უძველესი პროფესია - კვირის პალიტრა

უძველესი პროფესია

ქუთაისი ხომ ქართული იუმორის სამშობლოდ ითვლება. ნებისმიერ ქუთაისელს, რა პროფესიისაც უნდა იყოს, შეუძლია, ისე მოსწრებულად გაგცეს პასუხი, გაკვირვებული დარჩები. სწორედ ასე დამემართა ამას წინათ.მეგობართან ვიყავი ქუთაისში. იქვე, მის სახლთან, ე.წ. "ბირჟაა", სადაც ძირძველი ქუთაისელები და ახალი თაობა ერთად იკრიბება და ყველაფერზე მსჯელობენ; რა თქმა უნდა, იუმორსაც იშველიებენ. სწორედ ამ "ბირჟაზე" გავედით მე და ჩემი მეგობარი. პოლიტიკური მდგომარეობის განხილვა ახალი დამთავრებული ჰქონდათ და შედარებით "მსუბუქ" თემაზე - ქალებზე - საუბრობდნენ. ამ დროს იქვე მდებარე მაღაზიიდან გამომწვევად ჩაცმული ქალი გამოვიდა და ჩაგვიარა. ყველამ იცნო ქალაქში ცნობილი მეძავი - ლეილა.

- აუ, ბაჩოია, - უთხრა ერთმა ქუთაისელმა მეორეს, - ეს ქალი რამდენ კაცთანაცაა ნაწოლი, იმდენი ლარიანი რომ მომცა, ავშენდებოდი.

მისი ნათქვამი ლეილამაც გაიგონა. ჩემდა გასაკვირად, არ გაბრაზებულა, მხოლოდ ირონიულად გამოგვხედა:

- ლარი კი არა, 50 ლარს ვიღებ და მე არ ავშენებულვარ და შენ რაფერ აშენდები, შე საცოდავო? - თქვა და წავიდა.

ჩვენმა სიცილმა მთელი ქუჩა შეძრა.

ფ. გეგეშიძე. ქუთაისი