მთავარია, გქონდეთ ლოგიკა - კვირის პალიტრა

მთავარია, გქონდეთ ლოგიკა

ამქვეყნად ყველაფერს აქვს მიზეზი. ამ დებულების შესაბამისად, შეიძლება ესა თუ ის მოვლენა სულაც არ იყოს მოქმედი პირის ბრალი, მაგალითად, არსებობს ასეთი გამონათქვამი: "კლეოპატრას ოდნავ დიდი ცხვირი რომ ჰქონოდა, მსოფლიო სხვაგვარი იქნებოდა." ასეა საქართველოშიც. შეიძლება ის ადამიანები, რომლებსაც დღეს ქართველი საზოგადოება აკრიტიკებს, სულაც არ არიან დამნაშავენი და დანაშაულის ფესვები უფრო ღრმაა. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს, რომელთა მიხედვით გავიგებთ, სად უნდა ვეძებოთ საქართველოში არსებული პრობლემების სათავე.

ა) ნუგზარ წიკლაური ყველას აბრალებს რუსეთის აგენტობას.

ეს არ არის ბატონი ნუგზარის ბრალი, ეს იური დოლგორუკის ბრალია, რომელმაც დააარსა ქალაქი მოსკოვი. ეს კაცი რომ არ ყოფილიყო, არ იარსებებდა კრემლი, შესაბამისად, აღარც ბატონ ნუგზარს მოეჩვენებოდა მთელი საქართველო მის აგენტებად.

ბ) პალიკო კუბლაშვილი კონსტიტუციას ყოველდღე ცვლის და საკმაოდ სასაცილო საარჩევნო კანონებს იღებს.

აქ საქმე ცოტა რთულადაა. ბატონი პალიკოს ასეთი მოქმედება არის ნეშომპალას ბრალი. თურმე ნეშომპალა დროთა განმავლობაში გარდაიქმნება ტორფად, შემდეგ ტორფი, წნევისა და ტემპერატურის შედეგად, გარდაიქმნება ნახშირად. ნახშირის გამო შეიქმნა ქალაქი ტყიბული, სადაც მაჟორიტარი დეპუტატი გახდა ბატონი პალიკო. ტყიბული რომ არ ყოფილიყო, სხვა ქალაქში ის ვერ გახდებოდა მაჟორიტარი და აღარც კონსტიტუცია შეიცვლებოდა ასე ხშირად.

გ) გიგი უგულავა ტენდერებს სულ მეგობრებს აგებინებს.

ეს არის ჰენრი ფორდის ბრალი. რომ არა ეს კაცი, ვერ გამოიგონებდნენ სამარშრუტო ტაქსებს, შესაბამისად, არ ჩატარდებოდა მიკერძოებული ტენდერები და ბატონ მერსაც ვერავინ დააბრალებდა, ძმაკაცებსა და პარტიას ფული აშოვნინაო.

დ) შალვა ნათელაშვილი ყველა პარტიის ლიდერისგან გამოირჩევა.

ეს არის ბაბილონის გოდოლის ამშენებლების ბრალი. რომ არა ისინი, ენები არ აირეოდა და სიტყვები: "დაუნ ვი დიქტეიტე" ასეთი სასაცილო არ გამოჩნდებოდა, რადგან ყველას საერთო ენა გვექნებოდა.

ე) "რუსთავი 2-ის", "იმედის" და პირველი არხის ჟურნალისტები მიკერძოებულნი არიან.

ამას ორი მიზეზი აქვს. ერთი არის ქვევრის თვისება. მოგეხსენებათ, ქვევრს რასაც ჩასძახებ, იმას ამოგძახებს.  რომ არა ეს, მთავრობა ვერ მიხვდებოდა, როგორ დაემორჩილებინა ჟურნალისტები. არის კიდევ მეორე მიზეზი. ეს ეგვიპტის ფარაონები არიან. თურმე პირველად მათ მოუნდათ,  ქვეშევრდომებს მათ  დიდებაზე ბევრი ესაუბრათ და პირამიდები ააგეს, ჰოდა, მიშამაც მიჰბაძა: აგებს ხიდებს და მის დიდებაზე ტელევიზიები ლაპარაკობენ.

ვ) გია ჯაჯანიძეს ბევრი და უცნაურად აცვია.

ეს არის ალექსანდრე მაკედონელის ბრალი. მას რომ სპარსელები არ დაემარცხებინა და მერე ინდოეთში არ წასულიყო, ვერ ნახავდა ფარშავანგს და ვერ ჩამოიყვანდა ევროპაში. ჰოდა, ვერც გია ჯაჯანიძე ნახავდა ამ ფრინველს და ასე არ ჩაიცვამდა.

ზ) დენზე მიბმულია ნაგვის გადასახადი.

ეს არის ზევსის ბრალი. მას რომ პრომეთე არ მიეჯაჭვა მთაზე, ამ კანონის მომფიქრებელს რამის რამეზე მიბმა აზრადაც არ მოუვიდოდა და ეს გადასახადიც არ იარსებებდა.

თ) დავით აქუბარდია სტუდიაში რასაც უნდა, იმას აკეთებს.

ეს არის ადამ სმიტის ბრალი. ეს კაცი ამტკიცებდა, რომ კერძო საკუთრება ხელშეუხებელი უფლებებით უნდა იყოს აღჭურვილი. მისი აზრები შემდეგ თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიზიარა. სწორედ ამის გამო დავით აქუბარდია თავის ტელევიზიაში რასაც უნდა, იმას აკეთებს - ხან ძინავს, ხან ეწევა, ხან იგინება და ასე შემდეგ.