კანონი ყველასათვის კანონია - კვირის პალიტრა

კანონი ყველასათვის კანონია

ხშირად გაიგონებთ ოპოზიციისა და ხალხისგან, რომ ხელისუფლება უკანონოდ იქცევა, კონსტიტუციას არღვევს და ასე შემდეგ. ჩვენ გვინდა ვუთხრათ ხელისუფლებას: - რას ალაპარაკებთ ამ ხალხს? მიიღეთ ისეთი კანონები, რომლებიც ოპოზიციასაც დაადუმებს და ხალხსაც, მაგალითად, თუ მოგთხოვენ ვანო მერაბიშვილის გადაყენებას, მიიღეთ კანონი, რომ ვანო მერაბიშვილის გადაყენება არ შეიძლება. ჩვენ გთავაზობთ სხვა კანონებსაც. თუ დაგვიჯერებთ და გაითვალისწინებთ, გვერწმუნეთ, უკანონობაში ვეღარავინ დაგადანაშაულებთ.

1. მმართველ ძალას აქვს არჩევნების გაყალბების უფლება, 15-25 პროცენტის ფარგლებში. ქალაქის, რაიონის გამგებელი თუ არ დაიცავს ამ კანონს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 3-დან 5 წლამდე.

2. "რუსთავი 2"-ს, "იმედს" და პირველ არხს ეკრძალება მაყურებლისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდება.

3. თუ ადამიანებმა გადაწყვიტეს მიტინგის ჩატარება, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ ხალხის დარბევის უფლება; ერთ სპეცნაზელს შეუძლია, ერთ მომიტინგეს დაარტყას ხელკეტი 10-14-ჯერ, გამოიყენოს ერთი ცრემლსადენი გაზი და სამი რეზინის ტყვია.

4. გიგი უგულავას ეკრძალება,  მეგობრის ან თანამოაზრის გარდა, სხვა ადამიანს მოაგებინოს ტენდერი.

5. ყველა ნაცმოძრაობის არმომხრე ადამიანს ან მასთან დაახლოებულ პირს ეკრძალება საჯარო სამსახურსა და ნაციონალების დაქვემდებარებულ ბიზნესში მუშაობის დაწყება.

6. მოსამართლე პროკურორთან შეპასუხებისთვის დაისაჯოს სამი წლით თავისუფლების აღკვეთით, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის - ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთით და თვალებში შეხედვისთვის (რომლითაც გამოხატავს - "კარგი რა, ეს გადაწყვეტილება როგორ მივიღოო?") - სამუდამო პატიმრობით.

7. ნებისმიერი თანამდებობის პირი, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა თუ ეთნიკური კუთვნილებისა, ვალდებულია, გამოიწეროს პრემია 3.000 და მეტი ლარის ოდენობით; აგრეთვე მათ უნდა ჰყავდეთ მანქანა არაუმეტეს 2 წლისა. დამრღვევი პირების მიმართ გატარდეს სადამსჯელო ღონისძიებები.

8. რუსეთის აგენტის სტატუსი განისაზღვროს შემდეგნაირად:

რუსეთის აგენტია ყველა, ვინც:

ა) არ არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერი;

ბ) არის ნაცმოძრაობის მხარდამჭერი, მაგრამ ხანდახან ითხოვს სოციალური გარემოს გაუმჯობესებას;

გ) ნუგზარ წიკლაურს აქვს შეუზღუდავი უფლებები და ყველა მის მიერ ჩამოთვლილი პირი განხილვის გარეშე ცხადდება რუსეთის აგენტად.

9. ბიძინა ივანიშვილს აქვს პოლიტიკაში ყოფნის უფლება, მაგრამ  მხოლოდ ფულადი ჯარიმების გადახდის სახით;

10. სააკაშვილს კატეგორიულად ეკრძალება დასავლეთის შეშფოთებაზე ყურადღების გამახვილება და დასავლეთმა ომიც რომ გამოუცხადოს საქართველოს, პრეზიდენტი ვალდებულია, მესამე ვადით დარჩეს ქვეყნის პირველ პირად.

11. პალიკო კუბლაშვილს, შოთა მალაშხიასა და მიშა თავხელიძეს მიეცეთ უფლება, ურცხვად "გააპრავონ" ყოველგვარი სისულელე.

12. ამერიკის ელჩი ვალდებულია, გაითვალისწინოს  1-ლი, მე-8 და მე-10 კანონები, წინააღმდეგ შემთხვევაში კაკო ბობოხიძეს უფლება ეძლევა, რაც უნდა, ის თქვას ამერიკის ელჩზე.