"რწყილი და ჭიანჭველას" "ნაცძმობის" ზღაპარი - კვირის პალიტრა

"რწყილი და ჭიანჭველას" "ნაცძმობის" ზღაპარი

მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" დამეგობრდნენ. პირწმინდად მოიგეს არჩევნები და შეუდგნენ ქვეყნის მართვას - დააგეს გზები, აანთეს შუქი, შექმნეს პატრული, მოსპეს ქურდული სამყარო...მაგრამ ერთ დღეს მიხვდნენ, რომ ოპოზიცია არ ჰყავდათ და...

სასამართლო თავიანთ ხელქვეითად აქციეს, ბიზნესი დააწიოკეს, ბიუჯეტი საკუთარი ოცნებების ასახდენად გამოიყენეს და ა.შ. ამასობაში მიშა და "ნაციონალური მოძრაობა" მიადგნენ 2012 წლის არჩევნებს და ივანიშვილიც გამოჩნდა. მიშა ახტა, დახტა და გადახტა (1 წელი კიდევ ჰქონდა დარჩენილი). ნაცმოძრაობა ახტა, დახტა და...

- მიშველე მიშა, არ მომცემს ხალხი ხმას! - შეევედრა პრეზიდენტს ნაცმოძრაობა. მიშამ იფიქრა, ესენი თუ დავკარგე, 2013-ში მე პრემიერად ვინ ამირჩევსო და პარტიის გადასარჩენად წავიდა.

ახტა, დახტა, ევროკავშირში ჩახტა და სარკოზის სთხოვა:

- ნიკოლა, დამეხმარე გაპრემიერმინისტრებაში, გავაყალბებ არჩევნებს, გადავარჩენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიქნები და ვიქნებიო.

სარკოზიმ უთხრა:

- შენ რომ თავისუფალი სასამართლო არ შეგიქმნია? მე მარტო მაგას ვერ ვწყვეტ, წადი მერკელთანო.

რა ექნა მიშას? წამოვიდა და შექმნა თავისუფალი სასამართლო. მერმე ახტა, დახტა და მერკელთან ჩახტა:

- ანგელა, დამეხმარე პრემიერად დარჩენაში; თავისუფალ სასამართლოს ვაჩვენებ სარკოზის, სარკოზიც დამიჭერს მხარს, გადავარჩენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიქნები და ვიქნებიო. ანგელამ უთხრა:

- შენ რომ ტელევიზიებს აკონტროლებო?

რა ექნა მიშას? გაათავისუფლა ტელევიზიები. მერე ახტა, დახტა და ინგლისში, კამერონთან ჩახტა:

- დევიდ, დევიდ, დამიჭირე მხარი, პრემიერი რომ გავხდე. დამოუკიდებელ სასამართლოს ვაჩვენებ სარკოზის, სარკოზი დამიჭერს მხარს, მერე გათავისუფლებულ ტელევიზიებს ვაჩვენებ მერკელს, მერკელიც დამიჭერს მხარს, მოვიგებ არჩევნებს და გადავარჩენ ჩემს ძმობილ "ნაციონალურ მოძრაობასო".

კამერონმა უთხრა:

- შენ რომ ბიზნესს ატერორებო?

რა ექნა მიშას? ადგა და აკრძალა ბიზნესის ტერორი. მერე ახტა, დახტა და რასმუსენთან ჩახტა:

- ანდერს ფოგ! გავათავისუფლე მედია, შევქმენი დამოუკიდებელი სასამართლო, ავკრძალე ბიზნესის ტერორი, მიმიღე ნატოში, დავრჩები პრემიერად, გადავარჩენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიქნები და ვიქნებიო.

რასმუსენმა უთხრა:

- შენ რომ ივანიშვილს მოქალაქეობა ჩამოართვიო?

- ეგ თუ მივეცი ბიძინას, მერე შენი მხარდაჭერა რაღას მიშველისო, –- თქვა მიშამ, მაგრამ რა უნდა ექნა? დაუბრუნა ივანიშვილს მოქალაქეობა. მერე ახტა, დახტა და ამერიკაში ობამასთან ჩახტა:

- ბარაკ, დამთანხმდი პრემიერობაზე, მერე გათავისუფლებულ მედიას ვაჩვენებ მერკელს, მერკელი დამთანხმდება; მერე დამოუკიდებელ სასამართლოს ვაჩვენებ სარკოზის, სარკოზიც დამთანხმდება; მერე თავისუფალ ბიზნესგარემოს ვაჩვენებ კამერონს, მომცემს კამერონიც თანხმობას; მერე მოქალაქეობააღდგენილ ივანიშვილს ვაჩვენებ რასმუსენს, რასმუსენი  მიმიღებს ნატოში... დავრჩები პრემიერად ან პრეზიდენტად, გადავარჩენ "ნაციონალურ მოძრაობას" და ვიქნები და ვიქნებიო.

ობამამ უთხრა:

- ეგ ყველაფერი კარგია, მაგრამ შენი დარჩენა არადემოკრატიულია, დააზარალებს შენი ქვეყნის იმიჯს, ამიტომ უნდა წახვიდეო. გაბრაზდა მიშა. ახტა, დახტა და მოულოდნელად პუტინთან ჩახტა:

- აქ რამ მოგიყვანაო?! - გაუკვირდა პუტინს.

- ხელისუფლებაში მინდა დარჩენა. სასამართლო, ბიზნესი და მედია გავათავისუფლე, მაგრამ მეუბნებიან, მაინც უნდა წახვიდეო.

- მერე? ლანძღვა რომ დამიწყე, თავიდანვე ჩემთან მოსულიყავი, სასამართლოს, მედიისა და ბიზნესის გათავისუფლებაც აღარ დაგჭირდებოდა. თუ მართლა ჩემსავით გინდა, სულ იყო და იყო, დღეიდან მე დამიჯერეო.

- შენ ყოფილხარ ჩემი ძმა და არ მცოდნია, როგორ ვგავართ ერთმანეთსო! - შესძახა მიშამ და გახარებული წამოვიდა "ნაციონალური მოძრაობის" გადასარჩენად.

ჭირი იქა, ლხინი აქა...