ცხოვრებისეული კურიოზი - კვირის პალიტრა

ცხოვრებისეული კურიოზი

ეს ამბავი ჩემმა მეზობელმა მიამბო, ერთ-ერთი ოფისის კრეატიული ჯგუფის წევრმა: "ხშირად ვსხედვართ და ამა თუ იმ სლოგანისა თუ სარეკლამო კლიპების სცენარებს ვიგონებთ. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ხალხი ვართ, ხანდახან მაინც ვმაიმუნობთ ხოლმე. ჯგუფში გვყავს ძალიან მხიარული და ნიჭიერი ბიჭი ლადო, ძირითადად, ის გვამხიარულებს. ამას წინათ ოთახში შევედით და რას ვხედავთ: ლადო ელექტროგამათბობელს სადენით დააგორებს და ძაღლივით ეფერება. ამაზე ბევრი ვიცინეთ, "ძაღლს" სახელებიც კი მოვუფიქრეთ...

როგორც იქნა, ჩაცხრა მხიარულება და საქმეს შევუდექით, ლადო კი თავისი ძაღლით ბუღალტერიაში წავიდა გოგონების გასამხიარულებლად. ერთი საათის შემდეგ ოთახში უცხო ბიჭი შემოვიდა და გამოგვიცხადა, თქვენი ახალი თანამშრომელი ვარო. ჩვენ მივესალმეთ და ფიქრი განვაგრძეთ. ახალმოსული ცარიელ სკამზე დაჯდა, დაფაზე ჩამოწერილ თემებს გადახედა და მუშაობაში ჩაერთო. აქ მოხდა მეტად უცნაური რამ. ოთახში ლადო შემოვიდა, რა თქმა უნდა, თავისი "ცუგათი", თან ეჩხუბებოდა, ეს რა ქენი, რატომ შემარცხვინეო. ახალმოსულმა ჯერ კი გაიცინა, მაგრამ ჩვენს სერიოზულ სახეებს რომ შეხედა, ცოტათი შეცბა. აქ არ შემოიყვანოო, უყვირა ერთმა თანამშრომელმა ლადოს; ლადომაც - რას ერჩი, ნახე, რა ლამაზი და უწყინარი ძაღლიაო. ამის თქმა იყო და, ჩვენს ახალ თანამშრომელს ჯერ ფერი დაეკარგა, მერე კი გული წაუვიდა. მივცვივდით, ძლივს მოვასულიერეთ კაცი. ცოტა ხანში კი გავარკვიეთ, თურმე ნევროზი ჰქონია, რაღაცები ელანდებოდა და ლადოს "ძაღლი" რომ დაუნახავს, უფიქრია, მართლა ძაღლია და მე გამათბობელი მგონიაო."

გიორგი ბ-ძე. თბილისი.