რა "მაესტრო", რი "მაესტრო"... - კვირის პალიტრა

რა "მაესტრო", რი "მაესტრო"...

ახლახან ჩამოვედი რაიონიდან, ჩავრთე ტელევიზორი და "მაესტრო" რომ ვერ ვიპოვე, დავურეკე ხელოსანს. მოვიდა, სახურავზე იძრომიალა, მაგრამ ვერაფერი გააწყო.დავრეკე "მაესტროში". თანამგზავრიდანაა გათიშული, შენი ხელოსანი ტყემალზე ხომ არ ზისო. ტყემალზე არა, სახურავზე ზის-მეთქი. ჩამოვიყვანე როგორც იქნა და 20 ლარი გადამიხადე, სახურავზე ხომ ავძვერიო. რაც გთხოვე, ვერ გააკეთე და რატომ მოგცე ფული, თუ გინდა, წამოვალ შენთან და მეც ავალ შენი სახლის სახურავზე-მეთქი. ახლა რომელ  არხებს უყურებო, მკითხა მოულოდნელად. "რუთავი 2"-ს, "იმედს", 1-ელ არხს, თუ მეზობელი არაა შემოსული, ჩუმ-ჩუმად რუსულ არხებსაც ვუყურებ-მეთქი.

კარგი, მაშინ ერთხელ კიდევ ავალ სახურავზე და რომ ჩამოვალ, ვერც ერთ არხს ვეღარ უყურებო. შევატყვე, არ ხუმრობდა. შე კაცო, გეხუმრე, აბა, ამ საახალწლოდ უფულოდ ხომ არ გაგიშვებ-მეთქი. 20 ლარი რომ ჩაიდო ჯიბეში, ჩემზე მეტად გამხიარულდა: მეც გეხუმრე, შე კაცო, აქ რომ მოვდიოდი, განა არ ვიცოდი, "მაესტრო" თანამგზავრიდან რომ იყო გათიშულიო...

აპოლონ ციციშვილი. თბილისი.