რჩევები დემოკრატიული დიქტატურისთვის - კვირის პალიტრა

რჩევები დემოკრატიული დიქტატურისთვის

მოგეხსენებათ, არჩევნები კარზეა მომდგარი. მმართველ პარტიას აშკარად ეტყობა, რომ ტელევიზიების გაკონტროლება აღარ ჰყოფნის.საჭიროა ყველა განსხვავებული აზრის ჩახშობა, თუმცა ეს ისე უნდა მოხდეს, რომ დასავლეთმა არადემოკრატიულობის გამო შეშფოთება არ გამოთქვას.

ჩვენ მივაგენით თავისუფალი აზრის ჩახშობის გზებს და ხელისუფლებას ვთავაზობთ რამდენიმე რჩევას:

1. ხალხს რადგან ყველასათვის ნაცნობი სამი ტელევიზიის აღარ სჯერა, საჭიროა იმ ტელევიზიების შეჩერება (ნებისმიერი საშუალებით), რომლებიც ხალხს განსხვავებულ აზრს აწვდის (აქ რჩევა არ გჭირდებათ, მშვენივრად მოახერხებთ ყველაფერს).

2. ყველაზე საშიში ახლა არის პრესა, სადაც თავისუფალი თავგასული ჟურნალისტები ჯერ კიდევ  ბედავენ თავიანთი აზრის გამოთქმას. როგორ უნდა მოვიქცეთ ასეთ დროს? პრესას ვერ ავკრძალავთ - არადემოკრატიულია; სპეცნაზის შევარდნაც არადემოკრატიულია... ჯობს, პრესის ჯიხურები ავიღოთ! გამოაცხადეთ, თქვენ რომ იცით, ისეთი ტენდერი და მერე მხოლოდ ის გაზეთი გაყიდეთ, რომელიც "მიშა მაგარიას" მეტს არაფერს დაწერს.

3. კიდევ არის რადიოები, რომლებიც გაჭირვებაზე, ჩინოვნიკთა უმსგავსობასა და სხვა თქვენთვის არასასურველ თემებზე საუბრობს. დახურვა აქაც არ გამოგვადგება. მოდი, ავკრძალოთ დინამიკების გაყიდვა, იმ საბაბით, თითქოს დინამიკები საშიშ ნივთიერებებს შეიცავს. მშვენიერ შედეგს მიიღებთ - იქნება რადიო, ხმას კი ვერავინ გაიგებს. როგორია?

4. ამ ბოლო დროს ძალიან საშიში გახდა ფაცებოოკ-ი. აქაც სათანადო ზომების მიღებაა საჭირო. მოდი, გავიხსენოთ მეცნიერება და გამოვიგონოთ ვირუსი, რომელიც, თუ  მიშასა და ნაცმოძრაობაზე რამე ცუდს დაწერ, კომპიუტერს გააფუჭებს. ამ შემთხვევაში ვერავინ დაგწამებთ არადემოკრატიულობას.

5. მივადექით ყველაზე ძნელს! რა ვუყოთ იმას, რომ ადამიანები თავიანთ სახლებში ჯერ კიდევ თავისუფლად გამოთქვამენ აზრებს?! აქ ასე უნდა მოვიქცეთ: გავიხსენოთ ცნობილი გამონათქვამი, რომ  ბრძნად მეტყველება ვერცხლია, დუმილი კი - ოქრო და ამ სიბრძნის საფუძველზე, ხალხზე ზრუნვის სახელით, ყველას ამოვჭრათ ენები. თუ  ვინმე რამეს გვეტყვის, მაშინვე წავუკითხავთ ამ სიბრძნეს და გავაჩერებთ. ენები დავუტოვოთ მხოლოდ ნაცმოძრაობის წევრებს - ცოტა ვერცხლიც ხომ გვინდა.

6. ჯერჯერობით ეს გეყოფათ. კიდევ რამეს თუ მოვიფიქრებთ, გეტყვით.

ასევე მინდა გირჩიოთ, რომ ამდენ ტელევიზიას, ჯობს, იყოს ერთი და კარგი. ახლა ნახეთ, როგორი უნდა იყოს მისი გადაცემები:

07.00: "დილა მშვიდობისა, მიშა!"

09.00: ტელესერიალი "ვანოს საიდუმლოებანი".

12.00: საინფორმაციო გადაცემა: "რა გახსნა მიშამ?"

14.00: გასართობი გადაცემა "ჯეოტენდერი" (ამ გადაცემაში ნაციონალები სხედან და  შMშ-ებით არკვევენ, რომელმა მათგანმა მოიგო ტენდერი).

15.00: "დავით ბაქრაძის შოუ" (ნანუკას შოუს ნაცვლად); ეს გადაცემა იქნება ასეთი: დავით ბაქრაძეს სტუმრად მოჰყავს მინისტრები, ხოლო როსტოს მაგივრად დგანან  პარლამენტარები და ხმას არც იქ იღებენ.

17.00: "დასაქმდი და დაასაქმე "ნაციონალები!" (ამ გადაცემაში დაითვლიან, ვინ მეტი ფული გააკეთა არჩევნებზე და ამის მიხედვით კომპეტენტური პირები დაასაქმებენ ადამიანებს).

19.00: "პროფილი" (აქ, ძირითადად, ოპოზიციონერები მოვლენ და იტირებენ).

20.00: საინფორმაციო გადაცემა: "რა გახსნა მიშამ მადლობის თანხლებით."

22.00: "აქცენტები" გუბერნატორებთან ერთად.

23.00: "რას გახსნის მიშა ხვალ?" ("რა? სად? როდის?" - ანალოგი) სადაც ექსპერტები იმსჯელებენ, მიშა ხიდს გახსნის თუ განმუხურის ხიდს?

24.00: "ძილი ნებისა, მიშა!"

P.S. მე მგონი, ჩემს რჩევას გაითვალისწინებთ, თანაც ცოტა იჩქარეთ, თორემ მოვიდა ბიძინა და ეგაა...