადვილად შესაძლებელია, იმ ავბედით 37-იან წლებში კომუნისტურ რეჟიმს სწორედ მაგ გზის გასწვრივ დაეხვრიტა უდანაშაულო ადამიანები. როგორ ფიქრობთ, არ არის ეს თქვენი რუსეთთან კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი? ხალხო, ნუთუ კიდევ გაქვთ ეჭვი, რომ ბატონი ბიძინა რუსეთის თამაშს თამაშობს?

ბიძინა ივანიშვილი: - ღრმად განათლებული ბრძანდებით, ბატონო ნუგზარ. ჩვენ უკვე ვიზრუნეთ მაგ საკითხზე და უახლოეს მომავალში საჩხერიდან ჭორვილამდე ახალი გზის მშენებლობა დაიწყება.

ვანო მერაბიშვილი: ტ/კ "რეალ-ტვ": - ბატონო ბიძინა, თქვენ განაცხადეთ, რომ არ გიყვართ ბეღურები, რადგან ისინი ბუდეებს ართმევენ მერცხლებს. პირადად მე ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჩვენც ბევრისთვის წაგვირთმევია ბიზნესი, მაგრამ ამას მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების გამო ვაკეთებდით. ჩემი შეკითხვა ასეთია: იქნებ ბეღურებიც სახელმწიფო ინტერესებს ითვალისწინებენ, როცა მერცხლებს ბუდეებს ართმევენ?

ბიძინა ივანიშვილი: - სიმართლე გითხრათ, მერცხლების ქართველ ბიზნესმენებთან შედარება არ შეიძლება. ბუდეებწართმეული მერცხლები პროტესტის ნიშნად თბილ ქვეყნებში მაინც მიფრინავენ, ბიზნესწართმეული ქართველები კი მერცხლებივით ჭიკჭიკებენ.

ვერა ქობალია: ტ/კ "1 სტერეო": - ამას წინათ საქართველოში ჩამოსული იყვნენ ბოლივუდელი ინვესტორები. პროექტის ორგანიზატორი მე ვიყავი. მოგეხსენებათ, ეკონომიკა და ბიზნესი საბავშვო თამაში არ არის. თქვენ გაქვთ ბოლივუდის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება?

ბიძინა ივანიშვილი: - მართალი ბრძანდებით, რუსეთის წიაღისეულის მეხუთედის ფლობა არ ნიშნავს კარგ ბიზნესმენობას. ნავთობი, ოქრო, წიაღისეული, ტექნოლოგიები და სხვა სახის ბიზნესი დღეს მეორე პლანზე გადადის. მთელი მსოფლიო ბოლივუდისკენ ისწრაფვის, ამიტომ ჩვენი მოსვლის შემთხვევაში გავიზიარებთ თქვენს გამოცდილებას და კიდევ უფრო მეტ ბოლივუდელ ინვესტორს მოვიზიდავთ.

გოკა გაბაშვილი: ტ/კ "მზე": - ბატონო ბიძინა, მომავალ პარლამენტში აუცილებლად დაგჭირდებათ ისეთი გამოცდილი კადრები, როგორებიც ვართ მე, გიგი წერეთელი, მიხეილ მაჭავარიანი...

ბიძინა ივანიშვილი: (სიტყვას აწყვეტინებს) - მე ვფიქრობ, თქვენ არა მხოლოდ მომდევნო, იმის მომდევნო, იმის მომდევნო და იმის მომდევნო პარლამენტშიც უნდა იყოთ...

გიგი უგულავა: ტ/კ "იმედი": - ბატონო ბიძინა, მოსახლეობა აღშფოთებულია წყლის ტარიფის გაზრდის, ასევე სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის საფასურის მომატების გამო, აღარაფერს ვამბობ დენზე ნაგვის გადასახადის მიბმის გახმაურებულ ფაქტზე. ასეთი შეკითხვა მაქვს: თქვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, იმედია, ამ ყველაფერს მოაგვარებთ, მაგრამ ვინც ეს გააკეთა, იმ ადამიანს რა ელის? დასჯით?

ბიძინა ივანიშვილი: - არ ვარ დასჯის მომხრე, თუმცა ამ შემთხვევაში დასჯის სხვა ფორმას გამოვიყენებთ. კერძოდ, ამ ადამიანს დავუნიშნავთ ხელფასს - 200 ლარს  ყოველთვიურად და მხოლოდ მისთვის დავტოვებთ ამ გადასახადებს. ვნახავთ, როგორ გადაიხდის.

მიხეილ სააკაშვილი: ტ/კ "რუსთავი 2": - თქვენ განაცხადეთ, რომ სამ წელიწადში დატოვებთ პოსტს. რა გარანტია აქვს ქართველ ხალხს, რომ არ მოატყუებთ და ნამდვილად დატოვებთ? წარმოიდგინეთ, ზიხართ ავლაბრის რეზიდენციაში, გყავთ 60-მილიონიანი თვითმფრინავი. დაფრინავთ, სადაც გინდათ, ჩამოგყავთ უცხოელი ვარსკვლავები, აკეთებთ, რაც გინდათ, ერთობით მაგრად... შეძლებთ, ამ ყველაფერს შეელიოთ?

ბიძინა ივანიშვილი: - რას გეტყვით, იცით? რაც თქვენ ჩამოთვალეთ, ჩემთვის ეგ უცხო არ არის. იკითხოს იმან, ვისაც ეგეთი რაღაცები უკვირს.

ლევან ვარშალომიძე: "აჭარის ტელევიზია": - ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყოველ მეორე დღეს ხომ არ აპირებთ ბათუმში ჩამოსვლას? ან ნოემბერში ზღვაში ბანაობა ხომ არ გიყვართ?

ბიძინა ივანიშვილი: - არა.

ლევან ვარშალომიძე: - უფ, რა კარგია... დიდი მადლობა, მეტი შეკითხვა არ მაქვს.