2011 წლის გამარჯვებულები - კვირის პალიტრა

2011 წლის გამარჯვებულები

მოგეხსენებათ, წლის ბოლოს ბევრი ორგანიზაცია ავლენს საუკეთესო შედეგების მქონე ფირმებსა თუ პიროვნებებს სხვადასხვა კატეგორიასა და პროფესიაში. ამ ტრადიციას ჩვენც არ ჩამოვრჩით და გამოვავლინეთ სხვადასხვა სფეროში გამარჯვებული ადამიანები და ორგანიზაციები. მაშ ასე:

ნომინაციაში "წლის ამტანი" წარდგენილნი არიან:

1. თემურ ქეცბაია - საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, რომელმაც მართლაც დიდი მოთმინება გამოიჩინა.

2. საქართველოს კონსტიტუცია - რაც მაგან აიტანა, სწორედ რომ დასაფასებელია, თუმცა, ალბათ, ცვლილებები კვლავაც  ემუქრება.

3. თეთრი სახლის დარაჯი, რომელმაც სულგრძელად აიტანა შალვა ნათელაშვილის ინგლისური.

ნომინაციაში გაიმარჯვა საქართველოს კონსტიტუციამ.

ნომინაციაში "წლის კეთილი" წარდგენილნი არიან:

1. ჯოზეფ ქეი, რომელმაც დიდი სიკეთე გამოიჩინა და "იმედის" აქციების 45% გადასცა გიორგი არველაძეს.

2. თბილისის სამარშრუტო ტაქსების ხაზების მფლობელები, რომლებმაც ასევე ჩუმად დაუთმეს ხაზები გიგი უგულავას მეგობრებს.

ნომინაციაში გაიმარჯვა ჯოზეფ ქეიმ.

ნომინაციაში წლის "მეგობართმოყვარე" წარდგენილნი არიან (უი, უკაცრავად, ერთი ყოფილა წარდგენილი):

გიგი უგულავა, რომელმაც არც ერთი ტენდერი არ ჩაატარა მეგობრების გარეშე.

ნომინაციაში გაიმარჯვეს გიგი უგულავამ და მეგობრებმა.

ნომინაციაში "წლის მხსნელი" წარდგენილნი არიან:

1. ბიძინა ივანიშვილი, რომლის პოლიტიკაში გამოჩენამ ხალხს იმედი დაუბრუნა.

2. მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც 30 დღეში 30 საავადმყოფო გახსნა.

ნომინაციაში გაიმარჯვა მიხეილ სააკაშვილმა.

ნომინაციაში "მერე, ჩვენ რა?" წარდგენილნი არიან:

1. ცნობა იმის შესახებ, რომ 2011 წელს საქართველოში 3 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა. მერე, ჩვენ რა?

2. მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულება, რომლის მიხედვით სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლდა კვეზერელი და დაინიშნა გოროზია. და მერე ჩვენ რა?

3. ეკონომიკური მაჩვენებლის მიხედვით ბიუჯეტი რამდენიმე პროცენტით გაიზარდა, მაგრამ მერე ჩვენ რა?

ნომინაციაში გაიმარჯვა ინფორმაციამ ბიუჯეტის გაზრდის შესახებ.

ნომინაციაში წლის "ახლა გამოჩნდება, რა მაგარიც ხარ" წარდგენილნი არიან:

1. ბიძინა ივანიშვილი, ბიზნესში კი, მაგრამ პოლიტიკაში ახლა გამოჩნდება, რა მაგარიცაა.

2. ვანო მერაბიშვილი, რომელიც სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი შლიდა და ანადგურებდა, მაგრამ ახლა გამოჩნდება, რა მაგარია - ბიძინას რას მოუხერხებს.

3. ჯონ ბასი, რომელიც სულ ქადაგებს, რომ დემოკრატია უმთავრესია, თუმცა მიშას 2013 წელს წასვლა არ უნდა და ახლა გამოჩნდება, ელჩი რა მაგარიცაა.

ნომინაციაში გაიმარჯვა ჯონ ბასმა! ვუსურვებთ გამძლეობას!

ნომინაციაში "წლის წყვილი" წარდგენილნი არიან:

1. ანჯელინა ჯოლი და ბრედ პიტი, რომლებმაც ერთად ყოფნის კიდევ ერთი წელი მიითვალეს.

2. პუტინი და მედვედევი, რომლებიც კვლავ შეხმატკბილებულად შეთანხმდნენ  პოსტების გაცვლაზე.

3. დენი და ნაგავი; თბილისის მერიის "გენიალური" გადაწყვეტილებით დენის და ნაგვის გადასახადები ერთმანეთს მიება, რაც ერთადერთი შემთხვევაა მსოფლიოში.

ნომინაციაში გაიმარჯვა, რა თქმა უნდა, ნაგვისა და დენის წყვილმა.