უცხოელი ბიზნესმენი საქართველოში - კვირის პალიტრა

უცხოელი ბიზნესმენი საქართველოში

- გამარჯობათ! - ხმამაღლა დაიძახა უცხოელმა ბიზნესმენმა და კაბინეტში შევიდა.

- მობრძანდით... - მიესალმა კაბინეტში მყოფი ქართველი ჩინოსანი და სავარძლისკენ მიუთითა. უცხოელი სავარძელში მოკალათდა, კედელზე დაკიდებულ ვანო მერაბიშვილის სურათს შეხედა, მერე გულში გაიფიქრა, ალბათ, ამ ქვეყნის ძალიან ღირსეული შვილიაო და ჩინოვნიკს ჰკითხა:

- აბა, როგორ ხართ?

- გმადლობთ, არა გვიშავს. თქვენ როგორ ბრძანდებით? რაზე შეწუხდით, ჩემო ბატონო, საქართველოში რისთვის ჩამობრძანდით?

- ახლავე მოგახსენებთ. რეიტინგებში ბიზნესის თვალსაზრისით ათეულში ხართ, ხომ?

- დიახ! - ამაყად უპასუხა ქართველმა და ვანოს სურათს თვალცრემლიანმა შეხედა.

- ბიზნესის დაწყება მინდა თქვენთან, - კეთილი ღიმილით თქვა უცხოელმა, -  რამდენიმე კითხვა მაქვს, ოღონდ გულწრფელად მიპასუხეთ.

- ოოო, გულწრფელობის ხასიათზე ნამდვილად ვარ...

- ამ კანონის მიხედვით ძალიან მცირე გადასახადია, ასეა, ხომ?

- დიახ, ასეა, - ახლა უკვე პრეზიდენტის სურათს ახედა ჩინოვნიკმა.

- ვთქვათ, ჩემი ბიზნესი განვითარდა, ბიუჯეტში გადასახადი სულ ესაა?

- სულ ესაა, - გაიღიმა მასპინძელმა.

- ანუ, ყოველ ას ლარზე ბიუჯეტში შემაქვს 30 ლარი, დანარჩენი ჩემია? - დაუფარავი სიხარული ეხატა სახეზე უცხოელს.

- რადგან გულწრფელობაზე შევთანხმდით, ეგრე იყოს - დანარჩენის 60% შეგაქვთ "ნაციონალური მოძრაობის" ფონდში, რომელიც მერე ჩვენს კეთილდღეობას ხმარდება.

- კი მაგრამ, ეს კანონში არ წერია...

ქართველს გაეღიმა და უთხრა:

- გულწრფელად, ხომ? მაშინ თქვენს თავს დააბრალეთ... ეგ კანონი დაკეცეთ, თუ შეიძლება.

M- მერე? - შეეკითხა გაოცებული ბიზნესმენი.

- მერე... მერე... გაიგებთ, რა უნდა ქნათ, ჯერ ადრეა, - მაინც ინამუსა გულწრფელობის ხასიათზე მყოფმა მასპინძელმა.

- არ მომწონს ეს, - ჩაილაპარაკა უცხოელმა, - მაშინ ასე გეტყვით: ვთქვათ, დავასაქმე უამრავი ადამიანი, ვიშოვე ფული და დავაფინანსე ოპოზიცია უკეთესი საგადასახადო კანონების მიღების მოლოდინში. რა მომელის?

ქართველ ჩინოვნიკს უკვე ხმამაღლა გაეცინა, თუმცა მალევე თვალი თვალში გაუყარა უცხოელს და უთხრა:.

- ცუდი რამ, ძალიან ცუდი - ბიზნესს წაგართმევთ და ჩვენ გადავინაწილებთ.

- კი მაგრამ... - გაცხარდა ბიზნესმენი, - მე ხელთ მაქვს კანონი, რომლის მიხედვით მაქვს ამის უფლება! - და ახალი ფურცლები ააფრიალა.

ქართველმა ფურცელზე დაწერილ კანონს დახედა, მერე ბიზნესმენს შეხედა და უთხრა:

- გულწრფელად, ხომ? მაშინ კიდევ ერთხელ დაკეცეთ ეს ფურცელი.

კიდევ უფრო გაოცებულმა ბიზნესმენმა ბრძანება უხმოდ შეასრულა და იკითხა:

- მერე?

- მერე... მე ვერ გეტყვი, მერიდება მაინც...

ცოტა ხანს სიჩუმე ჩამოვარდა. Mმერე უცხოელმა ისევ იკითხა:

- სასამართლოში რომ ვიჩივლო?

- იქაც იმავეს გეტყვიან.

- ტელევიზიებში რომ მივიდე?

- რას მალაპარაკებთ ამდენს, დაკეცილი ფურცლები ყველგან მოიძებნება თქვენთვის.

- მაინც რა არის ეს დაკეცილი ფურცელი? - თავისთვის ჩაილაპარაკა უცხოელმა და კარისკენ გაემართა.

- ეი! - დაუძახა ჩინოვნიკმა, - სად მიდიხარ? ფული დატოვე, ბიზნესის დაწყება თუ გინდა!..

- ეგ კანონში არ წერია! - თქვა უცხოელმა და წავიდა

- მე მითქვამს და მერე არ ინანო... –დააწია ჩინოვნიკმა.

ამ ამბიდან დიდი დრო არ იყო გასული. ჩამოსული ბიზნესმენის საქმე კარგად წავიდა - ფულიც იშოვა, ბიუჯეტშიც დროულად და ზუსტად იხდიდა გადასახადებს... მალე არჩევნებიც მოახლოვდა და ბიზნესმენმა იმ ოპოზიციური კანდიდატის დაფინანსება დაიწყო, რომელიც მისი აზრით, ბიზნესგარემოს გამოასწორებდა. რამდენიმე თვეში ქართველი ჩინოვნიკის კაბინეტში ზარი გაისმა.

- ალო, მე ვარ უცხოელი ბიზნესმენი, ახლა ერთ უცნაურ შენობაში ვარ და ერთი ზარის უფლება მომცეს...

- და ჩემთან რა გინდა?

- არაფერი, უბრალოდ, მინდა გითხრათ, რომ ბოლოს და ბოლოს მივხვდი, რას ნიშნავდა კანონის დაკეცილი ფურცლები. გულწრფელობისთვის მადლობელი ვარ.