ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

აბეზარი "ჩრდილი"

ჩემს მეზობელ პეტრეს ეჩვენებოდა, რომ მის გარშემო რაღაც ტრიალებდა და წამდაუწუმ ხელს იქნევდა, რათა მოეშორებინა. ზოგმა რა ურჩია, ზოგმა - რა, მაგრამ პეტრეს არაფერი ეშველა.

მისი შვილის მეგობარი ექიმია. უთხრა, ძია პეტრე, მოდი ჩემთან კლინიკაში და მაგ აბეზარ ჩრდილს როგორმე მოგაცილებო. მივიდა პეტრე. როგორც კი რაღაც ლანდმა გადაუფრინა, ექიმმა დაასწრო და თავად მოუქნია ხელი, რომელშიც ბუზი ჰყავდა, გაშალა მუჭი და პეტრეც "გათავისუფლდა".

მალე პეტრემ შვილის მეგობარი ოჯახში მიიწვია, მშვენიერი სუფრა გაუშალა და თან დალოცა, ღმერთმა გიშველოს, ის ჩრდილი რომ მომაშორე, მარჯვენა თვალის ჩინი მას შემდეგ დამიბრუნდაო.

ექიმმა გულუბრყვილოდ გაიცინა და უთხრა:

- ძია პეტრე, ეგ "ჩრდილი" შთაგონებით მოგცილდა, სინამდვილეში არაფერიც არ ყოფილა, მხედველობის პატარა ხარვეზი იყო და რწმენით განიკურნეო.

არაფერიო?!.. და პეტრე დღესაც ძველებურად იქნევს ხელებს.

ეთერ ტეხაშვილი, ქუთაისი

"კაი ფეხის" კაცი

მოგეხსენებათ, ახალი წელი თუ წარმატებული გამოდგა, ვიტყვით ხოლმე, მეკვლეს კარგი ფეხი ჰქონიაო. გურიაში მეკვლეობა დღესაც საპატიო "პროფესიად" ითვლება. ჩვენი სოფლის ცენტრში მინიმარკეტია. ჩემი სოფლელი და მეგობარი ვიქტორ ჟღენტი თავგადაკლული მწეველია. პირველ იანვარს, დილით, უსიგარეტოდ დარჩენილი ჯერ კიდევ დაკეტილ მაღაზიასთან შეჩერდა. გამყიდველებს ცოტა შეაგვიანდათ. როგორც იქნა, მოვიდნენ. მივარდა ვიქტორი - ბევრი არაფერი მინდა, მხოლოდ სიგარეტს ავიღებ, მარა წელს პირველი კლიენტი ხომ ვარ და ნახეთ, რა კარგი ფეხის დავრჩე, როგორ სარფიანად წაგივიდეთ ეს წელიო.

გააღეს შენობა, შევიდა ვიქტორი და...

არ ვიცი, ვიქტორს საერთოდ როგორი ფეხი ჰქონდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხები ნამდვილად გამოადგა - თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა გარეთ, უკან კი მაღაზიის მეპატრონე მოსდევდა ყვირილით, შენი ფეხი არ ვნახო ამ მარკეტშიო.

საქმე ის იყო, რომ ღამით ქურდებს ბეტონის უკანა კედელი გამოენგრიათ და მთელი მაღაზია პირწმინდად გაესუფთავებინათ.

ლადო ლომინაძე, ოზურგეთი