ჩვენ ასე უნდა გვეგონოს - კვირის პალიტრა

ჩვენ ასე უნდა გვეგონოს

ტელევიზიით ყოველდღე ვუყურებთ ხელისუფლების თუ ოპოზიციის წარმომადგენლებს და რას აკეთებენ ისინი? კეთილ საქმეებს! ტელევიზორი ბოროტ ხალხს არ უჩვენებს: ერთი საავადმყოფოს ხსნის, მეორე - გზას, მესამე, რომ მოვა, აგვაყვავებს, მეოთხე დაგვასაქმებს, მეხუთე ომს მოუგებს რუსეთს და ასე შემდეგ. რისთვის ვარსებობთ ჩვენ, უბრალო მოკვდავნი? იმისთვის, რომ ამდენ კეთილ ადამიანში ყველაზე კეთილი ამოვირჩიოთ და ხელისუფლებაში მოვიყვანოთ, ან ბიზნესი ჩავაბაროთ, ან კიდევ - ტენდერი მოვაგებინოთ.

მაშ, ასე, თვალი შევავლოთ ტელევიზიებს და გავაკეთოთ დასკვნა, რა უნდა ვიფიქროთ ამ თუ იმ ადამიანზე.

მიხეილ სააკაშვილი - უნდა გვეგონოს, რომ ამ პიროვნებას გული შესტკივა ავადმყოფებზე და უნდა, ისინი განიკურნონ; ამავე დროს, პრეზიდენტს ძალიან უნდა, რომ ყველა მანქანამ კარგ გზაზე იაროს; უნდა მივხვდეთ - რომ არა ეს ადამიანი, შუქი არ გვექნებოდა; დენის ნაგავზე მიბმა მისი მოფიქრებული არ უნდა გვეგონოს; უნდა ვიფიქროთ, რომ ამ ადამიანის გუნდის გარდა, ყველა რუსეთის აგენტია, დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ხელისუფლებაში მესამედ მისი მოსვლა დემოკრატიის შუქურას ბოლოს და ბოლოს გააჩახჩახებს.

ვანო მერაბიშვილი - უნდა გვეგონოს (არ გვეგონება და ჩვენი აჯობებს!), რომ პოლიციელები ყველაზე კეთილი ხალხია; რომ არა ბატონი მინისტრი, ვიღაცა აგურს ჩაგვარტყამდა თავში და გაგვძარცვავდა; ხანდახან ბატონი ვანო ისე იღიმის, უნდა გვეგონოს, რომ მისი არ უნდა გვეშინოდეს (ეს ცოტა ძნელი კია...), რომ პოლიცია არჩევნებში არ ერევა (უცხოელ დამკვირვებლებს არ უნდა დავუჯეროთ) და რაც მთავარია, როცა მიტინგზე გვირტყამენ, ეს ჩვენს სასიკეთოდ ხდება.

გიგი უგულავა - უნდა გვეგონოს, რომ ამ კაცის მიერ დენზე ნაგვის მიბმის შემდეგ მოსული გადასახადი ადრინდელზე ნაკლებია; უნდა გვეგონოს, რომ ტენდერში გამარჯვებული ადამიანები შემთხვევით  აღმოჩნდნენ ქალაქის მერის ახლობლები ან ნაცმოძრაობის აქტივისტები; უნდა გვეგონოს, რომ როცა ორი გაყინული კაცი საავადმყოფოში წევს, ეს ნიშნავს, რომ მეტროში, სადგურებზე და სხვაგან გაყინული ადამიანები აღარ არიან; "მარშრუტკები" იმიტომ გაძვირდა, რომ კომფორტულად ვიმგზავროთ, მიუხედავად იმისა, რომ ახალი "მარშრუტკები" ისეთი გატენილია, სუნთქვა ჭირს.

"ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი - უნდა გვეგონოს, რომ ასეთი ადამიანი მხოლოდ მიშას სიყვარულით გაიძახის "მიშა, მიშას" და მას თანამდებობის დაკარგვის არ ეშინია; უნდა გვეგონოს, რომ როცა პრეზიდენტი გამოდის ახალქალაქში, მერე ბორჯომში, მერე ქუთაისში და მერე - აჭარაში და სულ ერთი და იგივე ადამიანები გაჰყვირიან: "მიშა! მიშა!" - ისინი სპეციალურად ჩაყვანილები კი არ არიან, უბრალოდ, სახლებს იცვლიან ხშირ-ხშირად; უნდა გვეგონოს, რომ ადამიანი ერთ დღეს შეიძლება იყოს ავადმყოფი, ესაუბროს მიშას, მეორე დღეს იყოს პრარაბი, მესამე დღეს კი - ექსპერტი.

მოსამართლე - უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ კანონს ემორჩილება და პროკურორის კი არა, ტყვიის არ ეშინია; უნდა გვეგონოს, რომ ძმებმა კუბლაშვილბმა ჩვენი სასამართლო ამერიკულ სასამართლოს დაამსგავსეს.

ოპოზიციური პარტიები - უნდა გვეგონოს, რომ მათ ავტორიტეტი აქვთ და ივანიშვილთან რეიტინგის ასამაღლებლად კი არ მიდიან, არამედ მათი კონცეფციები ემთხვევა ბატონი ბიძინასას; უნდა გვეგონოს, რომ ფული ხელის ჭუჭყია და ბიძინა ივანიშვილთან მისვლაში, აბა, ფული რა შუაშია?

ტელევიზიები - უნდა გვჯეროდეს, რომ პირველი არხი, "იმედი" და "რუსთავი 2" პრეზიდენტზე სულ კარგს და ოპოზიციაზე სულ ცუდს იმიტომ ამბობენ, რომ ობიექტურები არიან და პრეზიდენტზე 45-წუთიან სიუჟეტებს ყველა დემოკრატიული ქვეყნის ტელევიზიები უჩვენებენ; უნდა გვჯეროდეს, რომ მათ დავალება ზევიდან არ მიუღიათ და საერთოდ, ძალიან თავისუფალი ადამიანები არიან.

ბიზნესმენი - უნდა გვჯეროდეს, რომ არ ეშინიათ ბიზნესის წართმევის, მაჟორიტარობას სიხარულით დათანხმდნენ და  ნაცმოძრაობის ყულაბაშიც არაფერი ჩაუდვიათ; უნდა გვეგონოს, რომ ოპოზიცია, უბრალოდ, არ მოსწონთ, თორემ დააფინანსებდნენ და რომ დღეში ათეულობით ადამიანს ასაქმებენ.