შესაძლებელია სააკაშვილი პუტინივით მოიქცეს - კვირის პალიტრა

შესაძლებელია სააკაშვილი პუტინივით მოიქცეს

მაშ ასე, ძვირფასო მკითხველო, გაიხსნა ახალი პოლიტიკური სეზონი. გიხაროდენ! ისევ შეიკრიბა ოპოზიციის "რჩეული" ნაწილი, ისევ შეთანხმდნენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს, ისევ დაგეგმეს მიტინგები და მანიფესტაციები, ოღონდ ამჯერად მთელი საქართველოს მასშტაბით. ასე რომ, აწი აღარ მოვიწყენთ არც ჩვენ და არც თქვენ. მოგეხსენებათ, სეზონის დასაწყისში კარგი მონადირე მსუყე ნადავლს მოინადირებს ხოლმე და ჩვენც ბევრი ვეცადეთ, "მსუყე" ოპოზიციონერი მოგვენადირებინა, მაგრამ ჯერ არ ვიცით, ზუსტად რას მოვიმოქმედებთო - გვითხრეს და ინტერვუი მომავლისთვის გადავდეთ. ხელისუფლებამაც თითქმის იგივე გვითხრა - მაგათ თუ არ იციან რა  მოიმოქმედონ, ჩვენ როგორ გვეცოდინება საპასუხოდ რა ნაბიჯებს გადავდგამთო. მოკლედ, სანამ ოპოზიცია და ხელისუფლება საბოლოოდ "ჩამოყალიბდება" და "შეთანხმებას მიაღწევენ", მანამ დროს არ დავკარგავთ და ყოფილ ხელისუფალს და ამჟამად ოპოზიციონერს, სტაჟიან კანცელარისტს და ბევრი მთავრობის შიდასამზარეულოს მცოდნეს, ნოღაიდელის პარტიის ერთ-ერთ ლიდერს, ბატონ პეტრე მამრაძეს დავუკავშირდით.

- ბატონო პეტრე, რატომ ნოღაიდელი და არა სხვა?

- საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის იდეისთვის მებრძოლი ერთადერთი ლიდერია.

- ლიდერი? კი, მაგრამ ზოგიერთები რომ ამბობენ, ასეთია, ისეთია, თანამდებობაზე ყოფნის დროს გახდა მილიონერიო...

- ფინანსთა მინისტრობიდან რომ გადადგა, ბიზნესში წავიდა, ასე რომ, ხელისუფლებაში ყოფნისას არ უშოვია.

- ბიზნესში ასე უცებ იშოვება ფული?

- მთელ მსოფლიოში ასეა, როცა ფინანსთა მინისტრები თანამდებობას ტოვებენ, ბიზნესში დიდი ფორით მიდიან. ნოღაიდელი 7 ნოემბრის შემდეგ კანცელარიის შენობაში აღარ შემოსულა. ვინც მასზე თქვა, მილიონები მთავრობაში იშოვაო, ძალიან კარგად მახსოვს, როცა ბატონი ზურაბი გადადგა, მთავრობის სხდომაზე მიშამ თქვა: საქართველოს არ ჰყავდა და არც ეყოლება ისეთი ძლიერი პრემიერი, როგორიც ნოღაიდელი იყოო. და მიანიჭა ქვეყნის უდიდესი ჯილდო, წმ. გიორგის ორდენი.

- როგორც ბევრი სხვა, თქვენც იყავით ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელიც ოპოზიციაში გადავიდა. სხვები გასაგებია, მაგრამ თქვენს შემთხვევაში რა მოხდა?

- არსებობს ასეთი გამოთქმა: "ნებისმიერი ძალაუფლება რყვნის ადამიანს, ხოლო აბსოლუტური ძალაუფლება - აბსოლუტურად რყვნის. ასე დაემართათ ამათ. როცა ხელისუფლებაში მოდის ადამიანი 97 პროცენტით და ამბობს, მორჩა, მე ვარ ახლა ყველაფერი, სხვამ არაფერი არ იცის და როგორც ვიტყვი, ისე იქნება ძმაო, იმიტომ, რომ კაი ბიჭი ვარო, ხოლო ხალხი გამოდის ქუჩაში და ყვირის: "მიშა! მიშა!" არც ასეთ მთავრობას გამოუვა რამე და არც ასეთ საზოგადოებას ეშველება.

- ამბობთ, საპარლამენტო რესპუბლიკაზე უნდა გადავიდეთო, არ გეშინიათ მთელი შრომა წყალში რომ ჩაგეყაროთ და მიშა გახდეს პრემიერი?

- ჯერ გადავიდეთ საპარლამენტოზე და ვნახოთ, მერე ვინ გახდება.  უფრო საშიშია, იმავე მოწყობაზე რომ დავრჩეთ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია, სააკაშვილი პუტინივით მოიქცეს და პრემიერ-მინისტრი გახდეს.

- და მედვედევი ვინ იქნება?

- მაგას უკვე მნიშვნელობა არა აქვს. ისე, ეს ინფორმაცია თქვენ უფრო უნდა გქონდეთ.

- არ ვიცით, პეტრე ბატონო, თორემ ნამდვილად არ დავმალავდით.

- ეჭვიც არავისზე გაქვთ?

- ეჭვი ბევრზე გვაქვს.

- ანუ ბევრი "მედვედევის" კანდიდატურაა.

- ასე გამოდის. ბატონო პეტრე, თქვენ დიდხანს იყავით კანცელარიაში. რეკორდი დაამყარეთ?

- კი, ყველა რეკორდი მოვხსენი. 13 წელი ვიყავი კანცელარიის უფროსი.

- რევოლუციის დროს, კანცელარიაში რომ შემოვიდნენ, შიგნით იყავით?

- მივხვდი, საითაც უმიზნებთ, კი ვიყავი შიგნით, მაგრამ კარი მე არ გამიღია. ანდა, რად უნდოდა გაღება, კანცელარიაში რომ მოვიდნენ, ყველაფერი გადაწყვეტილი იყო.

- რატომ ვამბობთ იცით? ყველა შევარდნაძის დროინდელი თანამდებობის პირი გაათავისუფლეს, თქვენ კი დარჩით...

- არ ვიყავი კორუმპირებული და იმიტომ...

- ეგეც საინტერესოა. მაშინ არაკორუმპირებულობა ძალიან ძნელი იყო.

- ამაზე ვხუმრობდი კიდეც: არ მაძლევდნენ და როგორ გავხდებოდი კორუმპირებული?

- ოპოზიცია ნოემბრიდან აქციების განახლებას იწყებს, თუმცა ხალხი ამბობს: "აწი გინდ შეიტანეთ და გინდ გამოიტანეთ ეგ თქვენი რუმბივით გაგორებული ოპოზიციაო". თქვენი პარტია შეუერთდება ამ აქციებს?

- მაგ საკითხზე ჯერ არ გვქონია საუბარი. ისე კი, ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ. ჩვენ ვაფრთხილებდით ოპოზიციას, რომ პერმანენტული აქციებით ვერაფერს მივაღწევთ.

- თქვენ პროფესიით ფიზიკოსი ბრძანდებით, ასევე ფიზიკოსია ნოღაიდელი.

- კი, ფიზიკოსების პარტიაა.

- ჰო, მაგრამ, ლოთი ქობალია რომ არ არის ფიზიკოსი?

- არ ვიყავი იმ სხდომაზე, როცა ლოთი მიიღეს პარტიაში. მე შეიძლება არ ვიყავი მომხრე ამ გადაწყვეტილების, მაგრამ ისევ "ისტებად" რომ არ დავიყოთ, აუცილებელია ასეთი ნაბიჯები.

- პარლამენტში რა ხდება, ბატონო პეტრე?

- ერთ რაღაცას გავიხსენებ. 92 წლის პარლამენტში, როცა რამე გადაწყვეტილება იყო მისაღები, ვახტანგ გოგუაძე ამბობდა - არის მოსაზრება, რომ... და ჩვენც უნდა მიგვეღო. ერთხელაც კაკო ბობოხიძემ უთხრა: - ბატონო ვახტანგ, არ შეიძლება ერთხელ მაინც გვითხრათ, ვისი მოსაზრებაა, რომ მივიდეთ და პირდაპირ დაველაპარაკოთ. დღეს ამის თქმა სპიკერს აღარ სჭირდება, პირდაპირ აძლევენ ხმას.