ვინ რა წერილს მისწერს სანტა კლაუსს? - კვირის პალიტრა

ვინ რა წერილს მისწერს სანტა კლაუსს?

მიხეილ სააკაშვილი: "ბატონო სანტა, გავიგე, ახალი წელი თქვენ მოგყავთ... მე არ მეშინია 2012 წლის მოსვლის. რაც შეეხება 2013 წელს, ძალიან გთხოვთ, მისი მოსვლა ათი წლით გადადოთ. წინასწარ გიხდით მადლობას."

ვანო მერაბიშვილი: "სანტა კლაუსო, ჩემი წყაროებიდან გავიგე, რა წერილი მოგწერა ჩვენმა პრეზიდენტმა. დამიჯერე, შეასრულე, თორემ ებრაელ ბიზნესმენებს რაც ვუქენი, იმაზე უარესს გიზამ."

ბიძინა ივანიშვილი: "სანტა, მივიღე თქვენი წერილი. ნუ იდარდებთ, აუცილებლად შეგისრულებთ."

თემურ ქეცბაია: "ძვირფასო სანტა, გახსოვს, შარშან რომ გთხოვე, საქართველოს ნაკრები 10 წლით ჩამაბარე-მეთქი და რომ ამისრულე. მე ახლა მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, - ის შარშანდელი სურვილი გააუქმე."

შალვა ნათელაშვილი: "პირადად მე თქვენი არ მჯერა, სანტა, თქვენ ხართ ამერიკული ლობი მიხეილ სააკაშვილის. ჩემი სანტა კლაუსი არის ჩემი გიორგი გუგავა, რომელმაც გუშინ ნაბახუსევზე სურვილი ამისრულა და ნაბეღლავზე გამეგზავნა."

ვერა ქობალია: "სანტა, მე თოჯინა მინდა, ბარბის, კიდევ - კანფეტები ნუგასი და მდგრადი საქანელა."

გიგი უგულავა: "ჩემს სურვილს რა აზრი აქვს, დიდი ხანია, გთხოვ სურვილის ასრულებას, მაგრამ არ მისრულებ. მეგონა, 2012 წელს შემისრულებდი, მაგრამ შენ, როგორც ვატყობ, ისევ მიშას სურვილს აასრულებ."

შორენა ბეგაშვილი: "მეც მაქვს შენთან სურვილები, მაგრამ სიმართლე გითხრა, გული არ დამწყდება, თუ არ შემისრულებ, გამოჩნდება სხვა სანტა კლაუსი და ის ამისრულებს."

ირაკლი ალასანია: "მადლობა, სანტა."

დავით გამყრელიძე: "ეს წლებია, ვარკვევ, რომელი ხართ სანტა - შენ თუ ის მეორე? ეს გამაგებინე,  მეტი არაფერი მინდა."

ნანუკა ჟორჟოლიანი: "ჩემო ძვირფასო, საყვარელო და გულის ვარდო სანტა, ჩემი თქმა არ გჭირდება, ისედაც იცი ყველაფერი, რაც უნდა შემისრულო წელს. ბავშვი გამოიყვანე ბაღიდან და მალე მოდი სახლში."

ნუგზარ წიკლაური: "მე ერთადერთი სურვილი მაქვს: ვისაც ვთვლი რუსეთის აგენტად, მართლა რუსეთის აგენტად აქციე."

მაია ასათიანი: "ვარ 3? წლის, უმაღლესი განათლებით, დასაქმებული. მაინტერესებს, თქვენ რამდენი წლის ხართ? სად მუშაობთ და როდის ვნახავთ ერთმანეთს?"