თამადობის შემსწავლელი კურსი - კვირის პალიტრა

თამადობის შემსწავლელი კურსი

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ იმერეთის გუბერნატორმა საჩხერეში ქეიფისას იჩხუბა. მიზეზი ისევ ივანიშვილი იყო -  თურმე სუფრის ერთმა წევრმა მოუწოდა თანამეინახეებს, შეეწყვიტათ ბიძინა ივანიშვილის ლანძღვა-გინება.  მოწოდებამ გუბერნატორის და მისი დამქაშების აღშფოთება გამოიწვია. სუფრა და ქეიფი დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მმართველობის ერთ-ერთი ფორმა გახდა, თანაც სპეციალურ სიმღერებს ზევიდან აწოდებენ და ჩვენი ნაციონალი ძმებიც მღერიან და ცეკვავენ, სხვა რა უნდა ქნან აყვავებულ ქვეყანაში? სიმღერები ვერა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მათ  სადღეგრძელოები შევთავაზოთ.

მაშ ასე, როგორი სადღეგრძელოები უნდა თქვას ნაციონალმა თამადამ:

1. (განსხვავებული) - სანამ ძირითად სადღეგრძელოებზე გადავალთ, ფეხზე წამოვდგეთ და მიშას სადღეგრძელო შევსვათ. გვფარავდეს მისი კალთა ყველგან, რომელ თანამდებობაზეც ვიმუშავებთ, ძმებო! გვახსოვდეს: მიშა ერთია ქვეყანაზე! აბა, ყველა ვსვამთ ბოლომდე!

2. ამ ჭიქით მინდა შევსვა მშვიდობის სადღეგრძელო, იმ მშვიდობის, რომლის დამყარებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ბატონ ბაჩო ახალაიას. იგი მუხლჩაუხრელად დგას ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე და დღე-ღამეს ასწორებს, რომ ჩვენ მშვიდად დავიძინოთ.

3. მშობლების სადღეგრძელო შევსვათ, ჩემო მეგობრებო! მშობლისა და შვილის სანიმუშო მაგალითია მამა-შვილი გაბაშვილი. ისინი, წლებია, რაც ჩვენს ქვეყანას სრულიად უანგაროდ ემსახურებიან. აი, ასეთი მამაშვილობა უნდა იყოს ჩვენს პარტიაში.

4. ამ ორი ჭიქით, ჩვენი პალიკოს და კონსტანტინეს თამადობით, დედმამიშვილების სადღეგრძელო შევსვათ. მართლაც რომ სამაგალითო ძმობა აქვთ. თქვენც ასეთივე ძმობას გისურვებთ. მინდა გითხრათ, რომ ყველა თანამდებობაზე მხოლოდ ძმები, ნათესავები და ძმაკაცები უნდა დავნიშნოთ და მტერი ვერასოდეს დაგვამარცხებს!

5. მოდით, მეგობრებო, ჩვენი თანაგუნდელი წასულებიც გავიხსენოთ -  ზოგი უცხოეთშია სასწავლებლად, მაგალითად, ჩვენი ნიკა გვარამია, ზოგი - ბიზნესში, მაგალითად, ჩვენი კეზერა, მაგრამ მაინც მუდამ ჩვენ გვერდით არიან და იქიდან გვეხმარებიან. დიდება მათ!

6. როდესაც მიშა ასე ნავარდობს, ბიძინას ყველა კარი ჩარაზეთ და იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, ჩვენ რომ მოვსხედით ამ ქვეყანაზე! მოდით, ამ ჭიქით ჩვენს პატრიოტთა ბანაკებს გაუმარჯოს, ძმებო! ჩვენს მომავალ თაობას!

7. შევავსოთ განსხვავებული სასმისი. ერთმა ბრძენმა რა უთხრა, თუ იცით, ერთ კაცს: მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, მოიგებ თუ არა ტენდერსო. იმან უთხრა, არ მყავს მეგობარიო. აბა, შენ, ძმაო, ვერც ერთ ტენდერს ვერ მოიგებო. უმეგობრო კაცი ცოდვაა, ჩემო ძვირფასებო. მოდი, ამ ჭიქით გიგის თამადობით მეგობრობას გაუმარჯოს! აბა, ვახტანგურად შევსვათ ყველამ!

8. კიდევ ერთი სასმისი შევსვათ, ძმებო. სამი ჩ-ს სადღეგრძელო მინდა შემოგთავაზოთ. ვინც არ იცის, გეტყვით, - ჩვენს ჩუმ ჩახვაძეს და მისთანებს გაუმარჯოს! ისინი ჩვენთვის დიდ საქმეს აკეთებენ, მეგობრებო. მართალია, ხანდახან მწვავედ გვაკრიტიკებენ, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში ჩვენ გვერდით დგებიან. მაშ, გაუმარჯოს სამ ჩ-ს!

9. მართალია, ამ სადღეგრძელოს უკვე ბევრი ნაციონალი აღარ სვამს, მაგრამ მე მაინც ვიტყვი და იმედია, არ გეწყინებათ. წინაპრებს გაუმარჯოს, ჩვენს დიდ წინაპრებს, "მოქალაქეთა კავშირის" თამადობით. ნუ დავივიწყებთ, ძმებო, მათ ამაგს. აბა, შევსვათ, "წასულებზე" დიდხანს გაჩერება არ შეიძლებაო, ნათქვამია.

10. ჩემო ძვირფასებო, მე სუფრას არ ვამთავრებ, მაგრამ ვამთავრებ იმ ძირითად სადღეგრძელოებს, რომელთა თქმა აუცილებელი იყო და ვამთავრებ აი, ამ სამლიტრიანი ყანწით. ვის მხრებზეც ყოველი ჩვენგანი დგას, ვისი დამსახურებაცაა, ჩვენ რომ ახლა აქ ვართ, ვინც მართლა დღე და ღამ ზრუნავს იმაზე, რომ "ნაციონალური მოძრაობის" ყველა წევრი მდიდარი და თანამდებობიანი იყოს, იმ კაცს გაუმარჯოს. ალბათ, ყველა მიხვდით, ვისზეა საუბარი. დიახ, მეგობრებო, ჩვენს ვანოს გაუმარჯოს! რა თქმა უნდა, ფეხზე წამოვდგეთ და რა თქმა უნდა, ბოლომდე შევსვათ, თორემ...

აქ უნდა გამოაცხადო მუსიკალური შესვენება, სუფრის ჯერ კიდევ ფეხზე მდგომი წევრები აცეკვო პატრულის ჰიმნზე და ამღერო "მიშა მაგარია". ამის შემდეგ ვისაც რა უნდა, ის იცეკვოს და იმღეროს!