მე, ბაბუა, რუსეთი და ამერიკა - კვირის პალიტრა

მე, ბაბუა, რუსეთი და ამერიკა

მიუკიბ-მოუკიბავად მინდა განვაცხადო, რომ პროდასავლური კურსის გამო ნაციონალებს ვუჭერ მხარს, მიშა კი მსოფლიოში ერთ-ერთ წარმატებულ რეფორმატორ ლიდერად მიმაჩნია. საპირისპირო მოსაზრება აქვს ბაბუაჩემს, რომელიც ძველი ყაიდის კაცი გახლავთ და რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა სურს, შესაბამისად, ბიძინა ივანიშვილს ემხრობა. ამის გამო ჩვენ შორის ხშირია პოლიტიკური დებატები:

- რა ნატო, რის ნატო! - იძახის ბაბუაჩემი, - 37 მანეთად გადავფრინდებოდი მოსკოვში, ვიგულავებდი, გადმოვფრინდებოდი.

- კარგი რა, ბაბუ, - დავცინი მე, - რაღა დროს რუსეთია, ხალხი მარსზე გაფრინდა.

- მოიცა, რამე რომ აგტკივდება, ვის უძახი პირველად? - მახეს მიგებს შეკითხვით ბაბუა.

- ექიმს, - არ ვიბნევი.

- ექიმამდე გეკითხები მე... ექიმამდე - უძახი მეზობელს. ისეა ქვეყნებიც. ჩვენი მეზობელი არის რუსეთი და იმათთან უნდა ვიყოთ კარგად.

- რუსები არიან დამპყრობლები და ოკუპანტები, - ვყვირი მე პრეზიდენტისებურად.

- მერე რა!.. უნდა ვიმეზობლოთ მაინც, - მშვიდად მპასუხობს ბაბუა ბიძინასებურად.

ამ ჩვენი დებატებიდან დიდი დრო არ იყო გასული, რომ პრეზიდენტმა ვიზები გააუქმა რუსეთთან, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა რუსეთს ოკუპანტი უწოდა. კარგა ხანს ვერ ვუყურებდი ბაბუაჩემს თვალებში, შესაბამისად, ვერც ბაბუა მისწორებდა მზერას. თუმცა ერთ დღეს მოსახდენი მაინც მოხდა და ბაბუამ და მე ისევ დებატები წამოვიწყეთ.

- ისე, კი არიან რუსები ცოტა ოკუპანტები, - ოდნავ დამორცხვებით მითხრა ბაბუამ.

- ოკუპანტები|? - კი, მგონი, არიან, - დავიმორცხვე მეც.

- მგონი კი არა, ნამდვილად არიან, - გათამამდა ბაბუა.

- კი არიან, მაგრამ ნუ დავუძახებთ, მოვეფეროთ, იქნებ ასე უფრო კარგი იყოს, - არც მე დავიხიე უკან.

გავიდა კიდევ ცოტა დრო და ნაცმოძრაობის ლიდერებმა ამერიკა, ამერიკის ელჩი და მთელი დასავლეთის საელჩოები გააკრიტიკეს. მათი მომხრე ექსპერტები რუსეთის წამყვან პოლიტიკოსებს შეხვდნენ, ბიძინა ივანიშვილის პარტიის წევრებმა და თვითონ ივანიშვილმა ამერიკა დაიცვეს, ხოლო რუსების მიმართ ტონი უფრო გაამკაცრეს, მდგომარეობა ქვეყანაში დაიძაბა, პარალელურად - მდგომარეობა დაიძაბა ჩემს ოჯახში, ბაბუამ დაიწყო ლიბერალიზმის მოძღვრების შესწავლა, წაიკითხა უამრავი ლიტერატურა დასავლურ ღირებულებებზე, გაიგო მაპ-ის მნიშვნელობა და აღმოსავლეთ ევროპის ნატოში გაწევრების აუცილებლობასაც ჩაწვდა, მე კი პირიქით, მოვიმარჯვე ლენინის, სტალინის და სხვა კომუნისტი ლიდერების ჩანაწერები, გავეცანი ჟირინოვსკისა და პუტინის მოძღვრებებს, გავიგე, თუ რა როლი ეკავა რუსეთს მსოფლიოს ენერგორესურსების მომარაგების საქმეში და ასე მომზადებული მე და ბაბუაჩემი ერთ მშვენიერ დღეს ისევ შევებით ერთმანეთს.

- თავისუფლება, დემოკრატია - ის ცნებებია, რომლის მიღწევას საქართველო ოდითგანვე ცდილობდა. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და დასავლური ღირებულებები ჩვენთის უმთავრესია, - თქვა ბაბუამ და ბარაქ ობამასავით გამჭოლი მზერით შემომხედა.

- რას ამბობ, ბაბუ, 37 ლარად გადავფრინდებით მოსკოვში, ვიგულავებთ და ჩამოვალთ, - ვთქვი მე.

- და ამაზე გაცვლი ამ ღირებულებებს? ნატო არ გინდა? - ისევ დამიგო ხაფანგი ბაბუამ.

- ნატო არა, კვატი, - ვთქვი მე კაკო ბობოხიძისებური პათოსით, - ვინ კითხავს ამერიკას, მე რას ვიზამ?

- ამერიკა, შვილო, დემოკრატიის სამშობლოა, თავისუფლების სიმბოლოა...

- თავისუფლების არა, ის, კიდე... ავღანეთში რა უნდა? ნავთობი უნდა, თავისუფლება კი არა, - ვიყვირე.

- რუსეთი ოკუპანტია, შვილო, წაგვართვა ნახევარი საქართველო.

- ჩვენი ბრალია ეგ, - ვუთხარი მე, - გადაგვარდა ერი, ამერიკანიზაცია მიდის.

- ფუ, შე მოღალატე, - აბობოქრდა ბაბუა და წავიდა.

ახლა ორივენი ველოდებით პროცესების განვითარებას, კაცმა არ იცის, ვინ რას ან ვის დავუჭერთ მხარს. მე პირადად, არ გამოვრიცხავ, რომ პრეზიდენტის ხასიათიდან გამომდინარე, ხვალ შეიძლება პროჩინელები გავხდეთ, ამიტომ უკვე დავიწყე მაო ძე დუნისა და ლაოძის მოძღვრებების შესწავლა, არც ბაბუაჩემია უქმად, ისიც არაფერს გამორიცხავს და, როგორც ნატოს წევრი ქვეყნის, თურქეთის კულტურას გულდასმით ეცნობა...