ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

"ლედი გაგა"

მოგეხსენებათ, მგზავრობისას ხშირად ხდება სახალისო ამბები. ერთს მეც შევესწარი. ქუთაისიდან თბილისში მოვდიოდი. სამარშრუტო ტაქსიში ძალიან ხმამაღლა იყო ჩართული ლედი გაგას სიმღერა, რომელიც როგორც კი დამთავრდებოდა, ისევ თავიდან იწყებოდა. მძღოლი მეგობართან საუბრით იყო გართული (რომელიც გვერდით ეჯდა) და ამ ფაქტს ყურადღებას არ აქცევდა. ხაშურამდე ასე ვიარეთ. ძალიან შევწუხდით, თუმცა ხმა არავის ამოგვიღია. ხაშურში ერთი ხანში შესული მამაკაცი წამოდგა, მძღოლს მიუახლოვდა და ძალიან ზრდილობიანად უთხრა:

- შვილო, გამორთე ეგ მუსიკა.

საუბარში გართულმა მძღოლმა გაკვირვებით შეხედა და ჰკითხა:

- რატომ?

- ვისწავლე, ბიძია, უკვე და აწი მე ვიმღერებ, - უკვე ბრაზით უთხრა მგზავრმა.

თვითონაც გამხიარულებულმა მძღოლმა მუსიკა სასწრაფოდ გამორთო.

თ. ზივზივაძე, ქუთაისი

KvirisPalitra.Geელენინის მეუღლე

ელენინი საავიაციო ქარხანაში პარტკაბინეტის გამგედ მუშაობდა. თვითონაც სიმპათიური კაცი იყო, მაგრამ ცოლი ჰყავდა მართლაც მშვენიერი, ნამდვილი სუპერვარსკვლავი (თანაც - სექსუალური); ყველა შემხვედრი თვალს აყოლებდა - კაციც და ქალიც.

ერთხელ, შესვენებაზე, მეგობრები საამქროში ვიდექით და ვსაუბრობდით. ამ დროს ელენინის მეუღლე შემოვიდა და გვერდით ჩაგვიარა. ყველამ ჩვენდა უნებურად თვალი გავაყოლეთ, ერთმა კი, რომელიც ქარხანაში ახალი მოსული იყო, ხმამაღლა ჩაილაპარაკა:

- ოჰ, ერთი ეს ქალი ჩამაგორებინა საწოლში და მერე თუნდაც მომკლა!

მოულოდნელად ქალი ჩვენკენ შემოტრიალდა და ამ სიტყვების მთქმელს გამომწვევად შეხედა:

- მერე, პეთუშოკ, შეზლებ რამეს?

ჩემი მეგობარი დაიბნა, არ მოელოდა, ჩრდილოელმა ქალმა ქართული თუ იცოდა, მერე კი პასუხის მომლოდინე ანგელოზს რუსულ-ქართულად უთხრა:

- კაკ ნიბუდ, რამეს მოვახერხებ!

- კაკ ნიბუდს ჩემი ქმარიც ახერხებს, - კიდევ უფრო გამომწვევად მიახალა  ელენინის ცოლმა და ტანის ნარნარი რხევით გზა განაგრძო.

ტარიელ მარგველაშვილი, ქარელის რაიონი, სოფელი ბერძენაული