"გამიშვით, ხალხო, მეჩქარება..." - კვირის პალიტრა

"გამიშვით, ხალხო, მეჩქარება..."

ეს ამბავი რამდენიმე დღის წინ მოხდა იმერეთის ერთ-ერთ მაღალმთიან სოფელში. ღრმად მოხუცებული კოლია ბაბუას სამძიმარზე თბილისიდან ჯიპით ჩამოვიდა ნათესავი. ჯიპს დაბურული მინები ჰქონდა, ისეთი, საერთოდ რომ არაფერი ჩანს. სოფლის "ბირჟავიკები'', რა თქმა უნდა, კოლია ბაბუას ჭიშკართან იყრიდნენ საღამოობით თავს და აქტუალურ თემებზე საუბრობდნენ. ჯიპი რომ დაინახეს, საუბარი მის მოდელზე, ფასსა და ხარისხზე დაიწყეს, თან მანქანას ზოგი ხელს ჩამოადებდა, ზოგი - ეყრდნობოდა. თითქმის ერთი საათი გავიდა და უცებ ავტომანქანა დაგორდა.

- არიქა, მანქანა დაგორდა! - იყვირა ერთმა და შეშინებული "ბირჟავიკები" (15 კაცამდე იქნებოდნენ) დაედევნენ, წინ გადაუდგნენ და გააჩერეს, მერე ერთმა უშველებელი ქვა მოიტანა და საბურავს დაუდო.

ამ გაწამაწიაში ჯიპის კარი გაიღო, უცხო კაცმა თავი გამოყო და დაიძახა: - გამიშვით, ხალხო, სახლში, მეჩქარება...

ფ. გეგეშიძე. ტყიბული