ქართველი ნაციონალის წერილი ვლადიმირ პუტინს - კვირის პალიტრა

ქართველი ნაციონალის წერილი ვლადიმირ პუტინს

მოგესალმებით, ბატონო ვლადიმირ, და ერთი ქართული გამონათქვამი მინდა გითხრათ -  ნამდვილი მეგობრობა ჩხუბით იწყებაო.ახლა რაშია საქმე - მეგობრობა მინდა შემოგთავაზოთ, რა გვაქვს საჩხუბარი? ის კი არა, გაგიკვირდებათ და, ჩვენ ყოველთვის  მეგობრები ვიყავით, აბა, მოყვასის გარდა ამდენ სტრატეგიულ ობიექტს ვინ მოგყიდდათ? ჰოდა, რადგან მეგობრები ვართ, დახმარება გვინდა გთხოვოთ. მოგეხსენებათ, ბატონო ვლადიმირ, რაც ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, აგვერია საათივით აწყობილი საქმე. რა გვექნა? გავიქეცით დასავლეთის ქვეყნებში დახმარებისთვის, ისინი კი ბაიყუშებივით სულ ერთსა და იმავეს გაიძახიან: "დემოკრატია, დემოკრატია!" "სააკაშვილი პირველ პირად არც პრეზიდენტის და არც პრემიერის პოსტზე არ შეიძლება, კონსტიტუცია ირღვევა..." და მსგავსი სისულელეები... ამათ რომ დაუჯერო, არც არჩევნები უნდა გააყალბო, არც მოსახლეობა დააშინო, მოკლედ, უნდა ჩამოუშვა ხელები, ჩაატარო სამართლიანი არჩევნები, მიიღო ძალიან ცოტა ხმა და უნდა წახვიდე... სად წავიდეთ, ბატონო ვლადიმირ? მერე, წლების განმავლობაში ოფლით და შრომით მოგებული ტენდერები ამათ დავუტოვოთ? ვინ გვაყურებინებს მერე უცხოელი სუპერვარსკვლავების კონცერტებს, ვინ გვიყიდის ყოველ წელს ახალ ჯიპებს და ვინ გამოგვიწერს ხელფასზე სამჯერ მეტ პრემიებს? გამაგებინე, ერთი!

მოკლედ, დასავლეთის გზა არ მოგვწონს! რაღა რჩება? რჩებით თქვენ! დაივიწყეთ, ხანდახან რომ გლანძღავთ, ეს საქმეს სჭირდება, თორემ თქვენც კარგად იცით, რომ ტყუპი არ ემგვანება ერთმანეთს ისე, ჩვენ რომ ვგავართ - ტელევიზიები თქვენთანაც აღნმშენებლობას აჩვენებს მარტო და ჩვენთანაც, მოსამართლეს ჩვენთან პროკურორის ეშინია, თქვენთან - უშიშროების, მონოპოლიები ჩვენთანაცაა, თქვენთანაც და რაც მთავარია, პრეზიდენტობის მერე პრემიერად დარჩენა და ისევ პრეზიდენტად დაბრუნება არც თქვენთანაა პრობლემა და გვინდა, არც ჩვენთან იყოს, წერილსაც სწორედ ამიტომ  გწერთ. კი გვინდა, ასე ვქნათ, მაგრამ თქვენგან განსხვავებით, ჩვენ დასავლეთის ქვეყნების აღშფოთებისაც კი გვეშინია, ჰოდა, ბატონო ვლადიმირ, ერთი ატომური ბომბი ან მოგვყიდეთ, ან გვათხოვეთ, რომ ჩვენც არ შეგვეშინდეს მათი აღშფოთება-შეშფოთების. მერე გავაყალბებთ არჩევნებს, დავსვამთ მიშას პრემიერად და ატომურბომბიან მიშას გაუბედავენ მაგენი რამეს? არ გეტკინა მანამდე არაფერი!

ახლა სხვანაირად შეხედეთ ამ ყველაფერს, ვლადიმირ ბატონო! დავუშვათ, მოვიდა ბიძინა ხელისუფლებაში, მერე ხომ ვეღარ ეტყვით დასავლეთს, ამ კაცმა ომი დაიწყო და იმიტომ არ ველაპარაკებიო. იძულებული იქნებით, დაელაპარაკოთ. ის ომი ისევ თქვენ დაგბრალდებათ და უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებით... მაგას არ ჯობია, ისევ მიშა იყოს აქეთ - ხანდახან გაგლანძღავთ, ხანდახან თქვენ გაგვლანძღავთ და ასე "ხელი ხელს ბანს" პრინციპით ვიქნებით და ვიქნებით!.. დაგვიჯერეთ, ვლადიმირ ბატონო, არ ვართ ჩვენ უჭკუო ხალხი და გამოგვიგზავნეთ ერთი ატომური ბომბი!

თუ კიდევ თავს იკავებთ, ერთი რკინიგზა და გაზის მილი გვაქვს გასაყიდი და ისიც ალალი იყოს თქვენზე! თუ ესეც არ გყოფნით, ისეთ დღეში ჩავაგდებ სასამართლოს და მასმედიას, ნატოს ღია კარსაც დახურავენ! თუ ესეც არ არის საკმარისი, ოღონდ მიშა დაგვიტოვეთ და ის აზიურია თუ ევროპული კავშირი, იქაც შემოვალთ, მეტი რა ვქნათ?

გემშვიდობებით, ახლა, ჩემო ვლადიმირ ბატონო, და იფიქრეთ ამაზე. მომიკითხეთ დიმიტრი. ჩვენც ვეძებთ მასეთ დიმიტრის და მაგას ცალკე მივწერთ, გვასწავლოს, როგორ უნდა იყო პრეზიდენტი ისე, რომ არავინ არაფერს გეკითხებოდეს - ესეც ძალიან აინტერესებს მიშას. მოკლედ, კარგად იყავით. ხომ იცით, არ გვავიწყდება ის დრო, 37 მანეთად რომ გადმოვფრინდებოდით მოსკოვში, "ვიგულავებდით" და დავბრუნდებოდით უკან.

აბა, მიყვარხართ და გკოცნით.

თქვენი უცნობი ძმა "ნაციონალური მოძრაობიდან"