გულახდილი ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან - კვირის პალიტრა

გულახდილი ინტერვიუ საქართველოს პრეზიდენტთან

პრეზიდენტთან ინტერვიუ ყველა ჟურნალისტის ოცნებაა, მათ შორის -  ჩვენიც. ეს ოცნება, ალბათ, არასდროს აგვიხდება, ამიტომ ფანტაზიის ამარა ვართ დარჩენილი. წარმოვიდგინეთ, რომ პრეზიდენტს ვესაუბრებით, თუმცა ამით არ დავკმაყოფილდით, უფრო შორს წავედით და წარმოვიდგინეთ, რომ ინტერვიუს დროს პრეზიდენტი გულახდილია. მერე ეს წარმოდგენილი ინტერვიუ დავწერეთ და მკითხველს ვთავაზობთ. მაშ, ასე, როგორი იქნება გულახდილი ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან.

- გამარჯობა, ბატონო პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ინტერვიუზე დამთანხმდით.

- არაფრის, უბრალოდ, მინდა, დასავლეთს დემოკრატად მოვაჩვენო თავი, თორემ არ დაგთანხმდებოდით.

- პირველი შეკითხვა: რას იტყვით ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენაზე?

- აბა, რა გითხრათ... ჩემთვის ძალიან ცუდია... მოგეხსენებათ, ოპოზიცია განეიტრალებული მყავდა, ხალხი მათ მარგინალებს უწოდებდა, არც ჩვენ ვეხატებოდით გულზე, მაგრამ ოპოზიციას საერთოდ ვერ იტანდა. ასეთ ვითარებაში ასი არჩევნები რომ ჩამეტარებინა, ასივეს მოვიგებდი... ახლა გამოჩნდა ეს ბიძინა და, ჩემი გათვლით, დაახლოებით 70-80%-იანი რეიტინგი აქვს. ვმუშაობთ მე და ვანო მისი რეიტინგის დასაცემად, თუმცა ძალიან გვიჭირს...

- ბატონო მიშა, მოქალაქეობას რატომ არ აძლევთ ივანიშვილს?

- ძალიან ხუმარა ჟურნალისტი ხართ, რა! მოქალაქეობა რომ მივცე, მერე  არჩევნებში მონაწილეობის უფლება ექნება, ფინანსური რესურსის გამოყენების უფლება ექნება და არჩევნებს მოგვიგებს, ამიტომ თუ ძალიან არ გამიხურეს დასავლეთიდან, მოქალაქეობას არ მივცემ.

- ხელფასებს რომ გიხდიდათ ივანიშვილი?

- მაშინ კარგი კაცი იყო, ვაღიარებ, ხელფასს კი არა, რაც შენობა გამიხსნია, ნახევარზე მეტი მაგის აშენებულია; მაშინაც კარგი კაცი იყო. ახლა პოლიტიკაში მოვიდა და აღარ მომწონს - კაცი ვარ და გუნება..

- ახლა რუსეთის აგენტია, ესე იგი?

- რუსეთის აგენტი არა ის, კიდე! არავის აგენტი არ არის, უბრალოდ, უკეთესი ვერაფერი დავაბრალეთ, მაგრამ უბედურება ის არის, რომ ესეც არ ჭრის, ახალი უნდა მოვიფიქრო რამე.

- კარგი, დავანებოთ თავი ივანიშვილს... ჩვენი ეკონომიკა მართლაც ათეულშია?

- იცით, ეგ როგორ არის? იქ, უცხოეთში, მხოლოდ კანონებს უყურებენ; ამ  კანონებით ბიზნესის დაწყება მართლაც ადვილია, მაგრამ მე ეს ისე გამოვიყენე ხალხის დასაბოლებლად, ვითომ ეკონომიკის მიხედვით ვართ პირველ ათეულში (პიარში მაგარი ვარ, რა!).

- დენის გადასახადზე ნაგვის მიბმა?

- ეგ უნდა მაპატიოს ჩემმა მოსახლეობამ, უბრალოდ, ვერ ავიტანე, გიგი უგულავამ ჩემზე მეტი ხმა რომ მიიღო არჩევნებზე და ახლა რეიტინგს ვუგდებ.

- რაც შეეხება ბენზინის ფასს - რატომ არ იკლებს?

- იმიტომ, რომ მონოპოლია მაქვს და რა ფასსაც ვეტყვი, იმას ადებენ, არ დაადებენ და (იცინის).

- ბატონო მიშა, გაფიცებთ ყველაფერს, ბათუმში კვერცხების ძეგლი მოგწონთ?

- კი, ძალიან მომწონს. ეს არის მსოფლიო არქიტექტურის შედევრი!

-  ჩვენი საუბრის ბოლოს კურიოზს ხომ არ გაიხსენებდით?

- ხოო, რა მახსენდება, იცით? ნოემბრის ამბებია, ამდენი ხალხი მიყვირის "გადადექი, გადადექის", შეშინებული ვართ ყველა... ჰოდა - ნუ გეშინია, მე ვიცი, რაც უნდა ვქნათო, - თქვა ვანომ და დაურეკა გრეჩიხას. მოვიდა გრეჩიხა და შემომაპარა, რომ ბანკის გასახსნელად ფული უნდოდა. მიეცი მილიონი ახლავე და დანარჩენს მერე შეჰპირდი-მეთქი, -  ვანოს ვუთხარი. მისცა ვანომ ფული, დაიშალა ხალხი, გავანეიტრალე ოპოზიცია და მირეკავს გრეჩიხა. მე და ვანო ვართ ოთახში. ვანომ აიღო ყურმილი და ამბობს: "ტელეფონი გასულია მომსახურების ზონიდანო!" კინაღამ დავიხოცეთ სიცილით.

- მართლაც სასაცილო ამბავია, ბატონო პრეზიდენტო. 2013 წელს რას აპირებთ?

- ახლა, დასავლეთი რომ მოვადუნო, ვამბობ, რომ არ მინდა პრემიერობა, მაგრამ ჩემი რესპუბლიკელები და მაკკეინი თუ მოვიდნენ ამერიკაში, 20 წელი მოგიწევთ ჩემი ყურება (იცინის).