როგორ უნდა წაგვართვათ ფული - კვირის პალიტრა

როგორ უნდა წაგვართვათ ფული

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისში 8 საათის შემდეგ ავტობუსები აღარ იმოძრავებენ. ამ გადაწყვეტილებას, ალბათ, წყალი რომ არ გაუვა, ისეთ მიზეზს მოუძებნიან, თუმცა როგორც  ბოროტი ხმები ამბობენ, ეს იმიტომ კეთდება, ხალხი იძულებული გახდეს, "მარშრუტკებით" იმგზავროს, რაც  ტენდერში გამარჯვებულ ყვითელმიკროავტობუსიან კომპანიებს გაცილებით მეტ მოგებას მოუტანს და ეს "გაცილებით მეტი მოგება" რომ ისევ "ჩვენს კეთილდღეობას და აღმშენებლობას" მოხმარდება, ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ. მოკლედ, შევთანხმდეთ: ყველაფერი, რაც ჩვენს ჯიბეს აკლდება გადასახადებისა თუ ჯარიმების სახით, ისევ ჩვენ გვიბრუნდება ხან ძეგლების, ხან იგლესიას-კუტუნიოს და ხან კიდევ თანამდებობის პირთა ჯიპების სახით; აბა, ისე ქვეყანა როგორ აშენდება?

იმ დიდ მამულიშვილურ საქმეს, რასაც 8 საათის შემდეგ ავტობუსების გაჩერება ჰქვია, ჩვენც ვუერთდებით და ,,ფული როგორ ამოვიღოთ ხალხის ჯიბიდან"" პროგრამის ფარგლებში მოფიქრალ თბილისის მერს დახმარებას ვთავაზობთ:

1. უპირველეს ყოვლისა, გვინდა გირჩიოთ, რომ მხოლოდ ავტობუსების გაჩერება საკმარისი არ არის; იმისთვის, რომ ტენდერში გამარჯვებულმა ყვითელმიკროავტობუსიანმა კომპანიებმა მეტი მოგება ნახონ, მეტროს გაჩერებაც აუცილებელია.

2. აკრძალეთ მანქანების გაზზე გადაყვანა, ხოლო ვისაც გადაყვანილი აქვს, მანქანები ჩამოართვით. რატომ? ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ: გაზზე მომუშავე ავტომობილების მფლობელები ტაქსაობენ ძალიან იაფად, მაგალითად, ამას წინათ დიდუბიდან ვარკეთილში (ზღვით) 4 ლარად წაგვიყვანა. ჰოდა, შეიძლება მგზავრმა იმ თქვენი "მარშრუტკით" მგზავრობას ეს იაფი ტაქსი ამჯობინოს და ფული უბრალო მოქალაქის ჯიბეში აღმოჩნდეს, რომლის ამოღებაზეც მერე ცალკე წვალება და ათასი კანონის მოფიქრება დაგჭირდებათ.

3. აუკრძალეთ სუპერმარკეტებს ვაჭრობა დილის 8-დან 11 სთ-მდე, 14-დან 16 სთ-მდე და 18-დან 20-სთ-მდე - ეს ის დროა, როცა ადამიანს შიმშილის გრძნობა ყველაზე მეტად აწუხებს. სად წავლენ ეს ადამიანები პროდუქტის საყიდლად? რა თქმა უნდა, "ნუგეშის"" ჯიხურებში! აბა, წარმოიდგინეთ, რამდენი ფული შემოგივათ ,,ჩვენი აღმშენებლობისთვის"?

4. გააუქმეთ რკინის ერთლარიანი და ორლარიანი მონეტები. ესეც უდიდეს მოგებას მოგიტანთ და ახლავე აგიხსნით, როგორ: მაგალითად, მოქალაქემ იყიდა რაღაც და ხურდად ეკუთვნის ერთი ან ორი ლარი. როცა მონეტები არ იქნება, იძულებული გახდება, აიღოს ,,საქართველოს ლატარიის კომპანიის" გათამაშების ნებისმიერი ბილეთი, რაც უდიდეს მოგებას მოუტანს ამ კომპანიას და შესაბამისად თქვენ.

5. მარტივი, მაგრამ მეტად მომგებიანი იქნება ბუნებრივი აირის შეწყვეტა, რაც თავიდან ხალხის მღელვარებას კი გამოიწვევს, მაგრამ ნუ შეგეშინდებათ - ჩვენი მოქალაქეები ხომ ყველაფერს ადვილად ეჩვევიან, ხოლო ბუნებრივი აირის არქონის შემთხვევაში ისინი იძულებულნი გახდებიან, გასათბობად გამოიყენონ ელექტროენერგია და შესაბამისად ნაგავიც დაწერს.

6. საქართველოში მოქმედ მობილური კავშირის კომპანიებს აუკრძალეთ 5 ლარზე ნაკლები თანხის მიღება, რაც თავისთავად გაზრდის 112-ზე გადახდილ თანხას. მართალია, საგანგებო სიტუაციების სამსახურს შეიძლება ამდენი ფული არც დასჭირდეს, მაგრამ ზედმეტი ქონება ვის გადაუყრია?

7. ყველა ბენზინგასამართ სადგურს ებრძანოს, სასწრაფოდ გადააკეთონ ბენზინის ჩასასხმელი აპარატები ისე, რომ 10 ლიტრზე ნაკლების ჩასხმა ვერ შეძლონ, საწვავის ფასს კი თქვენ უკეთ იცით, რაც უნდა უყოთ.