ჯარიმა და ფილტვები - კვირის პალიტრა

ჯარიმა და ფილტვები

განცხადება

"თბილისის მოქალაქენო, მინდა გახაროთ, რომ გამოვიგონე სპორტის ახალი სახეობა. წინადადება მაქვს, ოლიმპიურ სახეობათა ჩამონათვალში შევიტანოთ. მაშ, ასე, შევკრებ მოქალაქეებს, დავაყენებ მიწისქვეშა გადასასვლელის ერთ მხარეს და ვინც გადავა მეორე მხარეს ისე, რომ გული არ აერევა, ფულადი პრიზებით დავაჯილდოებ."

- როგორი განცხადებაა? როგორი იდეაა? - არსში გაურკვეველ მოსახლეობას მინდა ავუხსნა, როდის და რატომ მომივიდა ეს იდეა.

გაზაფხულის მშვენიერი საღამო იყო, ყვითელ ავტობუსში ვიჯექი. ბილეთი ავიღე და კონტროლიორს სიამაყით გავუწოდე. საერთოდ, კანონმორჩილი მოქალაქე ვარ და ამ ქვეყნის არც ერთ წვრილმან თუ მსხვილმან კანონს არ ვარღვევ, ჰოდა, ახლაც, სიამაყით აღსავსე (უბილეთო რომ არ ვიყავი) ქალაქის ცენტრში ჩამოვედი. თბილისის ქუჩებში გასეირნება მომინდა, ერთ-ერთ მიწისქვეშა გადასასვლელს მივადექი და ის-ის იყო, უნდა ჩავსულიყავი, რომ...

აქა ამბავი იმისა, თუ რა დამემართა მიწისქვეშა გადასასვლელში ჩასულს (პროზად)

ჰაერის შემადგენლობა ელვის უსწრაფესად შეიცვალა, ქიმიური ელემენტი Q2 (ჟანგბადი) რაღაც უცნაურმა, მენდელეევისთვისაც უცნობმა აირმა შეცვალა, შემდეგ ეს უცნობი აირი ჩემს ნესტოებს ეძგერა, სასუნთქი არხები გაანგრია და ფილტვებისკენ ნაპოლეონის აუსტერლიცთან შესრულებული მანევრივით სწრაფად გაიჭრა. არ შევეპუე, გზა განვაგრძე მიწისქვეშა გადასასვლელის სიღრმისკენ. სიბინძურე იყო ყველაგან, შარდი მისხმოდა კედლებს, ნაგავი ეყარა წინ მივიწევდი და აი, თითქოს შუაგულს მივატანე, თუმცა მეტი აღარ შემეძლო, ცოტაც და, წავიქცეოდი, შინაგანმა ორგანოებმაც მიმტყუნა და გული ამერია. "დავმარცხდი მიწისქვეშა გადასასვლელთან ბრძოლაში," - გავიფიქრე და ძლივს ამოვლასლასდი ზემოთ. ო, რა ბედნიერი ვიყავი! თვალები ცრემლით მქონდა სავსე, თუმცა ეს უკვე სიხარულის ცრემლი იყო - მიხაროდა, რომ ჟანგბადს ვსუნთქავდი, ნამდვილ ჟანგბადს!!!

თხრობა გრძელდება ჩვეულებრივი სტილით

ამოვედი თუ არა მიწისქვეშა გადასასვლელიდან, ცხადია, ქუჩის გადაჭრა ვცადე. გვერდით პატრული ამომიდგა, მეორე მხარეს გადასვლაში დამეხმარა, მერე ქვითარი ამოიღო და ჯარიმის გამოწერას შეუდგა.

- რას შვრებით, ბატონო? - ვეცი ხელში.

- რას ვშვრები და, ჯარიმას გიწერ, თქვენ მიწისქვეშა გადასასვლელით უნდა გესარგებლათ.

- ვისარგებლე, ჩემო ბატონო, მაგრამ ვერ შევძელი, - ავუხსენი გაბრაზებულმა.

- კარგი, რა, თქვენ ხართ უწესრიგო ადამიანი!  - მითხრა სამართალდამცავმა და მიუხედავად ჩემი მუდარისა, ჯარიმის გამოწერას შეუდგა.

უცებ ბრწყინვალე აზრმა გამიელვა, სამართალდამცავს ნიშნის მოგებით შევხედე და ვუთხარი:

- ბატონო სამართალდამცველო, ჩემი პასპორტი ხომ გინდათ, ისე ჯარიმას ვერ გამომიწერთ, ხომ ასეა?

- დიახ, - დამეთანხმა გაკვირვებული პატრული.

- ჰოდა, ქუჩის მეორე მხარეს ჩემი ცოლი დგას (ცხადია, მოვატყუე), პასპორტი მის ჩანთაშია, წამოდი, გადავიდეთ და იქ გამომიწერეთ ჯარიმა.

- კარგი, - დამეთანხმა პატრული და მიწისქვეშა გადასასვლელს მივადექით.

აქა ამბავი, თუ რა დაემართა პატრულს (პროზად)

ჯერ ნესტოები დაებერა, მერე, ეტყობა, წნევამ აუწია და ქუდმა მოუჭირა, თვალებიდან - ცრემლი, ხოლო ცხვირიდან წყალი წამოუვიდა, სუნთქვა გაუძნელდა, შუაგულს რომ მივუახლოვდით, ოდნავ დაბარბაცდა, მერე ხელი მომკიდა და მითხრა:

- იცოდე, თუ რამე დამემართა, ჩემს ცოლ-შვილს უთხარი, რომ ძალიან მიყვარს...

- ნუ გეშინია, - დავამშვიდე მე და ხელით გავუნიავე. ოდნავ გონს რომ მოვიდა, ორივემ ძალა მოვიკრიბეთ და მეორე მხარეს გადავედით.

თხრობა გრძელდება ჩვეულებრივი სტილით

- მესმის თქვენი, მაგრამ კანონი კანონია, -  მითხრა სამართალდამცველმა, ცრემლი მოიწმინდა და ჯარიმა გამომიწერა.

არაფერი მითქვამს, უბრალოდ, თვალი გავაყოლე ამ კანონმორჩილ ადამიანს -  ქუჩის მეორე მხარეს გადადიოდა, თან ხელში თავისი პასპორტი ეჭირა. დავინტერესდი, მივუახლოვდი და გავოცდი - თავის თავს უწერდა ჯარიმას.