მიეცით ნიჭსა გზა ფართო - კვირის პალიტრა

მიეცით ნიჭსა გზა ფართო

მინდა მოგახსენოთ, რომ ცხოვრებაში არ გამიმართლა და საქართველოს მოსახლეობის იმ 80 პროცენტში მოვხვდი, რომელიც უმუშევრობას უჩივის; ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ამის გამო ცნობილი სამკუთხედის წევრებს (მე, ჩემი ცოლი, ჩემი სიდედრი) შორის ჰარმონია აშკარად დარღვეული იყო და მათი მხრიდან ხშირად ისმოდა სიტყვები: "კუბო", "ცეცხლი", "მდუღარე"...ჩემი მხრიდან კი: "დედა", "შენი" და ასე შემდეგ. მაგრამ ნათქვამია, გაჭირვება მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო, ჰოდა, ერთ მშვენიერ დღესაც ჩემს უმუშევრობას და სიდედრთან სტრატეგიულ უთანხმოებას ბოლო მოეღო. ყველაფერი კი ძალზე მარტივად და მოულოდნელად დაიწყო.

- კაი გამარჯობა შენი,  - მომესალმა ერთ Dდღეს ჩემი მეზობელი, "ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორი და  აგიტატორი ბატონი კოტე და ფილმ "ზოროს ნიღაბში" მონაწილე კეტრინ ზეტა ჯონსივით გამიღიმა.

- გაგიმარჯოს, - ვუთხარი მეც და ფილმ "ლამაზ ქალში" მონაწილე ჯულია რობერტსივით გავუღიმე.

- არ მუშაობ კიდე ხო? - მკითხა მან.

- არა, - შემრცხვა მე და თავი ჩავღუნე.

- ნუ გეშინია, - დამაიმედა მან, - მე გიშოვი სამუშაოს.

დიდი მადლობა და სიხარულის გამომხატველი შორისდებული "ვააა" არც კი მქონდა დამთავრებული, რომ კოტემ ხელი მომკიდა, მანქანაში ჩამსვა და სწრაფი სვლით ჩემთვის უცნობი მიმართულებით წავიდა. 20-ოდე წუთის შემდეგ მანქანა ერთ მშენებარე შენობასთან გაჩერდა.

- აბა, გადმოდი. ჯერ შენი სამუშაოსათვის რეპეტიცია უნდა გავიაროთ, - მითხრა კოტემ.

გაკვირვებული და ოდნავ შეფიქრიანებული გადავედი მანქანიდან, თუმცა ნაციონალების კოორდინატორმა ფიქრიც არ მაცალა, სწრაფად ჩამომაცვა თავზე ჩაფხუტი, ხელში ნიჩაბი დამაჭერინა და მითხრა:

- აბა, ახლა ისეთი სახე მიიღე, ვითომ მაგრად მუშაობ; მე მოვალ, ხელს ჩამოგართმევ და შეგეკითხები რაღაცას, შენ კი მიპასუხე.

- რა გიპასუხო? - გამიკვირდა მე.

- მაგი ნუ გედარდება, აგერ მაქვს ტექსტი. აქ კითხვებიც წერია და შენი პასუხებიც. აბა, დავიწყოთ. ვითომ მე ვარ ახლა თბილისის მერი და მოვედი. შენ მუშაობ. აბა, კადრი მესამე, დუბლი პირველი! - დაიყვირა კოტემ სტივენ სპილბერგივით, მერე ჩინოვნიკის იერი მიიღო, ჩაფხუტი თვითონაც დაიხურა და დინჯი ნაბიჯით მომიახლოვდა.

- გამარჯობა, - მითხრა მან მომხიბვლელი ღიმილით, - დიდი ხანია აქ მუშაობთ?

- დიახ, 6 თვეა აქ დავსაქმდი, - ვუპასუხე, რაც ფურცელზე ეწერა, - დიდი მადლობა თქვენ, ბატონო გიგი, დიდი მადლობა პრეზიდენტს! ქვეყანა შენდება, ღმერთმა დაგლოცოთ!

- ხელფასი რამდენი გაქვთ? - შემეკითხა თბილისის მერად გარდასახული კოტე.

- 700 ლარი.

- ბევრი არაა, მაგრამ საკმარისია ოჯახის სარჩენად. მალე კიდევ უფრო მეტი გექნებათ.

- რას ამბობთ, ბატონო მერო, ძალიან მადლობელი ვარ თქვენი.

კოტემ ჩემი ამ სიტყვების წარმოთქმისას ჩაფხუტი მოიხსნა, ნამდვილი აკაკი ხორავა ხარო, მითხრა, გადამეხვია და დამარიგა:

- აბა, ახლა ტექსტი წაიღე სახლში, კარგად დაიზეპირე და ხვალ დაგირეკავ. ახალი საწარმო უნდა გავხსნათ მეოცედ. გული მიგრძნობს, კარგი მსახიობი ხარ, შეიძლება მალე მიშას მუშობასაც გამოჰკრა ხელი და არ დამივიწყო.

მთელი ღამე ვიმეორებდი ტექსტს და ძალიან კარგადაც დავიზეპირე, ის კი არა, დიდი მსახიობების ფილმებს ვუყურე, რომ მუშის როლი კარგად ამეთვისებინა და მეორე დღეს ერთ-ერთ საწარმოსთან მუშად გარდასახულმა დავიწყე ლოდინი. ჩემ გარდა იქ სხვა "მუშებიც" იყვნენ. "პრარაბი" ჩემი მეზობელი ბატონი კოტე გახლდათ, რომელიც მერის მოსვლამდე ტექსტს იმეორებდა. ცოტა ხანში თბილისის მერი მოვიდა, თანმხლებ პირებთან ერთად; ჯერ კოტე ესაუბრა (უნდა აღვნიშნო, რომ კოტეს ტექსტი შეეშალა და რომ არა დუბლიორი "პრარაბი", ყველაფერი გაფუჭდებოდა). ბოლოს, ჩემი რიგიც დადგა.

მერი მომიახლოვდა და უკვე კარგად ნავარჯიშევი შეკითხვაც დამისვა... ბევრი რომ არ ვილაპარაკო, როლში ისე კარგად შევედი, რომ სხვა მუშებმა აღფრთოვანება ვერ დამალეს, ერთმა - "ბის, ბისო!" - მომაძახა. ტელევიზიებმა გადაიღეს და მთელი დღე საინფორმაციოებში მე მაჩვენებდნენ. მოკლედ, უკვე ოცნება დავიწყე, რომ ჩემი სახელობის ვარსკვლავს გახსნიდნენ.

დრო გადიოდა, ჩემი ბედნიერების ვარსკვლავი კი არ ქრებოდა, პირიქით, უფრო კაშკაშა ხდებოდა. მალე "პრარაბის" როლი მომცეს. მოგვიანებით, ძალიან საინტერესოდ შევასრულე ჯერ ავადმყოფის, მერე კი, დაწინაურებულმა, საავადმყოფოს მთავარი ექიმის როლები; ვიყავი უცხოელი ტურისტი, ინვესტორი, ერთხელ რუსი პოლიტიკოსიც კი, რომელსაც საქართველოს რეფორმები ხიბლავდა!..

ჩემი ცოლი და სიდედრიც ჩავრთე საქმეში. უნდა აღვნიშნო, რომ სიდედრი ჩემზე არანაკლები მსახიობი აღმოჩნდა და თუ რომელიმე ნაციონალი რამეს გახსნიდა, ისე აღვარღვარებდა ცრემლებს, სესილია თაყაიშვილს შეშურდებოდა... მოკლედ, საქმე კარგად მიმდიოდა. ერთ დღეს კი გაისმა ზარი, რომელსაც ქვეშეცნეულად სულ ველოდი. ყურმილში პრეზიდენტის ხმა ვიცანი:

- გამარჯობა! - მომესალმა ის ყურმილიდან, - ლეგენდები დადის თქვენზე.

- რაც ვარ, ეს ვარ, ბატონო პრეზიდენტო, - დავიმდაბლე თავი.

- პიარის ინსტიტუტი მინდა ჩაგაბაროთ, ვიმედოვნებ, იმედს არ გამიმტყუნებთ.

- ვეცდები, ბატონო პრეზიდენტო.

- კარგი, ჩემი ხალხი მიგიყვანთ ოფისში და გაგარკვევენ, რა უნდა გააკეთოთ, აბა, თქვენ იცით, - მითხრა  და ყურმილი დაკიდა.

ახლა ოფისის ხელმძღვანელი ვარ, მსახიობებს ვიღებ, ვასწავლი  და სერტიფიკატებს ვურიგებ. გვაქვს შემდეგი ფაკულტეტები: "ხიდის გახსნა", "მუშის 6-თვიანი კურსები", "საავადმყოფოების გახსნის დაუფლების ხელოვნება", "უცხოელ ტურისტად ქცევის სრული კურსი" და არის მაგისტრატურა -  "ცრემლის ღვრა და მადლობის გადახდა პრეზიდენტის დანახვისას", რომელსაც ჩემი სიდედრი ხელმძღვანელობს. ბატონი კოტეც არ დამვიწყებია, ბუღალტრად დავნიშნე. ასე რომ, ტყუილად ნუ წუწუნებთ უმუშევრობაზე - ჩააბარეთ პიარის ინსტიტუტში და დასაქმდებით. გაუმარჯოს "ნაციონალურ მოძრაობას!"