ქალების აჯანყება - კვირის პალიტრა

ქალების აჯანყება

კომუნისტების დროს ერთ-ერთ რაიონში კოლმეურნეობის თავმჯდომარე ვიყავი. ერთხელ, გვიან ღამით, კოლმეურნეობის დარაჯს მძინარეს მივუსწარი და მეორე დღესვე სამსახურიდან გავათავისუფლე.გაგანია ჩაის კრეფის დროა. ვზივარ კაბინეტში. ეზოდან ხმაური შემომესმა. გადავიხედე და რას ვხედავ: კოლმეურნე ქალები შეკრებილან. გავედი და ვიკითხე:

-  რა ხდება?

- ამხანაგო თავმჯდომარევ, გავიგეთ, კანტორის დარაჯი მოგიხსნიათ, ჩვენ კი მისთვის მადლობა უნდა გადაგვეხადა, გთხოვთ, დაუყოვნებლივ აღადგინოთ სამსახურში, - მითხრა ერთმა ქალბატონმა.

- რატომ, რით დაიმსახურა? - ვიკითხე დაბნეულმა.

- მაგას კაბინეტში მოგახსენებ, - მითხრა "მეთაურმა".

- აი, რა, - მითხრა მან კაბინეტში, - იმ თქვენს დარაჯს, როგორც ჩანს, ღამით ეშინია და თოფს ორ-სამჯერ ისვრის; სროლის ხმაზე ჩვენს ქმრებს ეღვიძებათ, მერე კი ისე ვერ დაიძინებენ, ჩვენ რომ არ "მოგვხედონ", ჰოდა, მეორე დღეს შრომა სახალისო ხდება და უფრო მეტი მონდომებით ვმუშაობთ. ხომ ხედავთ, გეგმაც გადაჭარბებით შევასრულეთ.

- თუ ასეა, გავაფრთხილებ სატრაქტორო პარკის, საწყობის, ფერმის და სკოლის დარაჯებსაც, რომ ყოველღამ ისროლონ! - ვუთხარი სრულიად სერიოზულად.

ქალმა ჩაიცინა:

- არა, მაგდენს ჩვენი ქმრები ვერ შეძლებენ, - და კაბინეტიდან გავიდა.

იურა კაკავა. გალი