საუბრები არადემოკრატიულ რუსეთზე - კვირის პალიტრა

საუბრები არადემოკრატიულ რუსეთზე

მოგეხსენებათ, რუსეთში არჩევნები გაყალბდა და ხალხი ქუჩაში გამოვიდა. ჩვენს პრეზიდენტს, ბუნებრივია, იქ მიმდინარე მოვლენების ყველა დეტალი აინტერესებს,  ამას კი ყველაზე კარგად, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა მინისტრი ბატონი ვანო მერაბიშვილი მოახსენებს.ჩვენ დაახლოებით ვიცით, როგორი იქნება ვანოსა და მიშას საუბარი რუსეთში მიმდინარე პროცესებზე და მკითხველს მათი დიალოგის მიახლოებულ ვარიანტს ვთავაზობთ.

- რა ამბებია რუსეთში, ვანო?

- ოოო, ბატონო პრეზიდენტო, იქ ამბები ხდება, არ დაიჯერებ!..

- მაინც რა ხდება?

- პუტინმა გააყალბა არჩევნები.

- რას ამბობ, კაცო, ეს როგორ იკადრა?

- კარუსელები დაატრიალა, პრეზიდენტო.

- ეგ კარუსელები რაღაა?

- რაა და, ერთი კაცი ბევრჯერ რომ აძლევს ხმას.

- რას არ გაიგონებ, კიდევ რა ხდება?

- კიდევ თურმე ახალი ყალბი პირადობის მოწმობები დაუმზადებია პუტინს და რამდენიმე მილიონი ხმა ჩაუყრია ყუთებში თავის სასარგებლოდ.

- ვანო, ასე მგონია, სიზმარში ვარ, ასეთი რამ ფანტასტიკურ ფილმებშიც არ გამიგია.

- ბიზნესმენები ჰყავს პუტინს დაშინებული, პრეზიდენტო, და ფულს ისინი აძლევენ, თურმე.

- მერე ბიზნესი რომ აღარ განვითარდება ეგრე? სამუშაო ადგილები არ გაჩნდება, კონკურენცია რომ აღარ იქნება? ნუთუ ეს იქ არავის ესმის?

- ზოგს კი ესმის, მაგრამ იმათ ან იჭერენ, ან არ უჯერებენ. ეგ რაა - მკვდარი სულები ნახეს ციმბირის ქალაქებში, რომლებსაც ხმა მიუციათ პუტინის პარტიისათვის.

- ნუ მაცინებ, ვანო, მკვდარი ხმას როგორ მისცემდა?

- მისცა და როგორ იძახე შენ! ის კი არა, ოპოზიციის ლიდერები დაიჭირეს და ციხეში ჩასხეს, სავსეა ციხე უსამართლოდ დაჭერილი ხალხით...

- ახლა აჭარბებ, ვანო, უსამართლოდ თუ ხალხს იჭერენ და მით უმეტეს, ოპოზიციის ლიდერებს, ხალხი არ გამოვიდა ქუჩაში?

- გამოვიდა, ბატონო პრეზიდენტო, მაგრამ პუტინმა სპეცნაზი მიუსია და სულ ხელკეტები ურტყეს ხალხს.

- სპეცნაზი და ხელკეტები?! ესენი ვინ ყოფილან, ეს სისხლისმსმელები, საკუთარ ხალხს ხელკეტები... ენა დამება ამ სისაძაგლის მოსმენით, ვანო. პუტინი რას ამბობს?

- რას ამბობს და, ყველაფერზე გაიძახის, "ეს ამერიკის ბრალია", "ის ამერიკის ბრალია", "ეგ ამერიკამ გააფუჭა", "ამერიკა რომ  არ იყოს"... "ჩვენ დავაჩოქებთ ამერიკას" "ამერიკა მალე ჩამოიშლება" და ასე  შემდეგ. მართლა რომ არ იყოს ეს ამერიკა, რას იტყოდა, ძალიან მაინტერესებს...

- ამერიკა კი არა, მე იმ საწყალ ხალხზე ვფიქრობ, ხელკეტებით რომ სცემეს. საწყლები, აზრის გამოხატვისთვის სცემეს ხალხს? გადავირიე პირდაპირ, რა! შუა აზიაში არ იზამენ ეგრე, საოცარ ამბებს მიყვები.

- მეც ისე ვარ გაოგნებული ამ უმსგავსობის ყურებით, ბატონო პრეზიდენტო... ჰო, კიდევ, იცი რა? პრემიერი ხომ არის ახლა პუტინი, მალე ისევ პრეზიდენტობას აპირებს.

- ეგ ვერ გავიგე, ვანო, ანუ ჯერ პრეზიდენტი იყო, მერე პრემიერი და ახლა ისევ პრეზიდენტი გახდება?

- მეც არ მჯეროდა ასეთი სცენარი, ბატონო პრეზიდენტო, მეფე ხომ არ არის, ამას როგორ იზამს-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ფაქტია...

- მერე დასავლეთის არ ეშინიათ?

- არა, "გამპრავებლები" ჰყავთ პარლამენტში და ისინი ამბობენ, რა არის ამაში არადემოკრატიულიო...

- აუ, მე რომ რუსი ხალხი ვიყო, კადაფის ბედს მოვანატრებდი მაგათ!..

- ჩვენ სხვა ხალხი ვართ, პრეზიდენტო, ჩვენთან ამას ვერავინ გაბედავს, ხალხი ბრბო კი არ არის და ცხვარი...

- შენ ეს მითხარი, ვანო, ტენდერები როგორ ტარდება მოსკოვში?

- ქალაქის მერის მეგობრები იგებენ ყველაფერს, პრეზიდენტო.

- სულ, სულ ყველაფერს?

- სულ ყველაფერს. ის კი არა, ერთი-ორი გაზეთია თავისუფალი და ხან საგადასახადოს მიუსევენ, ხან ბიზნესს უწიოკებენ, ხან პრესის გაყიდვას უკრძალავენ... მოკლედ, გაქანებული დიქტატურაა რუსეთში.

- ვაიმე, რაებს ამბობ, ვანო! ამის მოსმენა რა საშინელებაა და იქ რომ ვიყოთ, წარმომიდგენია, რა იქნებოდა! არა, რა, რუსი რომ ვიყო, ამას ვერ მოვითმენდი! და შენ გინდა მითხრა, რომ ასეთი კაცი კიდევ დიდხანს იქნება სათავეში?

- კი, პრეზიდენტო, დიდხანს იქნება. თუ ვინმე კონკურენტი გამოჩნდება, მაშინვე ამერიკის აგენტობას აჰკიდებენ და ყველანაირად ხელს უშლიან, ხალხი, კიდევ, დაშინებულია, რა ქნან - თუ პუტინის მომხრე არ ხარ, სამსახურიდან მოგხსნიან ან შენ, ან დედას, ან მამას... ან ვიღაცას დაგიჭერენ.

- აუ, გეუბნები მე შენ, ვანო, ერთხელაც იქნება, ხალხს ამოასხამს ეს ყველაფერი და მერე ნახონ მაგათ!

- მეც მაგის იმედი მაქვს, პრეზიდენტო, მაგრამ ჯერ ასეთი არაფერი ჩანს.

- კარგი, დავანებოთ იმათ თავი, ჩვენთან რა ხდება?

- ჩვენთან რა უნდა მოხდეს, ყველაფერი კარგადაა.

- ახლა კი არის კარგად, მაგრამ 2012-შიც კარგად იქნება?

- კარგად იქნება, პრეზიდენტო.

- და რომ არ გამოვიდეს ჩემი დარჩენა, გაქვს რაიმე გეგმა?

- რად მინდა გეგმა, ბატონო პრეზიდენტო, გეგმა არაფერში გვჭირდება, უბრალოდ, ვუყუროთ, რა მოხდება მოსკოვში და გეგმაც ეგაა, მაგაზე უკეთესს ჩვენ ვერაფერს მოვიფიქრებთ.

- ოხ, რა ხარ ვანო, რაა?!