"ფეხბურთიც და პოლიტიკაც უნდა დავამუღამოთ" - კვირის პალიტრა

"ფეხბურთიც და პოლიტიკაც უნდა დავამუღამოთ"

მიტინგები და არეულობები რომ მოგენატრება კაცს, ესაა ცხოვრება? რესპონდენტი ვერ გვიშოვია, ჩვენებურად რომ მივადგეთ და "ვაქოთ და ვადიდოთ". ბოლო

დღეებია, ოპოზიციის წარმომადგენლები სატელევიზიო გამოსვლებისას ისეთი ხმით ამბობენ, - მალე დავამხობთ ამ მთავრობასო, ჩემი მეზობელი ბავშვებს აყურებინებს, კარგად რომ დაეძინოთ. მთავრობა კი ,"კუთვნილი" ტელეარხებით შეტევაზე გადავიდა, ახლა მხოლოდ "კანტროლკას" გაკეთებაღა დარჩა და "მორჩა კინო"! რა უნდა ვქნათ, რა წყალში გადავვარდეთ, აღარ ვიცით. "რესპონდენტგამოლეული ჟურნალისტები ექსპერტებს ეჭიდებიანო", - ხომ გაგიგონიათ, სწორედ ასეთ მდგომარეობაში ვართ ჩვენც, მაგრამ რაც კი საქართველოში ექსპერტი იყო, ყველასთან ვიყავით, ამიტომ ასეთი რამ გადავწყვიტეთ: მაინც კი ამბობენ, ექსპერტებს ჟურნალისტები ქმნითო... ჰოდა, დავიწყებთ ჩვენც ცნობილი სახეების "გაექსპერტებას", თანაც ერთი კი არა, რამდენიმე მიმართულებით. მაშ ასე, დღევანდელი ჩვენი რუბრიკის სტუმარია ექსპერტი იუმორის, ტელეწამყვანობის, ფეხბურთისა და პოლიტიკის საკითხებში - ნიკა ქავთარაძე.

- ნიკა ბატონო, დღეს ჩვენ საქართველოს ორ დიდ უბედურებაზე, პოლიტიკასა და ფეხბურთზე უნდა ვისაუბროთ. რომლით დავიწყოთ?

- სულ ერთია, რომლითაც გინდათ. ორივე ერთნაირ მდგომარეობაშია.

- მაშინ ფეხბურთით გავხურდეთ.

- ეგრე იყოს. თანაც ფეხბურთში ჩემი ფავორიტი მყავს. ზესტაფონს ვგულშემატკივრობ. პოლიტიკაში კი ასეთი არ მყავს. რაც შეეხება ფეხბურთს, არჩევნები ჩატარდა, ახალი პრეზიდენტი გვყავს.

- წინა არჩევნებთან შედარებით, ნაკლებად ხმაურიანი იყო. ყოველ შემთხვევაში, ერთი კვირა გავიდა და სიჭინავასთვის ჯერ არ დაურეკავთ.

- რა არის, იცი? როცა რომელიმე კანდიდატს აძლევ მანდატს და ეს ხდება დამოუკიდებლად თუ დამოკიდებულად, მნიშვნელობა აღარ აქვს. როცა 29 კაცი ირჩევს, პრეტენზია აღარ უნდა იყოს, რომ საფეხბურთო სამყაროს არ უნდოდა, მაგრამ დარეკა ობამამ და გვიბრძანა, - სიჭინავა სჭირდება მსოფლიო პოლიტიკას და უნდა აირჩიოთო.

- ობამაზე დიდმა კაცმა არ დარეკა წინა არჩევნებზე?

- ეგ სულ სხვა რამაა. თუ შენ ვიღაცა გირეკავს, გიყვირის და შენც გადაწყვეტილებას ცვლი, ეს შენი პრობლემა უფროა, ვიდრე დამრეკავის.

- მაშინ ის გვითხარით, როგორ გახდა ყველასათვის უცნობი კაცი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი?

- აქ არის ორი ვარიანტი: ცუდი და კარგი. ცუდი ისაა, რომ - კანდიდატი და დელეგატები შეთანხმდნენ - აკეთონ მაყუთი ერთად. კარგი კი ისაა, რომ შეთანხმდნენ, უშველონ ქართულ ფეხბურთს. პირველი ვარიანტი გამორიცხულია.

- რატომ? არ კეთდება ფეხბურთში მაყუთი?

- შეიძლება ვიღაცები მაიმუნობენ, მაგრამ იმიტომაც არსებობს მთავრობა, რომ ეს გააკონტროლოს. დანარჩენი კი ჩვენ, ხალხმა უნდა გავაკეთოთ.

- რა უნდა ქნას ხალხმა, ფეხბურთელის მაგივრად ხომ არ ითამაშებს?

- ხომ გაგიგონიათ, რომ ამბობენ, სტადიონზე მოსული ხალხი გუნდისთვის მეთორმეტე მოთამაშეაო. ერთ ფაქტს გავიხსენებ: რამდენიმე წლის წინ სტუმრად გერმანიის ნაკრები გვეწვია. ის თამაში წავაგეთ. მატჩის შემდეგ ერთ-ერთმა გერმანელმა ფეხბურთელმა თქვა, - რომ გამოვედით მინდორზე და ტრიბუნებს შევხედე, იმდენი ხალხი იყო, ცოტათი შემეშინდა კიდეც, თუმცა დაიწყო თამაში და მივხვდი, რომ მაყურებელი ჩვენი იყო. აი, რა უნდა გააკეთოს ხალხმა. ჩვენმა კალათბურთელებმა იმხელა წარმატებას რომ მიაღწიეს, აბა, თუ გამოვიდა ვინმე ქუჩაში და თუ აღნიშნა? რატომ მოვუგეთ შოტლანდიას თუ გახსოვთ?

- რომ მოვუგეთ კი გვახსოვს, მაგრამ ყველასთან ვაგებთ და იმ შოტლანდიელებს მართლა რატომ მოვუგეთ?

- რატომ და თამაშამდე ორი დღით ადრე, ხალხი მზად იყო მოსაგებად. აქ ცოტა ქართულმა მენტალიტეტმაც იმოქმედა. ქალაქში რომ კაბიანი კაცები გამოჩნდნენ თავიანთი გუნდის საქომაგოდ, ამათ როგორ უნდა მოგვიგონო, შეურაცხყოფად მიიღეს ქართველებმა, გადაიცვეს ჩოხები და ისეთი ამბავი ატეხეს სტადიონზე, შოტლანდიელები გაოცებულნი გვიყურებდნენ. ბიჭებმაც უფრო მაგრად ითამაშეს. ხალხის მხარდაჭერა ბევრს ნიშნავს ფეხბურთელისთვის.

- სტადიონზე ყვირილი და გინება ნამდვილად არ გვეშლება, ბატონო ნიკა.

- ჰო, კი... ჩვენს ფეხბურთელებს კარგად ვაგინებთ და ვლანძღავთ, მაგრამ რამდენი ხანია არ გინახავთ, სავსე სტადიონი ერთხმად რომ გუგუნებს, უსტვენს, მღერის... ალბათ შოტლანდიასთან მატჩი იყო ბოლო.

- ცდებით, ჩვენ 26 მაისს ვნახეთ ბოლოს.

- ჰო, 26 მაისი გამომრჩა. იმ დღესაც კარგი მატჩი იყო. პოლიტიკა და ფეხბურთი ერთმანეთთან ახლოს რომ იყო, ვიცოდი, მაგრამ 26 მაისს მთლად ჩაეხუტნენ ერთმანეთს.

- მოდი, შევადაროთ ფეხბურთელთა და პოლიტიკოსთა გუნდები ერთმანეთს.

- რა შედარება ამას უნდა? მწვრთნელები, თავდამსხმელები, მცველები, ნახევარმცველები და პრეზიდენტი ორივეს ჰყავს.

- აპრილში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის საინტერესო მატჩი შედგა, არა?

- კი და ტოტალიზატორულად თუ მივუდგებით, "ტაიმბოლი" წამოვიდა.

- ეგ როგორ?

- როგორ და პირველი ტაიმი ოპოზიციამ მოიგო, მთლიანად მატჩი კი ხელისუფლებამ.

- ბატონო ნიკა, ახლა პოლიტიკაზეც უნდა დაგისვათ ერთი გამანადგურებელი კითხვა...

- კი ბატონო, არ დამინდოთ.

- თანამდებობის გარეშე მიშისტობა ცოტა გაუგებარი რამაა და იქნებ აგვიხსნათ?

- დავიწყებ იმით, რომ ღმერთმა ისე ნუ გამიჭირვოს, თანამდებობა და პოლიტიკა მოვინდომო. გასაგებია, რომ საზოგადოება ხელისუფლების მხარდამჭერად მთვლის. შესაძლოა, ბევრ რამეში რომ ვეთანხმები ხელისუფლებას, იმიტომ, მაგრამ როცა კონკრეტული რაღაც ხდება და არ მომწონს, შემიძლია მივიდე და ვუთხრა. რა საჭიროა, ეს ყვირილითა და მიტინგზე გასვლით გამოვხატო. იცი, რაშია პრობლემა? მუშაობა გვეზარება და ამას კარგად იყენებს ოპოზიცია. კაცი შინ რომ ზის, არაფერს აკეთებს, ამ დროს მიდის ოპოზიცია და ეუბნება - შენ რომ თოხი დაგეჟანგა, ყანა გაგიჩანაგდა და მოსავალს ვერ მიიღებ, მთავრობის ბრალიაო. ის კაციც ფიქრობს, მე ჩემი ბრალი მეგონა, თურმე მთავრობის ბრალი ყოფილაო და ამით იხსნის პასუხისმგებლობას.

- არ ყოფილა მაშინ საშველი და ეგაა.

- ერთადერთი საშველია. ფეხბურთიც და პოლიტიკაც უნდა დავამუღამოთ.