"არ ვარ ცხენი, არა!" - კვირის პალიტრა

"არ ვარ ცხენი, არა!"

(ეძღვნება ქართულ სასამართლოს)

- თქვენ ცხენი ხართ! - უტიფრად მომახალა ა ლა ფურშეტზე ჩემმა მოშურნე კოლეგამ და ხელში მოხდენილად დაჭერილი ბოკალი ნერვიულად შეათამაშა.

დარბაზში მყოფი საზოგადოება წამით გაჩუმდა; ლაპარაკი შეწყვიტა თვით ჩვენი სამსახურის ბუღალტერმა, რომელიც ოფისმენეჯერ კეკლუც გოგონას ვალუტის კურსის ცვლილებებზე ესაუბრებოდა.

თანამშრომელთა ცნობისმოყვარე იერმა დამარწმუნა, რომ თავი უნდა დამეცვა. მყის გამოვიღე პომიდვრიანი პიცა პირიდან და მოშურნე კოლეგას სალახანა ვუწოდე. კოლეგამ სალახანითვე მიპასუხა და მალე ჩვენ შორის ხელჩართული ჩხუბი გაიმართა, რომელიც მხოლოდ რამდენიმე წამს გაგრძელდა და ოფისის პრეზიდენტის ღრიალისთანავე  შეწყდა.

- მე დავამტკიცებ, რომ ცხენია, სასამართლოში ვიჩივლებ! მე მაქვს მტკიცებულებები, რომ ცხენია, მერე რა, რომ დაბალი ტანისაა! პრჟევალსკის ჯიშისაა! - ყვიროდა გზადაგზა ჩემი მოშურნე კოლეგა და დარბაზს ტოვებდა.

- არა, ბატონო, ადამიანი ვარ, ბუნებრივად მაქვს დიდი კბილები! - ოსტატურად ვიცავდი თავს.

დარბაზის აზრი სამად გაიყო: ერთნი ფიქრობდნენ, რომ ცხენი ვიყავი, მეორენი ეჭვობდნენ, მესამენი კი დარწმუნებული იყვნენ, რომ ცხენი არ ვიყავი, რადგან სულ თხუთმეტიოდე წუთის წინ ძალზე მახვილგონივრულად ვხუმრობდი პრეზიდენტის მოღვაწეობაზე.

დრო კი ფილოსოფიური რუდუნებით მიიწევდა წინ და ერთხელაც დადგა ჟამი, როცა  სასამართლოდან უწყება მომივიდა, შემდეგი შინაარსისა:

"მოგესალმებით. თქვენ ბრალად გედებათ ცხენობა. მობრძანდით და თავი დაიცავით. აბა, გელოდებით."

მსგავსი შინაარსის უწყებისთვის მზად ვიყავი, ამიტომ მაშინვე ჩემს ადვოკატს დავურეკე და სასამართლოსკენ გავწიე. ჩემი კოლეგა პროკურორთან ერთად შენობის "ა" სექტორთან იდგა და სიგარეტს ეწეოდა.

- მოდი, ცხენო, მე შენ გიჩვენებ სეირს! - შხამიანი კალამბური მესროლა და ჯვაროსანი რაინდივით მკაცრი სახის პროკურორს გადახედა.

- მაგასაც ვნახავთ! - დავიქადნე მე და ადვოკატს შევხედე.

სასამართლო დაიწყო პირდაპირ, ყოველგვარი ექსპოზიციის გარეშე. მოსამართლემ თვალი მოავლო დარბაზს და ჩემი კოლეგა იხმო.

- ის ცხენია, ბატონებო, ყოველთვის ცხენი იყო და მომავალშიც ცხენი იქნება! - დაიწყო მგზნებარედ ტრიბუნასთან მდგარმა კოლეგამ, - მისი ადგილი არ არის ადამიანებთან, ის თავლაში უნდა იყოს, მასზე დოღზე ფსონები უნდა იდებოდეს... …

- ვაპროტესტებ! - დაიყვირა უცებ ჩემმა ადვოკატმა და ფეხზე წამოდგა, - ის რომ ცხენი იყოს, ნალი ხომ ექნებოდა? სადა აქვს ნალი, სად?

Aადვოკატის სიტყვები რომ უფრო სარწმუნო გამხდარიყო, ფეხზე გავიძვრე და უნალო თითები დავანახე საზოგადოებას.

- ვაპროტესტებ, რომ აპროტესტებს! - იყვირა პროკურორმა! - რა უნდა ნალის მოძრობას, ელიავაზე 10 ლარად მოგაძრობენ!

ადვოკატი წამიერად დაიბნა, თუმცა მალევე მოეგო გონს და ახალი კონტრარგუმენტი ჩამოაყალიბა:

- ბატონებო და ქალბატონებო, გუშინ 11-ს რომ 15 წუთი აკლდა, გოოგლე.გე-ში ვიყავი, შემდეგ ვიკიპედიაში შევიხედე და ცხენებზე ინფორმაცია ამოვკრიბე. თურმე მათ 12 ვოლტიც კი კლავს. ახლა კი მე ჩავატარებ ექსპერიმენტს და ვნახავ, როგორ გაუძლებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი 12 ვოლტს, - ეს თქვა ადვოკატმა და სანამ რაიმეს თქმას მოვასწრებდი, "მუტლუს" აკუმულატორი შპილკებით ყურებზე შემიერთა.

რა თქმა უნდა, უვნებელი გადავრჩი და მოშურნე კოლეგას დამცინავი ღიმილით შევხედე.

- ბატონებო, ახლა 21-ე საუკუნეა და ცხენები უძლებენ 12 ვოლტს, სამაგიეროდ, ვერ უძლებენ 220 ვოლტს! აბა, შეუერთონ ცხენობაში ეჭვმიტანილს 220 ვოლტი, თუ მაგრები არიან! - დაძაბა სიტუაცია პროკურორმა.

ადვოკატმა პროკურორის ამ ელეგანტურ შეთავაზებაზე კითხვისნიშნებიანი თვალებით გადმომხედა, მაგრამ როცა ჩემს სახეზე მკაცრი უარი ამოიკითხა, უიმედოდ ჩაიქნია ხელი და დაჯდა.

- ჰოდა, იმას ვამბობდი, - ფერი დაუბრუნდა ჩემს მოშურნე კოლეგას, - რომ ის ცხენია და უნდა აეკრძალოს ადამიანებთან ყოფნა. ძირს ცხენები! გაუმარჯოს ადამიანებს! კეთილ ორფეხებს! არაჭიხვინადებს!

- არ ვარ ცხენი, არა! - შევძახე სასოწარკვეთილმა. - თუ ცხენი ვარ, როგორ ვლაპარაკობ?

არგუმენტი შეუვალი მეჩვენებოდა, თუმცა პროკურორმა მოწმედ ცირკის დირექტორი იხმო, რომელიც ტრიბუნაზე ავიდა და დაიწყო:

- გუშინ ვიღაცამ დამირეკა, კარგა ხანს მელაპარაკა, მერე მითხრა, სამუშაოდ ამიყვანე, ცხენი ვარო. მე დავიბენი და ვკითხე, რა შეგიძლია-მეთქი, მან კი დედა შემაგინა და დამიყვირა, ცხენი ვარ და გელაპარაკები, მეტი რა გინდაო. ჩანაწერიც მაქვს ამ საუბრის.

- ვიხუმრე ეს, ვიხუმრე! - ავყვირდი მე. - მეგობარს ვუთხარი, მოდი, ცირკის დირექტორს ვეხუმროთ-მეთქი. დამიჯერეთ, რა!!!...

მოსამართლემ ცირკის დირექტორთან ჩემი საუბარი ხუმრობად არ ჩათვალა და ის-ის იყო, ჩემთვის ცხენობის განაჩენი უნდა გამოეტანა, რომ ჩემს ადვოკატს უიმედო სახე გაებადრა, ფეხზე სიზმრებით გატანჯული რასკოლნიკოვივით წამოხტა და დაიძახა:

- იცით, ცხენი ძალზე პოეტური არსებაა, გავიხსენოთ ტატოს მერანი ან გალაკტიონის ლურჯა ცხენები. ბატონო მოსამართლევ, დააკვირდით ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს, დააკვირდით მის იდიოტურ სახეს, მის უინტელექტო ღიმილს... განა ასეთ არსებას ტატო და გალაკტიონი ლექსს მიუძღვნიდნენ?!

მთელი დარბაზი მომაჩერდა, ადვოკატის ჩამოთვლილი არგუმენტები ჩემს სახეზე ისე ნათლად ჩანდა, რომ თვით მოსამართლესაც გაეცინა. იცინოდა მთელი დარბაზი, მხოლოდ ჩემს მოშურნე კოლეგას და პროკურორს მოღუშვოდათ სახე, რადგან ამ არგუმენტის შემდეგ აშკარა იყო, საქმე წაგებული ჰქონდათ. მოულოდნელად პროკურორმა ტელეფონზე მესიჯის წერა დაიწყო; ასევე მოულოდნელად, როგორც კი პროკურორმა წერა დაამთავრა, მოსამართლეს მესიჯი მიუვიდა, მერე სახის ფერი სამჯერ შეეცვალა და ბოლოს, როცა წითელზე დაჯდა, ჩუმად წარმოთქვა:

-  სასამართლო და პროკურორი მიდიან განაჩენის გამოსატანად!

განაჩენი ისეთი იყო, როგორიც გულმა მიგრძნო: სასამართლომ დაამტკიცა, რომ ცხენი ვიყავი და იპოდრომის ტერიტორიაზე სამუდამო ცხოვრება მომისაჯა. განაჩენი საბოლოო იყო. დარბაზიდან ყველა გავიდა. დავრჩით მხოლოდ მე და ჩემი ადვოკატი.

- რატომ? – გავიძახოდი მე.

- შენი ბრალიცაა! უნდა გცოდნოდა ამხელა კაცს, რომ სამსახურში პოლიტიკასა და პრეზიდენტზე ხუმრობა არ შეიძლება... მაგრამ ნუ გეშინია, კარგი ჰაერია იქ... - დამამშვიდა ჩემმა ადვოკატმა.