ცხოვრებისეული კურიოზები - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზები

ეს ორივე ამბავი სვანეთში ჩემი სტუმრობისას მოხდა.

ამბავი 1

პოლიეთილენის პარკი

ერთი ჩემი მეგობრის ოჯახში ვიყავი სტუმრად. დიდი პატივი მცეს მასპინძლებმა, თან გადამყვნენ. შიგადაშიგ ქვეყნის ამბებზეც ჩამოვარდებოდა ხოლმე საუბარი. იმ დროს ტერორისტული აქტების თემა იყო აქტუალური - რამდენიმე ჩვენთან, თბილისშიც მოხდა. ბომბებს პოლიეთილენის პარკში დებენ და ისე აფეთქებენ-მეთქი, ვთქვი. ერთ-ერთმა სვანმა  გულწრფელად მკითხა:

- მე თბილისი კარგად ვიცი და ეს პოლიეთილენის პარკი რა ადგილასაა?

ამბავი 2

ავადმყოფი მოარჩინეს

ერთ-ერთი საუბრის დროს შევეხეთ მსოფლიოში მომრავლებულ ეპიდემიებს. ქათმის და ღორის გრიპების თემის განხილვის შემდეგ მოსაუბრეებს ვაცნობე ახალი ეპიდემიის შესახებ. ეს არის ე.წ. "ბატონების" სახეობა, რომელიც ადამიანს ნერვულ სისტემას უზიანებს და ფსიქოზს მართებს. შედეგად, ავადმყოფი გიჟივით დარბის და ყვირის, თანაც არაფერი ეშველება, სანამ თავად "ბატონები" არ ინებებენ წაბრძანებას-მეთქი. ჩემი მასპინძლის მეზობელმა სვანმა ეს რომ მოისმინა, გაოცებულმა წამოიძახა: ჩემს ბიძაშვილს, ვამეხს, ეგ "ბატონები" სჭირვებია - ზუსტად მასე დარბოდა და ყვიროდა, მაგრამ ადვილად გამოიყვანეს მდგომარეობიდანო. როგორ-მეთქი, ვკითხე გაოცებულმა. ესროლესო, სრულიად სერიოზულად მითხრა.

მარიამ ბ-ძე. თბილისი