პრო...? - კვირის პალიტრა

პრო...?

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსეთთან ცალმხრივად აღდგა სავიზო რეჟიმი. არც რუსები დაგვრჩნენ ვალში და მოდი, ბარემ დიპლომატიური ურთიერთობაც აღვადგინოთო.ახლა ჩვენი ჯერია - რას შევთავაზებთ. სახელისუფლებო პარტიის რეიტინგს თუ გავითვალისწინებთ, ჩვენც უნდა გადავდგათ რაღაც ნაბიჯი, მერე - ისევ მათ და მალე, კაცმა არ იცის, პრორუსები უფრო ვიქნებით თუ პროამერიკელები. ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ჩვენს პრეზიდენტს პროამერიკელობით და ევროპული ტიპის დემოკრატიით ხელისუფლებაში დარჩენის შანსი არ აქვს, პრორუსულობით კი რამდენ ხანსაც უნდა, იქნება. რადგან ჩვენი პრეზიდენტის სურვილია, რომ "ნაცმოძრაობამ" კიდევ დიდხანს მართოს ქვეყანა, ჩვენ გთავაზობთ ჩვენს პროგნოზს, თუ როგორები გავხდებით უახლოეს მომავალში და რომელი პოლიტიკოსი რა განცხადებას გააკეთებს. მაშ ასე:

მიხეილ სააკაშვილი: - ჩემო ტკბილო ხალხო! მიუხედავად დიდი გამოწვევებისა, მინდა გითხრათ, რომ საქართველო აგრძელებს წინსვლას. ჩვენს განვითარებას ვერ შეაჩერებენ! ვაშინგტონში მოკალათებულ შავ კაცს ჰგონია, რომ ჩვენ ჩამოვიშალეთ, მაგრამ ნურას უკაცრავად!

შოთა მალაშხია: - ამერიკა სულ მალე დაიშლება, ყველა შტატი გამოაცხადებს დამოუკიდებლობას და ამაში საქართველო უდიდეს წვლილს შეიტანს.

ნუგზარ წიკლაური: - ბიძინა ივანიშვილს წილი აქვს კომპანია "მაიკროსოფტში", სხვაგვარად ამერიკელები ტყუილად ფულს არ აშოვნინებდნენ. ის არის ჰილარის პროექტი და სურს, დააბრუნოს საქართველო ამერიკულ ორბიტაზე, მაგრამ არ გამოუვათ.

ექსპერტები: - ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვით სააკაშვილმა კიდევ 20 წლით გადადო ევრაზიულ კავშირში ჩვენი ინტეგრაცია. რუსეთი ჩვენი გულისთვის ამერიკას არ გადაიმტერებს.

"რუსთავი 2": - საქართველოს პრეზიდენტის ისტორიული ვიზიტი მოსკოვში ნაყოფიერად დასრულდა, რუსეთმა კვლავ მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტს და კიდევ ერთხელ მოუწოდა ამერიკას, გაიყვანოს ნატოს ჯარები ტაო-კლარჯეთის ტერიტორიიდან.

"რეალ ტვ": - ირანის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას კვლავ ავიწროებენ ამერიკელი ოკუპანტები, თუმცა ევრაზიული კავშირის ჯარები, რომელთა დაქვემდებარებაში შედის ქართველ სამშვიდობოთა დანაყოფი, კვლავ აკონტროლებს ირანის მნიშვნელოვან ობიექტებს.

საზოგადოებრივ მაუწყებელზე გავა დოკუმენტური ფილმი "ამერიკა-ევროპა-ფაშიზმი". ფილმი გადაღებულია მექსიკის ადგილობრივ მკვიდრთა მიმართ გამოჩენილ ამერიკელ ოკუპანტთა სისასტიკეზე, ასევე, ინდიელთა მასობრივ გაჟლეტაზე და სხვ.

გაზეთი "პრაიმ-ტაიმი" გამოაქვეყნებს ინტერვიუს ქეთი მელუასთან. რადგან პოპულარული მომღერალი მონაწილეობას მიიღებს ჩვენი მტრის, ობამას წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ვაშინგტონში გამართულ კონცერტში.

მშობლიურ ქვეყანას დიდი ხნის განშორების შემდეგ ეწვევა იგორ გიორგაძე, რომელიც შევარდნაძის ჩამყაყებულმა რეჟიმმა გადახვეწა სამშობლოდან.

ლენინის (ყოფილი თავისუფლების) მოედანზე გაიხსნება დამსახურებული პოლიტიკური მოღვაწეების - ზურაბ ნოღაიდელის და ნინო ბურჯანაძის ბიუსტები, წარწერით: "ისინი ყველაზე ადრე მიხვდნენ ჭეშმარიტებას".

აეროპორტისკენ მიმავალ გზაზე გაიხსნება ვლადიმირ პუტინის სახელობის ქუჩა.

თბილისში გაიხსნება კონკისტადორების მუზეუმი.

მთავრობის გადაწყვეტილებით, რუსული ენის პოპულარიზაციის და უკეთ შესწავლის მიზნით, პროექტ: "ისწავლე და ასწავლე საქართველოსთან ერთად" ფარგლებში რუსეთიდან ჩამოიყვანენ 1000 რუსულის მასწავლებელს.

ვაშინგტონში ჩატარდება გამოკითხვა, რომლის მიხედვით ამერიკის დაუძინებელი მტერი, ირანის შემდეგ,  იქნება საქართველო.

დააკავებენ ეროვნებით აზერბაიჯანელ საქართველოს მოქალაქეს, რომელიც ხელყუმბარას ესვრის ვლადიმირ პუტინს, როცა ის ოფიციალური ვიზიტით ჩამოვა საქართველოში.

ქართველი მორაგბეები ისევ გაგვახარებენ და პრინციპულ მატჩში, ნეიტრალურ სტადიონზე, დაამარცხებენ ამერიკის ნაკრებს.

კინოთეატრ "რუსთაველში" გაიმართება ნიკიტა მიხალკოვის ფილმ "თებერვლის 1 დღის" პრეზენტაცია. ფილმში მთავარ როლს "მოსფილმის" ვარსკვლავი მაქსიმ გალკინი შეასრულებს.