40 წლის სასიძო - კვირის პალიტრა

40 წლის სასიძო

ძალიან დააგვიანა ზაზამ ცოლის შერთვა. 40-ს მიუკაკუნა უკვე. აღნაგობას და განათლებას ვერავინ დაუწუნებდა, მაგრამ მორცხვი იყო და გაუბედავი. ნერვიულობდნენ

ოჯახის წევრები და მეგობრები, თუმცა ზაზა გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობდა. ერთხელ, როგორც იქნა, გაბედა და გოგონა, რომელიც შემთხვევით გაიცნო და მოეწონა, კაფეში დაპატიჟა. ზაზასგან განსხვავებით, თიკა აქტიურ ცხოვრებას ეწეოდა და ოჯახის შექმნაზე ფიქრით თავს არ იწუხებდა. თუმცა პაემანს მაინც დასთანხმდა. - რა იცი, რა ხდებაო, - გაიფიქრა. კაფეში საუბარი თანდათან აეწყო. თიკა ხალისიანი იყო და ბევრს ხუმრობდა. ზაზა კი ძლივს აბამდა სათქმელს თავს. ამიტომაც თიკამ დაიწყო აქტიურობა და ზაზას კითხვები დააყარა: - რას საქმიანობ, რა გატაცება გაქვს და ა.შ. ბოლოს თიკა ზაზას ოჯახურმა ცხოვრებამაც დააინტერესა.

- მარტო ვცხოვრობ, - იყო პასუხი.

- მერე როგორ ახერხებ ასეთ კარგ ფორმაში ყოფნას? - გაუკვირდა ქალს.

- რა ვიცი, - დაიმორცხვა ზაზამ, - ვახერხებ როგორღაც. ვრეცხავ, ვაუთოებ, საჭმელსაც ვამზადებ, ჭურჭელსაც ვრეცხავ, - ბოლო სიტყვები სიამაყით წარმოთქვა.

- ძალიან კარგი, - ეშმაკურად ჩაიცინა თიკამ, - სწორედ შენისთანა კაცი მჭირდება. შენ თუ მაგ საქმეებს მოაგვარებ, ჩემს ბედს ძაღლი არ დაჰყეფს, - უთხრა ქალმა. დაფიქრებული გამოვიდა კაფედან ზაზა. ქალისკენ აღარ გავიხედავო, - გაიფიქრა და მაღაზიაში "არიელის" საყიდლად შევიდა.

მიხეილ ობოლაძე, ქუთაისი