პოლიტიკური მგზავრობა - კვირის პალიტრა

პოლიტიკური მგზავრობა

ამას წინათ სოფელში ვიყავი რამდენიმე დღით და ავტობუსით მომიხდა მგზავრობა.

- ჰოდა ასეა, ფეხებზე ვკიდივართ მთავრობას, სოფლის მეურნეობა უნდა ავაღორძინოთო, ამბობენ და დადიან საზღვარგარეთ.  მამაცხონებულო, აგერ ჩამოი, შემხედე, მკითხე, ეგება ქე ვიცი მეც... - როხროხებდა ზაური. თუმცა ჩემი ასვლისთანავე საუბარი შეწყვიტა. მე გამარჯობა ვთქვი და ცარიელ სკამზე დავჯექი, არადა, როგორ მინდოდა მათი მოსმენა - აქ ხომ ყველაზე სწორ პოლიტიკურ შეფასებებს მოვისმენდი.

- რა ამბებია, ბიძია, დედაქალაქში, ნასტავლ ხალხში დადიხარ შენ და გვითხარი რამე, - მომმართა მთელ სოფელში ენაკვიმატობით ცნობილმა გოგიამ და მივხვდი, მხოლოდ იმიტომ მკითხა, რომ ლაპარაკი გაგრძელებულიყო და ვინმე გაექილიკებინა. გამოვიცანი გოგიას ჩანაფიქრი და მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ნაცმოძრაობის მხარდამჭერი, გადავწყვიტე, მიშისტის როლი მეთამაშა:

- დედაქალაქში რა ხდება და, შენდება და ლამაზდება ყველაფერი. დემოკრატიაც იქ უფრო მეტია. ხალხი დასაქმებულია...

- რომელი ქვეყნის დედაქალაქზე ლაპარაკობ, ბიძია, შენ? - ჩამეკითხა გოგია.

- ჩვენს დედაქალაქზე ვამბობ, გოგია-ბატონო, წეღან გისმენდით და ნამდვილად არ ხართ მართლები. რაც ჩვენმა მთავრობამ მოკლე ხანში გააკეთა, ბარე ორი დიდი ქვეყნის მთავრობა ვერ შეძლებდა!

- მაინც რა კეთდება, ბიძიკო, ამ დედაქალაქში ასეთი, არ ვყოფილვარ 5 წელია... - მკითხა ბეჟანამ.

- რა კეთდება და, პლეხანოვი ხომ გაალამაზეს, ახლა სხვა ცენტრალურ უბნებს ალამაზებენ, - გამახსენდა ფორუმზე ერთი მიშისტის პოსტი.

- გამომხედე აქეთ, - შემატრიალა თავისკენ ჩემ გვერდით მჯდომმა ანზორმა, - მაგი რას გავს, იცი? ხო ხედავ, რამხელა ცხვირი მაქ! ახლა მივდივარ კუჭის ექიმთან, ჰოდა, იმ ექიმმა, რაც მტკივა, იმას თავი რო დაანებოს და ცხვირის ოპერაცია გამიკეთოს, იცოცხლე, კარგია, გავლამაზდები ცოტას, მარა ჯერ რაც მტკივა, იმაზე მიმკურნალე და სილამაზეზე მერე ვიზრუნოთ ერთად.

- ანზორა, შენს კუჭს აწი მაინც არაფერი ეშველება და არ ჯობია ცხვირის ოპერაციის გაკეთება? ლამაზად მაინც წახვალ იმქვეყნად... - დასცინა გოგიამ.

- ნუ ქილიკობ შენ ყველაფარზე, გოგია, რა გინდა, სწორად ახსნა კაცმა, - შეუბღვირა მაგდანა ბიცოლამ.

- რაი ახსნა სწორად? ახლა არ მოწონს მთავრობა და ვაუჩერის რიგში რო იდგა, მაშინ კი მოწონდა, ხო? - არასასიამოვნო არგუმენტი მოიყვანა გოგიამ.

- ვაუჩერი, თორე მთლად მისი ნაწვალები ფულით მომცა მიშამ... - უკან არ დაიხია "ოპოზიციონერმა მეზობელმა", - ეგ რომელი ფულია, იცი? ნათელამ რო გაგიშვა კაკოიასთან ერთ დღეს მაღაზიაში, ერთი კილო შაქრისთვის, ლარიანი რო წეიღე, სამი ლარი რო დაგხვდა ფასი და ერთი საათი იგინებოდი, ე, ის ფულია მაგი.

- მალე ყველაფერი კარგად იქნება, სამუშაო ადგილები გაიზრდება, ფასები შემცირდება, - ვთქვი მე.

- არ დაუჯეროთ მაგას, სიცილით თქვა აქამდე ჩუმად მყოფმა ვალიკომ, - ამას წინათ რო იყო ჩამოსული, ამბავი ჩამეიტანა, თბილისში "მარშრუტკები" გაძვირდაო, მარა, სამაგიეროდ, ჭყლეტა აღარ იქნება და კონდიციონერებსაც დააყენებენო, ვიყავი მოკლე ხანში თბილისში და მაგის ნათქვამი მარტო გაძვირება იყო მართალი.

- რა ჩემი ბრალია, მასე თქვა მერიამ, - ვიმართლე თავი.

- ააა, მერიამ თუ თქვა, მაშინ კი უნდა დაგეჯერებინა, - ეს უკვე გოგიას ქილიკი იყო.

- ივანიშვილზე რას იტყვით? - მოულოდნელი კითხვა დასვა მძღოლმა, რომელიც აქამდე ხმას არ იღებდა.

სალონში სიჩუმე ჩამოვარდა.

- მართლა რუსეთის კაცია, ვითომ? - განაგრძო დაკითხვა.

- მაგას იმდენი რამ ჰქონია რუსეთში, პირიქით უფროა, - დაბრძენდა ანზორა.

- პირიქით რაფერ? - დაინტერესდა მაგდანა.

- რაფერ და, რუსეთია მაგისი, - დააზუსტა და მძღოლს მიუბრუნდა, - მომისმინე, ბათუია, სახლში დაღლილი რომ მიხვალ, მაინცდამაინც "კურიერს" და "ქრონიკას" უნდა უყურო?

- რა ვქნათ, აბა, სხვა არხი ჩვენთან არ არის და... - იმართლა თავი ბათუმ, - შენ თუ არ უყურებ, საიდან იგებ ინფორმაციებს?

- საიდან და, ჩემმა შვილიშვილმა იყიდა რაცხა ბუქი რო ქვია, ჩართავს იმას და ვუყურებ "კავკასიას" და "მაესტროს", კი ვიხდი ნახევარ პენსიას თვეში, მარა ღირს.

- კაი აბა, გადმოვალ აწი შენთან ყოველ საღამოს და მაყურებინე, - გაიცინა მძღოლმა.

- არც "კავკასია" და "მაესტროა" ობიექტური, - დავიწყე მე, - ამ ეტაპზე სააკაშვილის მმართველობა და კურსი აუცილებელია ქვეყნისთვის, ჩვენ უნდა შევიდეთ ნატოში, ევროკავშირში და ჩემი აზრით, ამას მხოლოდ ეს ხელისუფლება შეძლებს! - წარმოვთქვი მალაშხიასებურად. სალონში ისევ ჩამოვარდა სიჩუმე. სიტუაცია დაიძაბა, ვიფიქრე, ზედმეტი ხომ არ მომივიდა-მეთქი, თუმცა აწი უკან დახევას აზრი არ ჰქონდა და გავაგრძელე: - მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს!

- მოიცა, ბიძიკო, - შემაჩერა ანზორამ, - ახლა მე შენ სამ შეკითხვას დაგისვამ და რომ მიპასუხებ, მაგ პასუხების მიზეზიც თქვი და მთავრობაზე დღეიდან ცუდი თუ ვთქვა, კაცი არ ვიყო. პირველი: რატომ გაქვს წელს მხოლოდ ნატური ღვინო, რატომ არ ჩამოსულხარ 2 წელია მანქანით თბილისიდან და სად მიდიხარ ახლა?

ამ შეკითხვებმა "ბეჭებზე გამაკრა", რადგან უნდა მეპასუხა, ღვინო იმიტომ მაქვს ნატური, რომ შაქრის ფული არ მქონდა, თბილისიდან მანქანით იმიტომ ვერ დავდივარ, რომ ბენზინი კატასტროფულად გაძვირდა და ახლა მივდივარ ბაბუას სანახავად, რომელმაც შარშან ამერიკული სიმინდი დათესა, მოსავალი ვერ მიიღო, წნევამ დაარტყა და ლოგინადაა ჩავარდნილი-მეთქი.

გიორგი ბაღდავაძე, ქუთაისი