ასეა თუ ისეა - კვირის პალიტრა

ასეა თუ ისეა

"ქართულ პოლიტიკაში ქალებს ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავათ, მეც ვეცდები, "ქართული ოცნების" განხორციელებაში ჩემი წვლილი შევიტანო", - დაახლოებით ასე განაცხადა ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ, ქალბატონმა ეკატერინე ხვედელიძემ.

თითქოს არაფერი, ჩვეულებრივი განცხადებაა, მაგრამ ასე არ ფიქრობენ ჩვენი ნაციონალური არხების ჟურნალისტები. მათ ამ განცხადების მიღმა ისეთი რამ დაინახეს და იწინასწარმეტყველეს, ვანგას და ნოსტრადამუსს შეშურდებოდათ.

"თამარ მეფეს შეადარა თავი!" - დაასკვნა ერთმა სამთავრობო  ჟურნალისტმა.

"პრეზიდენტობა უნდა!" - დაასკვნა მეორემ.

"აი, ნახეთ, საოჯახო პოლიტიკა დაიწყეს!" -  დასვა ბეჭედი მესამემ.

ბატონებო, არავისზე ნაკლები წინასწარმეტყველები არ ვართ ჩვენ, ამიტომ წინასწარ ვიცით, როცა ბიძინა ივანიშვილი რამეს განაცხადებს, რას დაასკვნიან სამთავრობო არხები და "რეალ ტვ".

გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს:

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "მოგესალმებით, ჩემო თანამემამულენო!"

ნაციონალური არხის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილი მხოლოდ მემამულეების ინტერესებს იცავს. მას არ აღელვებს ჩვეულებრივი მოქალაქეების ბედი."

"რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილის ამ ფრაზაში კარგად ჩანს, რომ რუსეთიდან ჩამოსული ოლიგარქი ფეოდალური ხანის აღდგენას ითხოვს; სურს, იყოს ბატონყმობა, რომელსაც ებრძოდა ჩვენი დიდი თანამემამულე ილია ჭავჭავაძე; გავიხსენოთ მისი ლექსი "გუთნისდედა": "შენ პირუტყვი ხარ და მე მეტყველი? ეგ, ჩემო ლაბავ, ნუ შეგშურდება..."

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "მე მადლობას ვუხდი "ქართუ ბანკის" თანამშრომლებს, რომ მიუხედავად ზეწოლისა, აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას".

ნაციონალური არხის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილი მადლობას უხდის "ქართუ ბანკის" თანამშრომლებს, ბანკის, რომელიც მოსახლეობას კრედიტის პროცენტის გადახდას სთხოვს (ესე იგი, ეს  უსირცხვილო ივანიშვილი, ფულს აპროცენტებს!) და გადარიცხვების დროს ყოველ ათას ლარზე ერთ ლარს ახდევინებს! აი, ასეთი ბანკი აქვს ივანიშვილს!

"რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილს მონურ მდგომარეობაში ჰყავს "ქართუ ბანკის" თანამშრომლები, რომელთაც ხელფასს უხდის და აიძულებს, ბანკში შემოსულ კლიენტებს მოემსახურონ. ეს არის მათი მოსყიდვა."

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "მიხეილ სააკაშვილს მოუწევს ჩემთვის მოქალაქეობის მოცემა."

ნაციონალური არხის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილი არის ქურდული მენტალიტეტის კაცი, ის დაშინების მეთოდით აწერს მიხეილ სააკაშვილს მოქალაქეობას."

"რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილი არის მაზოხისტი. ფაქტები გინდათ? კი ბატონო. როგორც მოგეხსენებათ, იგი საფრანგეთის მოქალაქეა, ქვეყნის, რომელიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონია ფეხბურთში, ჰყავს საუკეთესო ფეხბურთელები, ბიძინა კი უარს ამბობს ასეთი ქვეყნის მოქალაქეობაზე და საქართველოს მოქალაქეობა უნდა, ქვეყნის, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებს ყველა უგებს. არ არის ეს მაზოხიზმი? ქართველებო, თქვენ გინდათ, მაზოხისტმა გმართოთ? გააკეთეთ სწორი არჩევანი!"

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "არ არსებობს სასამართლო."

ნაციონალური არხის ჟურნალისტის შეფასება: "სენსაციური ინფორმაცია! ბიძინა ივანიშვილი ბრმაა! მან დღეს განაცხადა, რომ არ არსებობს სასამართლო, მე კი ახლა სწორედ სასამართლოს წინ ვდგავარ. თქვენ კადრში ხედავთ სასამართლოს შენობას. ბიძინა ან ატყუებს ხალხს, ან ბრმაა."

"რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის შეფასება: "სენსაციური ინფორმაცია! ბიძინა ივანიშვილი ათეისტია! მან დღეს განაცხადა, რომ სასამართლო არ არსებობს, ხვალ იტყვის, თავისუფალი მედია არ არსებობსო, ზეგ იტყვის, თავისუფალი პარლამენტი არ არსებობსო, მერე კი იტყვის, ღმერთი არ არსებობსო! გამოფხიზლდით, ქართველებო, ნუ დაუჯერებთ ამ ურწმუნოს!"

დავუშვათ, ბიძინა ივანიშვილმა თქვა: "ამ დღეებში ცუდი ამინდი იქნება, მაგრამ ვეცდებით, მაინც შევხვდეთ მოსახლეობას."

ნაციონალური არხის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილმა თავისი მილიარდებით შეიძინა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ცუდ ამინდს იწვევს. ამით ოლიგარქს უნდა, თვითმფრინავებმა ვერ იფრინონ და ფრენები ჩაიშალოს; შესაბამისად, ჩაიშლება ობამა-სააკშვილის შეხვედრაც! გრცხვენოდეთ, ბატონო ბიძინა! ეს ხომ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს!"

"რეალ ტვ"-ის ჟურნალისტის შეფასება: "ბიძინა ივანიშვილი ბიუჯეტის ფულს ანიავებს. მან თავისი მილიარდებით იყიდა ცუდი ამინდის გამომწვევი მოწყობილობა, მოდის თოვლი, მიმდინარეობს გამწმენდი სამუშაოები, ამისთვის კი ბიუჯეტიდან უამრავი ფული იხარჯება. გრცხვენოდეთ, ბატონო ბიძინა, ასე რომ აზარალებთ ბიუჯეტს!"

P.S. ბატონო ბიძინა, იმისათვის, რომ თქვენზე არაფერი მოიფიქრონ, როცა კამერების წინ დადგებით, მოსახლეობას მხოლოდ თვალი ჩაუკარით.