ინგლისური, ხაჭაპური, ბინა და "ქართული ოცნება" - კვირის პალიტრა

ინგლისური, ხაჭაპური, ბინა და "ქართული ოცნება"

დადგა 2012 წელი და ჩვენი რუბრიკა "ინტერვუიც" განახლდა. მოგეხსენებათ, არჩევნების წელია და  ბევრი "საკბილოც" გაგვიჩნდება როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ბანაკებიდან. ჩვენ ოპოზიციით დაწყება გადავწყვიტეთ და რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" მივადექით.მიუხედავად იქ გაერთიანებული სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერებისა, ჩვენ მაინც ჩვენი ყოფილი კოლეგა და ამჟამად "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ცნობილი სახე, ქალბატონი ელისო ჩაფიძე ვარჩიეთ.

- ქალბატონო ელისო, როცა რომელიმე ცნობილი პიროვნება, რომელიც თავისი საყვარელი საქმიანობითაა დაკავებული, მოულოდნელად აღმოჩნდება თანამდებობაზე, ხშირად ეკითხებიან ხოლმე, არ გაგიჭირდათ? თქვენც გკითხავთ: არ გაგიჭირდათ?

- გულწრფელად გიპასუხოთ?

- თუ გავითვალისწინებთ, რომ ჯერ მთლად პოლიტიკოსი არ ხართ, გვირჩევნია, გულწრფელად გვიპასუხოთ.

- ძალიან გამიჭირდა. პრეზენტაციის წინა დღესაც ვფიქრობდი, ხომ არ დამერეკა და მეთქვა, იცით, მე  ჟურნალისტობა მირჩევნია-მეთქი, მაგრამ უხერხულად ჩავთვალე ასეთი ყოყმანი, რადგან ამით უარს ვამბობდი ისეთ ადგილას ყოფნაზე, სადაც მეტი კარგი საქმის კეთება შემეძლო. დაძაბულობა პრეზენტაციაზეც მეტყობოდა, იმიტომ, რომ პოლიტიკოსობისთვის მზად არ ვიყავი. ჭკვიანური სახე არ მიმიღია, რადგან არ მერიდება, ხალხში გამოვჩნდე ისეთი, როგორიც ვარ. მე არა მაქვს საშუალება, დავიქირავო იმიჯმეიკერები, რომლებიც ჩემს იმიჯზე იზრუნებენ.

- რამდენიმე თვის წინ თქვენ მიდიოდით რესპონდენტთან, იმ მშვენიერი დღის შემდეგ კი თავად გახდით სასურველი რესპონდენტი... - სიმართლე გითხრათ, ახლა ჩემთან ჟურნალისტები რომ მოდიან, ცოტა მშურს მათი.

- ჩვენც გაგვიჩნდა შურის გრძნობა...

- რატომ?

- არა, ბიძინასთან რომ ხართ, ამიტომ არა... კარგი ხაჭაპურის გამოცხობა გცოდნიათ...

- კი ბატონო, თანაც ისეთი რეცეპტი მაქვს, 5 წუთში ვამზადებ.

- ბატონ ბიძინას უკვე გაასინჯეთ?

- სხვათა შორის, როცა ეგ ვთქვი, მართლა გულწრფელი ვიყავი, მაგრამ მერე ამას დიდი გამოხმაურება მოჰყვა და მეც ძალიან ვინერვიულე, თუმცა ბატონმა ბიძინამ დამამშვიდა, გამამხნევა და მითხრა, ძალიან კარგი განცხადება იყო და შენ ამაზე არ ინერვიულოო. იცით, რა? ეს გულით ვთქვი და კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა ჩემს ხალხს, რომ მეც თქვენნაირი ვარ, ჩვეულებრივი გოგო, რომელიც გაიზარდა სოფელში და არაფერი არ არის ჩემთვის უცხო.

- აჰა, კიდევ ერთი კარგი განცხადება... ამას წინათ თქვით, ბინა მაქვსო, ერთ-ერთ შოუში კი იხუმრეს, ელისოს გათხოვება უნდა და იმიტომ აკეთებს ასეთ განცხადებებსო. მაგრამ კბილაშვილმა ისეთი რამ თქვა, ამ მოძრაობაში შანსი ნაკლებია...

- არჩილმა თქვა ის, რასაც ფიქრობს მთელი საქართველო და ხალხიც სწორად მიხვდა, რას და ვის გულისხმობდა. პოლიტიკაში პირადი გრძნობები გვერდზე უნდა გადაიდოს.

- ასე ფიქრობთ? მოდი, გამოგცდით. ვთქვათ, შეგიყვარდათ მამაკაცი...

- ნამეტნავად?

- ვაი რომ, ნამეტნავად... და მოულოდნელად გაიგეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრია, რას იზამთ?

- სანამ შემიყვარდება, გავიგებ, ვინ არის - ხომ არ დაგავიწყდათ ჩემი პროფესია... სხვათა შორის, ეს მეთოდი საქართველოში კარგა ხანია, დანერგილია. მოქალაქეთა კავშირმა დაიწყო, ესენი ხომ მათი მემკვიდრეები არიან და გამორიცხული არაფერია.

- მოქალაქეთა კავშირმა როგორ დაიწყო? მგონი, საინტერესო ისტორიას მივადექით...

- როგორ და, ჰყავდათ რამდენიმე უცოლო, სიმპათიური მამაკაცი და ჟურნალისტ ქალებზე ანადირებდნენ. ბევრი მაშინდელი ცნობილი და ოპოზიციურად  განწყობილი ჟურნალისტი გაება მახეში და მერე სერიოზული ფსიქოლოგიური ტრავმები გადაიტანეს.

- თქვენ გადარჩით?

- მე თავი გადავირჩინე. იყო მცდელობა, მაგრამ მივხვდი. მოგიყვებით, რადგან დიდი დროა გასული...  მოკლედ, ერთი ძალიან სიმპათიური ყმაწვილი გამეცნო, თითქოს შემთხვევით; მუდმივად ლექსებს მიწერდა და მიკითხავდა... კიდევ კარგი, გავშიფრე, რომ პირწავარდნილი მოქკავშირელი იყო...

- ანუ ამ ამბავს შედეგი არ მოჰყოლია...

- კი, როგორ არა, უამრავი ლექსი ვისწავლე...