ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ტანო ტატანო

ეს ამბავი ქუთაისში მოხდა. ახალგაზრდების ჯგუფმა ქეიფი გადაწყვიტა. ერთ-ერთის ოჯახში შეიკრიბნენ და კარგადაც მოილხინეს, მაგრამ ერთ სტუმარ გოგონას სასმელმა აწყინა და ცუდად გახდა. მაშინვე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და ქალაქის საავადმყოფოში წაიყვანეს. რა თქმა უნდა, ბიჭებიც გაჰყვნენ. მორიგე ექიმმა ყველა საჭირო პროცედურა ჩაუტარა ავადმყოფს, თუმცა მდგომარეობიდან გამოსულს ორი დღით საავადმყოფოში დარჩენა მოსთხოვა, თანაც დასძინა, ერთი დღით "კოიკა" 50 ლარი ღირსო. გოგონას მეგობრები არ დათანხმდნენ, მაგრამ ექიმი უკან არ იხევდა. ხმაურზე გამოჩნდა საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი, რომელსაც სიარულზე ეტყობოდა, რომ ძალიან მთვრალი იყო.

- ქეთინო ექიმს პატივი ეცით, ნუ ეჩხუბებით!.. - მოუწოდა ბიჭებს.

- არა, ბატონო, არ ვჩხუბობთ, - იუარეს ბიჭებმა. დამცველი წავიდა, მაგრამ ორი მეტრიც არ ჰქონდა გავლილი, შემობრუნდა და იგივე გაიმეორა: - ქეთინო ექიმი არის მაგარი ექიმი და პატივი ეცით!..

- გასაგებია, ბატონო, რაც შეგვიძლია, ვცემთ, - ბიჭები უკვე ხუმრობის ხასიათზე დადგნენ, მცველი კი არ ჩერდებოდა:

- მე თქვენ გეუბნებით, ქეთინო ექიმი არის მაგარი ქალი, პატივი ეცით!.. - ამის თქმა იყო და, ერთ-ერთი ბიჭი ექიმის წინ მუხლებზე დაეცა და დაიწყო: "ტანო, ტატანო, გულწამტანო, უცხოდ მარებო, ზილფო კავებო, მომკლავებო, ვერ საკარებო!..." ეს ისე მოულოდნელად მოხდა, მთვრალმა მცველმაც ვერ შეიკავა სიცილი.

ნოე ჟორჟოლიანი. ქუთაისი

KvirisPalitra.Geჩექმა და ახალწვეული

სამხედრო სამსახური ბელორუსიაში გავიარე, სადაც იმ ზამთარს უჩვეულოდ დიდი ყინვა დაიჭირა. გვირჩიეს, ერთი ზომით დიდი ჩექმა ჩაგვეცვა, ფეხები რომ არ გაგვყინვოდა.

შუა აზიიდან ახალწვეული მოიყვანეს, გვარად ადიბოვი. დამავალეს, ჩექმისთვის საწყობში წამეყვანა; გზაში ვურჩიე, ერთი ზომით დიდი ჩექმა აეღო. კარგი, 42 მჭირდება, მაგრამ 43-ს ავიღებო, მითხრა. საწყობში "პროპორშჩიკმა" შეიყვანა, მე გარეთ დავრჩი. მალე ახალი ჩექმით ყაზარმაში დავბრუნდით. წარმოიდგინეთ ჩვენი გაოცება, როცა ადიბოვმა ახალი ჩექმა ჩაიცვა და კი არ ჩაიცვა, როგორც იტყვიან, შიგ ჩაძვრა. ვიფიქრეთ, "პროპორშჩიკს" შეეშალა ზომა, თუმცა მალე ადიბოვი თვითონვე გამოტყდა: თურმე 41 ზომა სჭირდებოდა; სანამ მე საწყობში წავიყვანდი, ყაზარმაში ურჩევიათ, 42 ზომა აეღო, მე კი გზაში 43 ვურჩიე.

ალბათ, მიხვდით, კეთილ "პროპორშჩიკსაც" რომ გაუგია, 43 სჭირდებოდა, ურჩევია, 44 ზომა აიღეო...

ელგუჯა შალამბერიძე, წყალტუბო