ნატოს გენერალურ მდივანს, ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენს! - კვირის პალიტრა

ნატოს გენერალურ მდივანს, ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენს!

"კვერცხი უფრო ადრე გაჩნდა თუ ქათამი?" - ამ შეკითხვას დღეს კიდევ ერთი დაემატა - "შევა თუ არა საქართველო ნატოში?" მიზეზი, რის გამოც უარს გვეუბნებიან, არის ის, რომ თურმე ჩვენთან დემოკრატიის ხარისხი არ ყოფილა ნატოს სტანდარტების შესაბამისი. ჩვენ გადავწყვიტეთ თვალები ავუხილოთ ნატოს და ფაქტებითა და მტკიცებულებებით დახუნძლული წერილი გავუგზავნეთ ბატონ ანდერს ფოგ რასმუსენს. გთავაზობთ ამ წერილის ასლს.

ბატონო ანდერს ფოგ, ერთ-ერთ სამიტზე თქვენ განაცხადეთ, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი, ოღონდ ამისათვის აუცილებელია ქვეყანაში განმტკიცდეს დემოკრატიაო. გვაპატიეთ გულახდილობისთვის, ბატონო ანდერს, მაგრამ თქვენი წინამორბედი, იმის წინამორბედი და კიდევ იმის წინამორბედიც მასე გვაიმედებდნენ. ძალიან გვაინტერესებს, რას გვიწუნებთ? დემოკრატიას? კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, მაგრამ უნდა შეგეწინააღმდეგოთ. როგორ გეკადრებათ, ბატონო, დემოკრატიის დონე საქართველოში უფრო მაღალია, ვიდრე თქვენი ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში ერთად აღებული. მეტსაც გეტყვით, ჩვენთან ისეთი დემოკრატიაა, მივუახლოვდით კი არა, კარგა ხანია გავცდით ნატოს სტანდარტებს. მაგალითი გნებავთ? კი, ბატონო! მივყვეთ დემოკრატიისთვის აუცილებელ პრინციპებს თანამიმდევრობით:

არჩევნები

როგორც მოგეხსენებათ, დემოკრატიის ზენიტში რომ ჰგონიათ თავი, იმ ქვეყნებში ამომრჩეველი ჩვეულებისამებრ ერთ ბიულეტენს იღებს, შემოხაზავს და აგდებს ყუთში. ჩვენთან კი ამომრჩეველს უფლება აქვს  (თუ ხელისუფლების მხარდამჭერია, მით უმეტეს) ერთი კი არა, ათი და მეტი ბიულეტენი ჩააგდოს ყუთში. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ჩვენთან მოქალაქეებს მხოლოდ ერთი ბიულეტენით არ უზღუდავენ თავისუფლებას. კიდევ  ერთი, სხვა ქვეყნებში არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველას, განურჩევლად სქესისა, რელიგიური მრწამსისა და სოციალური მდგომარეობისა. ჩვენთან კი მათ ემატებიან ისინიც, ვინც მოცემულ მომენტში შესაძლებელია, ცოცხლებიც კი აღარ არიან. არ არის ეს დემოკრატია?

საშინაო პოლიტიკა

ბატონო ანდერს ფოგ, რომელ ქვეყანაშია იმ რაოდენობის ოპოზიციური პარტია, ჩვენთან რომ არის? რომელ ქვეყანაში გამოდის ქუჩაში წელიწადში ორჯერ ასიათასობით კაცი? განა სხვაგან ისე დემოკრატიულად დაუშლიათ მიტინგი, როგორც ჩვენთან დაშალეს 7 ნოემბერს? თქვენ შეიძლება სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი მაგალითი მოიყვანოთ, როცა ხელისუფლებიდან ოპოზიციაში წასულან, მაგრამ ვერ დაასახელებთ ქვეყანას, სადაც ეს პირიქით ხდება. ჩვენთან სულ ახლახან მოხდა კიდევ ერთი ასეთი შემთხვევა. არ არის ეს დემოკრატია?

ეკონომიკა

ბატონო ანდერს ფოგ, გვინდა გაცნობოთ, რომ მსოფლიო რეიტინგის მიხედვით, ჩვენი ქვეყანა მე-11 ადგილზეა. არადა, მოსახლეობის ნახევარზე მეტი უმუშევარია, ხალხს სოციალურად უჭირს, სამუშაოდ ევროპაში (ამერიკაშიც!) გარბიან. ყოველდღიურად ძვირდება დენი, გაზი, ბენზინი, შაქარი, პური, წყალი. გლეხი მოსავალს ვერ იღებს და მაინც გვიხარია, რომ მე-11 ადგილზე ვართ. არ არის ეს დემოკრატია?

ბიზნესი

ბატონო ანდერს, სხვა ქვეყნებში ბიზნესმენი გადასახადების გადახდის მხრივ შეზღუდულია და მხოლოდ ერთ, სახელმწიფო ბიუჯეტში იხდის ფულს. ჩვენთან ასეთი შეზღუდვა არ არსებობს. გვაქვს რამდენიმე ბიუჯეტი: სახელმწიფო, "ნაციონალური", არჩევნებისწინა, ოპოზიციონერთა მოსასყიდი ბიუჯეტი და სხვა წვრილ-წვრილი ბიუჯეტები. ასე რომ, ბიზნესმენს აქვს არჩევანის გაკეთების უფლება. არ არის ეს დემოკრატია?

ძალოვანი სტრუქტურები

ბატონო ანდერს ფოგ,  ჩვენი აზრით, ევროპის ქვეყნებში ძალოვანი სტრუქტურები ჩარჩოშია მოქცეული და მხოლოდ დანაშაულთან ბრძოლით შემოიფარგლება. ჩვენთან კი ძალოვან სტრუქტურებს ფართო ასპარეზი აქვთ. ისინი დამნაშავეებსაც ებრძვიან, ყურძენსაც კრეფენ, სახლებსაც აშენებენ, ფილმებსაც იღებენ და ბიზნესმენთა "დახმარებით", ზემოთ ჩამოთვლილ ბიუჯეტებსაც ავსებენ. არ არის ეს დემოკრატია?

საზოგადოება

ბატონო ანდერს ფოგ, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, კაცმა მაღალ თანამდებობას რომ მიაღწიოს, ბევრი უნდა ისწავლოს, იშრომოს, გამოცდილება მიიღოს. ჩვენთან კი ნაციონალებს (ადამიანი და ნაციონალი ჩვენთან სინონიმებია) ასე არ აწვალებენ. საკმარისია სამიოდე კლიპი გადაიღო, "პლეიბოისთვის" გაშიშვლდე, მანქანაზე 5-იანი მიაკრა, სასიამოვნოდ გამოიყურებოდე და თანამდებობისკენ გზა ხსნილია. ან კიდევ, სხვაგან კაცი პროფესორი რომ გახდეს, ბევრი წიგნი უნდა იკითხოს, დისერტაციები დაიცვას, შრომები გამოაქვეყნოს, აღმოჩენები გააკეთოს. ჩვენთან ეს პროცედურები საჭირო არ არის. საკმარისია ასფალტზე "კმარა" დააწეროს და მორჩა, ეგრევე ვაძლევთ პროფესორობას. არის თუ არა ეს დემოკრატია?

ტელევიზიები

ბატონო ანდერს ფოგ, სხვა ქვეყნების ტელევიზიები, ამა თუ იმ კონფლიქტსა და ომზე ინფორმაციას მხოლოდ ერთი შინაარსით გადმოსცემენ. ჩვენთან ეს შეზღუდული არ არის. ყველა ტელევიზიას აქვს საკუთარი აზრის გამოთქმის უფლება. მაგალითად, სამი ტელევიზია ამბობს, რომ ომი მოვიგეთ, ორი კი ამბობს, რომ წავაგეთ. არ არის ეს დემოკრატია?

p.s. ასე რომ, ბატონო რასმუსენ, ჩვენი აზრით, საქართველოს დემოკრატიის ხარისხი კი არ შეესაბამება ნატოს სტანდარტებს, არამედ ნატოს ქვეყნები ვერ მოდიან ქართული დემოკრატიის სიმაღლემდე. გამოსავალი ორია: ან თქვენ უნდა გაატაროთ რეფორმები, ჩვენამდე რომ მოხვიდეთ, ან ჩვენი ხელისუფლება უნდა გახდეს ავტორიტარული, თქვენამდე რომ დავიდეთ. როგორც ხედავთ, მაპ-ი რომ მოგვცეთ, კიდევ ბევრი მუშაობა გჭირდებათ.