ივანიშვილმა განცხადება ნეგატიურ დღეს გააკეთა
02-01-2012
ივანიშვილმა განცხადება ნეგატიურ დღეს გააკეთა
2011 წელი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბევრი რამ მოხდა - ცუდიც და კარგიც, თუმცა აღსანიშნავია, რომ გასული წლის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლა იყო.ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ ყველა დაიბნა - ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და ხალხიც, ამიტომ რაიმე პროგნოზის გაკეთება დიდ და გამოცდილ ექსპერტებსაც გაუჭირდათ. თუმცა ჩვენ მაინც მივაგენით ადამიანს, რომელიც არა მარტო ქართულ, მსოფლიო პოლიტიკურ პროგნოზსაც ადვილად აკეთებს და ამაში კოსმოსი და ვარსკვლავები ეხმარებიან. ჩვენი
რუბრიკის სტუმარია ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი.

- ბატონო მიხეილ, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ ახალ წელს. მოდი, გასული წელი შევაჯამოთ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ვარსკვლავები ვარაუდობდნენ?
- მეც ვულოცავ თქვენი გაზეთის და მედიასახლის მთელ კოლექტივს და ხელისუფლების წნეხის გაძლებას გისურვებთ. რაც შეეხება გასულ წელს, რა თქმა უნდა, ყველაფერი
ისე მოხდა, როგორც დაგეგმილი იყო. მოგეხსენებათ, გრძელდება ბრძოლა შავ და თეთრ ძალებს შორის და ეს აისახა კიდეც 2011 წელზე; აბა, გადაავლეთ თვალი, რა მოხდა ეგვიპტეში, ლიბიაში, იტალიაში, საბერძნეთში და ბოლოს - ჩრდილოეთ კორეაში. ყველგან შეიცვალა ხელისუფლება და ეს პროცესები წელსაც გაგრძელდება.

- ეს რისი ბრალი იყო, შავი ძალების?
- გეტყვით. ეს პერიოდი არის სატურნის მბრძანებლობის პერიოდი. სატურნი პირდაპირ აფრთხილებს ხელისუფლებას, თუ კანონს არ დაიცავ, სამართლიანობას არ აღადგენ და ხალხის პრობლემებს არ გაითვალისწინებ, ცუდად დაამთავრებო. ჰოდა, ამიტომაც დაისაჯნენ - ზოგმა მმართველობა დაკარგა, ზოგი კი დაიღუპა.

- სატურნის მოთხოვნები ჩვენთანაც ვრცელდება?
- რა თქმა უნდა. ვრცელდება კი არა, ჩვენ ახლა სწორედ სატურნი გვსჯის. თუ მის მოთხოვნებს არ გავითვალისწინებთ, ძალიან ცუდი ამბები გველის.

- სატურნის მოთხოვნები ემთხვევა ოპოზიციის მოთხოვნებს, რომელთაც პრეზიდენტი არ ითვალისწინებს. სავარაუდოდ, არც პლანეტის მოთხოვნებს მიუგდებს ყურს. რა გველის?

- სატურნი მაინც აღასრულებს თავის მოვალეობას და ხელისუფლება შეიცვლება, მაგრამ თუ ჭკვიანად არ ვიქნებით, ეს ძალზე ძვირად დაგვიჯდება.

- მაინც რა უნდა ვქნათ?
- 2013 წლამდე იქნება დაკვირვების პერიოდი, როგორ მოვიქცევით და რას გავაკეთებთ.

- ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ, მიხეილ ბატონო, რა შეგვიძლია, ძალა მაგათ ხელშია...
- კი ბატონო, ძალიან დიდი რესურსი აქვთ და დიდი ძალაც, მაგრამ ჩვენზეც ბევრი რამაა დამოკიდებული.

- ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლაც ზემოთ იყო გადაწყვეტილი?
- ყველაფერს, რაც ხდება, სამყარო წყვეტს, მათ შორის - ნებისმიერი ახალი ძალის პოლიტიკაში გამოჩენასაც. ბატონმა ბიძინამ გამოჩენის დღიდან დღემდე ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა. მთავარი კი ის იყო, რომ მან განცხადება გააკეთა 7 ოქტომბერს, ნეგატიურ დღეს, ამიტომაც იყო მისი განცხადება აგრესიული - მან გალანძღა ოპოზიცია და დამოუკიდებელი ტელევიზიები, რისთვისაც შემდეგ ბოდიში მოიხადა.

- გასაგებია. "ქართული ოცნებაც" ცუდ დღეს დაფუძნდა?

- უფრო უარესს გეტვით - მას უნდოდა, 25 ნოემბერს მოეწყო ეს შეკრება, რაც მისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. 25 ნოემბერს მზის დაბნელება იყო, ეს გლეხმაც კი იცის. ძველად საქართველოში ამ დღეს მცენარესაც არ უსხამდნენ წყალს, თუმცა, როგორც ჩანს, ზებუნებრივი ძალები დაეხმარნენ და შეკრება გადადო.

- როგორც ამბობენ, იმ დღეს შენობა არ დაუთმეს...
- სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. ეს დღეები აქტიური პოლიტიკისთვის ცუდია. მე ბიძინას ვურჩევდი, "ქართული ოცნება" 23 იანვარს დაეფუძნებინა.

- 23 იანვარი რა დღეა?

- გამორჩეული დღეა ბატონი ბიძინასთვის. იგი მაიმუნის წელიწადშია დაბადებული და მერწყულია, ამიტომ მთელი იანვარი მისთვის საუკეთესო პერიოდია.

- შეცდომა რომ დაუშვა, სატურნი ხომ არ დასჯის?
- მეტი შეცდომა აღარ უნდა დაუშვას, თუმცა მეეჭვება, მან პოლიტიკაში წარმატებას მიაღწიოს. მას არ აქვს ტელევიზია, კანონით შეუზღუდეს ფულის დახარჯვა - არ ვიცი, როგორ უნდა მოუგოს არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც რაიონებში ძალიან დიდი რესურსი აქვს.

- გამოდის, ეს ძალები ნაციონალურ მოძრაობას უფრო მფარველობს... სააკაშვილს 2013 წლამდე აქვს ვადა. ვთქვათ, არ წავიდა, მერე რა მოხდება?
- მისი წასვლა თუ დარჩენა ძირითად პროცესს ხელს ვერ შეუშლის. 2013 წლიდან იწყება მსოფლიოს ახალი დალაგება. ეკონომიკური კრიზისი აღარ იქნება და მშვიდობაც დამყარდება. ეგ კი არა, 2016 წლიდან რუსეთშიც რადიკალური ცვლილებები მოხდება, საქართველოს მიმართ პოლიტიკა შეიცვლება და უფრო თბილი გახდება.

- კი მაგრამ, იქ პუტინი რომ რჩება, ვიცით... თუ აქ სააკაშვილი დარჩა, როგორ დათბება, შერიგდებიან?

- ჯერ ის ვთქვათ, იქნებიან თუ არა ხელისუფლებაში 2016 წელს. რომც დარჩნენ, ეს პროცესებს ხელს ვერ შეუშლის.

- და ბოლოს, ამბობენ, 2012 წელს სამყარო ასრულებს არსებობასო...

- ამას მხოლოდ იმიტომ ამბობენ, რომ 2012 წელს უფრო გლობალური კატაკლიზმებია მოსალოდნელი, ისეთი, როგორიც იაპონიაში მოხდა გასულ წელს, თუმცა ეს არ არის სამყაროს დასასრული, შეიძლება 2013 წელს უარესი მოხდეს, მაგრამ შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
david67
05 იანვარი 2012 18:52
მოკლედ ამ კაცის ზღაპრებს არა აქვს საზღვარი. პლანეტები რომ ზეგავლენას ახდენენ ადამიანებზე ეს არახალია, მაგრამ ის რასაც ეს კაცი ჰყვება სისულელეებია. მე ჩემს ზოდიაქოს ნიშნის ამბებს ვკითხულობდი ხოლმე. ეხლა აღარც ვკითხულობ მის ბოდვას. ზუსტად არ მახსოვს ოქტომბრის შუა რიცხვები იყო. ბ-ნმა ცაგარელმა ჩემს ზოდიაქოში დაწერა გექნებათ მოულოდნელი ფინანსური წარმატებებიო, ვიღაცა ვალებს დაგიბრონებთო, რომელიც საერთოდ არც კი გახსოვდათო და ათასი სისულელე. არადა იმ დღეს "ნალოგოვი პოლიცია" დამადგა და კინაღამ ყველაფერი წამართვეს. ის მაინც დაგეწერა, რომ ყველაფერი უკუღმა უნდა გაიგოთო. იმის მერე საერთოდ მივატოვე ამ ჰოროსკოპების კითხვა და ყველას ვურჩევ დროს ტყუილად ნუ დაკარგავენ
olee
05 იანვარი 2012 11:50
ნეტავ თავად თუ მაინც გჯერა რეებს ბოდავვვვ
lenini@stalini
03 იანვარი 2012 12:14
ზღაპრები პატარებს მოუყევი.რა დღესაც არ უნდა გაეკეთებია ის მაინც მოვა,ესაა ჭეშმარიტება

რედაქტორის რჩევით