რა ვქნა, ძმაო? - კვირის პალიტრა

რა ვქნა, ძმაო?

მოხდა ის, რისიც ყველაზე ძალიან მეშინოდა - ავად გავხდი. არ გეგონოთ, ავადმყოფობის მეშინია, არა, ბატონო, მე მეშინია მკურნალობის. დღევანდელ საქართველოში ავადმყოფობაზე საშიში მკურნალობაა, რადგან იმდენი გეხარჯება, ნერვიულობით უფრო ავად ხდები, მაგრამ რა უნდა მექნა - ჩამოვიარე მეზობლები, შევკრიბე ფული და პრეზიდენტის მიერ გახსნილი საავადმყოფოსკენ გავეშურე. ექიმმა რომ  გაიგო, ფული რამდენი მქონდა, დიაგნოზისთვის საკმარისიაო, თქვა და ისეთი დიაგნოზი დამისვა, კინაღამ გული გამისკდა.

- კუჭის ოპერაცია გაქვთ გასაკეთებელი, - მითხრა მან.

- შემეშინდა, თუმცა უფრო საშიში მაინც ექიმის შემდეგი სიტყვები იყო:

- 4.000 ლარი დაჯდება.

- დამიკელით, რა, - შევეხვეწე და ცრემლები გადმომცვივდა.

- რა ვქნა, ძმაო, როგორ დაგიკლო, მომკლავს მთავარი ექიმი, - მითხრა ექიმმა.

სასწრაფოდ გავიქეცი მთავარ ექიმთან.

- რა ვქნა, ძმაო, თანხა მაქვს შესატანი ბიუჯეტშიც და ნაცმოძრაობის ფონდშიც, თუ არ შევიტანე, მომხსნიან და შენ არჩენ ჩემს ცოლ-შვილს?

მიუხედავად იმისა, რომ ექიმმა უარით გამომისტუმრა, გადავწყვიტე, მისი კეთილშობილების (აბა, რა ჰქვია ქვეყნის ბიუჯეტსა და ხელისუფლებაზე ზრუნვას?) ამბავი ნაციონალური ტელევიზიის ჟურნალისტისთვის შემეტყობინებინა და მას სიუჟეტი მოემზადებინა.

- რა ვქნა, ძმაო,  სიუჟეტის გაკეთებას რა უნდა, მაგრამ  პრეზიდენტი თუ მოვა და შენ ეტყვი, რომ გიყვარს, ჩემი თავი შემოგევლოს, სიუჟეტსაც გამოვაცხობ.

ჟურნალისტის სიკეთემაც აღმაფრთოვანა, თუმცა კუჭის ოპერაციას ეს ვერაფერს შველოდა და გამგეობაში გავიქეცი.

- ახლა არჩევნებია, ძმაო, ძალიან მინდა, 4.000 ლარი შენს კუჭს დავახარჯო, მაგრამ შენ ერთი ხმა გაქვს, მაგ ფულად კი ლიფტს გავაკეთებ სადარბაზოში და 100 ხმას დავითრევ, მაპატიე... - უარი მითხრა გამგებელმაც.

კეთილი ხალხი იყო ყველგან, თუმცა ჩემს კუჭს ესეც არ ადგებოდა, ამიტომ გაბრაზებულმა მთავრობის სახლთან მიტინგი გავმართე მოთხოვნით: `გამიკეთეთ კუჭის ოპერაცია!"

ერთი საათიც არ იყო გასული, რომ ძალოვანი უწყების თანამშრომელი მოვიდა და მიუხედავად ჩემი საცოდავი მზერისა, თავში ხელჯოხი ჩამცხო. თან მირტყამდა, თან თავს იმართლებდა:

- რა ვქნა, ძმაო, ზევიდან დამავალეს და პრემიასაც შემპირდნენ, თორემ ისე, ძალიან მეცოდები... - შემდეგ ხელი მომკიდა და მოდულის შენობისკენ წამიყვანა.

იზოლატორშიც კეთილი კაცები იყვნენ - თან მაწამებდნენ, თან მეუბნებოდნენ, რუსეთის აგენტობა მეღიარებინა, თანაც ბუტბუტებდნენ:

- რა ვქნათ, ძმაო, კი ვიცით, რუსეთის აგენტი კი არა, სიტყვა `აგენტის" მნიშვნელობაც არ იცი,  მაგრამ 4.000-ლარიან სამსახურს და 4.000-ლარიან პრემიას ვერ დავკარგავთ.

ყველაფერი ვაღიარე, მოსამართლემ ჩემი რუსეთის აგენტობა დაამტკიცა, თან დაამატა:

- რა ვქნა, ძმაო, პროკურორის ისე მეშინია, რომ მიბრძანოს, მეც დავიბრალებ აგენტობას...

ასე და ამგვარად, ამ კეთილმა ადამიანებმა ციხეში ჩამსვეს მხოლოდ იმიტომ, რომ კუჭი მტკიოდა.

ერთ დღეს საკანში ვიღაც კაცი შემოვიდა, პრეზიდენტმა შეგიწყალაო, მითხრა, მერე ხელი მომკიდა და საავადმყოფოში წამიყვანა. საოპერაციოდ მომამზადეს და მალე კუჭის ოპერაციაც გამიკეთეს. ნარკოზიდან ჯერ კიდევ არ ვიყავი გამოსული, რომ ვიღაცის ხმა ჩამესმა:

- რა ვქნათ, ძმაო, რაც იყო, იყო, ახლა შენ ადგები და ყველას მოუყვები, რა კეთილია მთავრობა და პრეზიდენტი - არჩევნები მოდის და ერთ ას ხმას შენგანაც ველოდებით. არჩევნების დღესაც გამოგვადგები. ახლა კი, მიწების გაყიდვის განყოფილებას ჩაგაბარებთ მერიაში.

მოკლედ, ჩემი ამბავი, ძვირფასო მკითხველო, კეთილი ადამიანების წყალობით მშვენივრად დამთავრდა. ახლა მერიაში ვზივარ და თბილისის მიწებს აუქციონზე ვყიდი. დღეს ვიღაც გაბრაზებული კაცი შემოვარდა, მთავრობამ მიწა უკანონოდ ჩამომართვა, ნაციონალების კაცს მარკეტის აშენება უნდა იქო, ტიროდა. ძალიან შემეცოდა, ვიცოდი, მართალი იყო, მაგრამ რა მექნა და ასეც ვუპასუხე:

- რა ვქნა, ძმაო, ძალიან მეცოდები, მაგრამ ოჯახი მყავს, თან კუჭი ჯერ მთლად არც მომშუშებია.

დაღონებული წავიდა ის კაცი. არა უშავს, იწვალოს ჩემსავით, მით უმეტეს, ახლახან გავიგე, კეთილმოწყობის სამსახურში ვაკანსია გაჩენილა.